Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმელების ნაწილი ქალაქის ისტორიული უბნების შენარჩუნებას ითხოვს


ბათუმი
ბათუმი

ბათუმის ძველ უბანში, მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში მდებარე ორსართულიანი ისტორიული სახლის ახალი კორპუსით ჩანაცვლების საკითხი დადებითად გადაწყვიტა ზონალურმა საბჭომ და პროექტი ისევ ქალაქის მერიას დაუბრუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშენებლო პროექტმა პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, მეორე ეტაპზე კი, ვიდრე ქალაქის მერია მშენებლობაზე ნებართვას გასცემს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულმა ზონალურმა საბჭომ უნდა განიხილოს ქალაქის ისტორიულ უბანში ძველი სახლის ხუთსართულიანი კორპუსით ჩანაცვლების პროექტი და ხმათა უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ.

ზონალური საბჭოს 12 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე პროექტის პირველ ეტაპზე განხილვისას კულტურული მემკვიდრეობის დამცველი ორგანიზაცია „ბათომის“ აქტივისტებმა პროტესტი გამოხატეს და საბჭოს წევრებს მოუწოდეს საინვესტიციო წინადადებისთვის მხარი არ დაეჭირათ:

“...სახელმწიფო ანადგურებს! ხელს მოაწერთ და თანხმობას მისცემთ, ეჭვი არ გვეპარება. ეს არ არის პოზიცია, ეს არის დანაშაული და არ შეიძლება ამაზე ხელის მოწერა“, - განაცხადა შოთა გუჯაბიძემ, ორგანიზაცია „ბათომის“ წევრმა, რომლის აზრითაც, თანხმობის მიმცემი საბჭო დანაშაულს სჩადის:

“იმიტომ რომ ეს არის ბათუმის ისტორიული განაშენიანება და მას იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და მისი დანგრევა არ შეიძლება, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენს საფრთხეს და მისი შენარჩუნება შეუძლებელია. მისი დანგრევის შემთხვევაში კი უნდა აშენდეს იგივე მასშტაბისა და მოცულობის, იგივე მასალითაც კი. ეს არ არის გათვალისწინებული ამ შემთხვევაში - ანგრევენ ორ თუ სამ სახლს, აქედან ორი შენობა გასული საუკუნის 50-იანი წლებისაა და ერთი გაცილებით ძველია, მე-19 საუკუნეშია აშენებული და არის ამ ეპოქის ისტორიული განაშენიანების თანადროული“.

ბათუმი
ბათუმი

გასული საუკუნისდროინდელი ერთ-ერთი ისტორიის ფრაგმენტი მაზნიაშვილის 27 ნომერში მდებარე სახლის ბარელიეფზეა ამოკვეთილი, საიდანაც ვიგებთ, რომ ამ შენობასთან 1905 წელს მშრომელთა შეიარაღებული რაზმების ბარიკადები ყოფილა აღმართული, საიდანაც წინააღმდეგობა გაუწევიათ მეფის რუსეთის ჯარებისთვის. ამ სახლს ძეგლის სტატუსი არ იცავს, თუმცა ის არის ფონური შენობა და ბათუმის ისტორიული განაშენიანების ნაწილი. სწორედ ამიტომ, მის ჩანაცვლებას ხუთსართულიანი სახლით მხარი არ დაუჭირა ზონალური საბჭოს ორმა წევრმა, რომლებიც, ამავე დროს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები არიან. მათ შორისაა ლაშა ასლანიშვილი, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

“არსებულ განაშენიანებას უნდა მიჰქცეოდა ყურადღება. სიმაღლესთან დაკავშირებით მე მქონდა ჩემი შეხედულება, იმიტომ რომ, ზოგადად, დისონანსის შეტანის მომხრე არ ვარ. მით უფრო ხუთსართულიანის. შესაძლებელია გვეფიქრა სამ სართულზე, რომელიც ასეთი კონტრასტული არ იქნებოდა ძველ ბათუმში“.

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის 27-ში, ისტორიული სახლის ნაცვლად ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას კომპანია „პროგრეს სითი“ ითხოვს. სამშენებლო კომპანია ცხრა თვის წინ დარეგისტრირდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ბიწაძეა, რომელმაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას პარტია „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი შესწირა.

ბათუმი
ბათუმი

მისცემს თუ არა თანხმობას ამ კომპანიის სამშენებლო პროექტის განხორციელებას ქალაქის ისტორიულ უბანში ზონალური საბჭო, მომავალ სხდომაზე გადაწყდება.

ორგანიზაცია „ბათომის“ წევრები პროექტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ. პარალელურად, მათ ოფიციალური წერილი გაავრცელეს, რომლითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს. წერილში ნათქვამია:

„კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილებები საფუძველს იძლევა, რომ არაკომპეტენტურობასთან, საზოგადოების ღირებულებებისა და ინტერესების ფეხქვეშ გათელვასა და სრულ იგნორირებასთან ერთად, ვიფიქროთ, რომ სერიოზულ კორუფციულ პრაქტიკასთან გვაქვს საქმე“.

“უკვე მეტისმეტია, რაც ხდება და ჩვენ როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი. იმიტომ მივმართეთ მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი, ვიდრე დამტკიცდება ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრები და ამოქმედდება ის კანონმდებლობა, რაც მას უნდა იცავდეს“, - ამბობს ნინო ინაიშვილი, არქეოლოგი, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი.

ქალაქის ძველი უბნების დამცველები ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცებამდე მოითხოვდნენ აგრეთვე მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას ქალაქის ისტორიულ ნაწილში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, განაცხადა, რომ მშენებლობებს ვერ შეაჩერებს და გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ:

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იერსახე არ დაეკარგოს ბათუმს. ჩვენ გვჭირდება ქალაქის სწორი განვითარება. რა თქმა უნდა, მთელ ბათუმს ვერ გამოვაცხადებთ სტერილურ ზონად და ვერ დავაკონსერვებთ მთელ ქალაქს. უნდა მიმდინარეობდეს და უნდა გაგრძელდეს მშენებლობები, მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად ისეთი პროექტები, რომელიც მისაღები იქნება ქალაქისთვის და მოსახლეობისთვის“.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა და ქალაქის დამცველებმა ბათუმის იერსახის ცვლილების გამო პროტესტი გამოფენითაც გამოხატეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ევროპის მოედანზე მათ ფოტოები გამოფინეს, სადაც ბათუმის ძველი და ახალი არქიტექტურის შედარებითი ფოტოკოლაჟი იყო წარმოდგენილი. იგი ასახავდა ბოლო 25 წლის მანძილზე ბათუმში განადგურებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ისტორიულ სახლებს, მათ ნაცვლად აშენებულ მრავალსართულიან შენობებს. აქციის ორგანიზატორებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ფოტოექსპონატების აღება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმით დაემუქრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG