Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს ორი წლის მანძილზე კონგრესთან აქტიური მუშაობა ელის


გლობალური კონფლიქტების გამძაფრების პარალელურად, ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსები პრეზიდენტ ობამას ადანაშაულებენ.

სენატორი ბობ კორკერი:

„ვერ ვხვდები რა გეგმით აპირებს ადმინისტრაცია ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებას სირიაში, წარმოდგენა არ მაქვს.

ანალოგიურად კრიტიკულია სენატორი ჯონ მაკეინი:

პრეზიდენტ ბარაკ ობამას რუსეთის პრეზიდენტის არ ესმის. მას არაფერი გაეგება ვლადიმირ პუტინის ამბიციების შესახებ, ვერც იმას აცნობიერებს, რომ პუტინი სუკის პოლკოვნიკია, რომელიც რუსეთის იმპერიის ადგენას ცდილობს.

იანვრიდან, ბობ კორკერი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს ჩაუდგება სათავეში, ჯონ მაკეინი კი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს უხელმძღვანელებს.

ანალიტიკოსი სტუარტ როტენბერგი აცხადებს:

“სენატორი ჯონ მაკეინი ფორმალურ, ზედაპირულ კრიტიკას იშვიათად მიმართავს. ის ძალიან დარწმუნებულია რა უნდა გაკეთდეს და ისიც იცის, რომ პრეზიდენტი ამას არ აკეთებს.”

როტენბერგის თქმით, რესპუბლიკური უმრავლესობით დაკომპლექტებული კონგრესი გარკვეულწილად გავლენას მოახდენს ობამას საგარეო პოლიტიკის შემუშავებაზე.

„მათ პრეზიდენტის ქმედების შეზღუდვა არა მხოლოდ საშინაო ხარჯების ნაწილში, არამედ საერთაშორისო ხარჯვის კუთხითაც შეუძლიათ, ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა, ეროვნული უსაფრთხოება, შეიარაღებული ძალები და ამის მსგავსი. პრეზიდენტს ტრადიციულად, ამ მიმართულებით მოქმედების საკმაო თავისუფლება აქვს.“

პოლიტოლოგი უილიამ ჰოუელი ამბობს, რომ ბარაკ ობამა უმაღლესი მხედართმთავარი კიდევ ორი წელი იქნება, თუმცა რესპუბლიკელების მართული კონგრესის კომიტეტები, პრეზიდენტის მოქმედებებს გამადიდებელი შუშის ქვეშ დააკვირდებიან.

„პოლიტიკური კუთხით, კონგრესის რესპუბლიკელებს ძლიერი სტიმული აქვთ რომ ხაზი გაუსვან იმას, რასაც მათი აზრით პრეზიდენტი ვერ ახერხებს საგარეო პოლიტიკაში. რესპუბლიკელ კონგრესმენებს მომავალი დისკუსიის პირობების წამოყენება შეუძლიათ. მათ ასევე შეუძლიათ გამოძიებები აწარმოონ.“

სენატორმა მაკეინმა, თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ელისა სლოტკინს, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების თემაზე ცხარე კამათისას სწორედ ასეთი გამოძიება განაცდევინა.

„გეკითხებით, სტრატეგია როგორია.“

ელისა სლოტკინმა უპასუხა:

„ჩვენი სტრატეგია ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაა...“

მაკეინი შეეპასუხა:

„ეს მიზანია და არა სტრატეგია. მე მსურს ვიცოდე როგორი სტრატეგია გაქვთ.“

სინამდვილეში, პრეზიდენტ ობამა, საკუთარი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კანონმდებლების კრიტიკისგანაც არ არის დაცული. სენატორი რობერტ მენენდეზი ირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

„ამჯერად ჩვენ ზუსტად ირანელების გეგმის მიხედვით ვთამაშობთ.“

ამერიკის ყოფილი ელჩი თომას პიკერინგი ამბობს

„ამერიკის კონგრესი ღრმად პოლარიზებულია.“

ძველი დიპლომატი თომას პიკერინგი, კომიტეტის მომავალ რესპუბლიკელ თავმჯდომარეს იცნობს და პესიმისტურად არ არის განწყობილი.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ სენატორმა მაკეინმაც და სენატორმა კორკერმაც ეროვნული ინტერესების მიმართ სერიოზული პასუხისმგებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოხატეს.“

საგარეო პოლიტიკის თემაზე ჭიდილი შესაძლოა იანვარში, ახალი კონგრესის შეკრებისთანავე დაიწყოს. კორკერი ამბობს, რომ ბირთვული მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში, კანონმდებლები მზად არიან ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციები გაამკაცრონ.

XS
SM
MD
LG