Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება


სამშენებლო მოედანი
სამშენებლო მოედანი

კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“ ბათუმში, რუსთაველის 42 ნომერში, დელფინარიუმის წინ, რვასართულიანი კომპლექსის აშენებას აპირებს. 54-სართულიან შენობაში პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მარიოტის“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტების განთავსება იგეგმება. ბათუმის ბულვარის მიმდებარედ უკვე შემოღობილია ტერიტორია, სადაც მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, როგორც კომპანიის იურისტი გოჩა კამკია აცხადებს, ეს არ არის სამშენებლო სამუშაოები, კომპანია ამ დროისთვის სწავლობს სანაპიროზე ნიადაგის მდგრადობას, რისთვისაც გეოლოგიურ კვლევებს ატარებს, რადგანაც ბათუმის ზღვის სანაპიროსთან დაგეგმილი მშენებლობა მეოთხე კატეგორიისაა:

გადმოწერა

„დღეის მდგომარეობით, ქალაქ ბათუმის მერიიდან მიღებული არის თანხმობა მიწის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არქიტექტურული პროექტის ბათუმის მერიასთან შეთანხმებისთვის და სამშენებლო ნებართვის მისაღებად აუცილებელია გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება ობიექტზე და შემდეგ ამ გეოლოგიური დასკვნის ექსპერტიზა, ვინაიდან შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მეოთხე კლასის მიკუთვნებულ ობიექტს“.

პროექტი
პროექტი

გეოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანია არქიტექტურულ პროექტს შეიმუშავებს და მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით მიმართავს ქალაქის მერიას, თუმცა მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორი იქნება 54- სართულიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი ბათუმის ბულვართან, ზღვის სანაპიროზე. სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ეს არ არის პროექტის საბოლოო ვერსია და, შესაძლოა, მასში ცვლილებები შევიდეს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქალაქის მერიას მშენებლობის ნებართვა არ გაუცია და ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ გეოლოგიური შესწავლისა და დასკვნის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები ხორციელდება. ბათუმის მერიას სამშენებლო კომპანიისთვის დადგენილი აქვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები“.

დაწყებულია პროექტის შეთავაზება და, შესაბამისად, შეთავაზების ფარგლებში ჩვენ ვღებულობთ ჯავშნებს მათგან, ვინც დაინტერესებულია ამ საპროექტო პროცესით...
გოჩა კამკია

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ნებართვა ჯერ არაა გაცემული, უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარზე რუსთაველის 42 ნომერში მრავალსართულიან კომპლექსში აპარტამენტების შეძენას მაინც გვთავაზობენ. როგორც ორმა სხვადასხვა წყარომ პირად საუბარში გვითხრა, სურვილის შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართის შეძენა უკვე შესაძლებელია, ერთი კვ/მ-ის ფასი კი 1200 აშშ დოლარიდან იწყება და 2000 დოლარს აღწევს. მათივე ინფორმაციით, ბინების ნაწილი გაყიდულია, ხოლო ფასი, სართულებისა და ხედის მიხედვით, სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ზღვის მხარეს საცხოვრისი უფრო ძვირია, ვიდრე ცენტრალური პარკის ხედით, თუმცა, როგორც კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ იურისტი გოჩა კამკია აცხადებს, სამშენებლო ნებართვის მიღებამდე საცხოვრებელი ფართები კი არ იყიდება, არამედ იჯავშნება:

„დაწყებულია პროექტის შეთავაზება და, შესაბამისად, შეთავაზების ფარგლებში ჩვენ ვღებულობთ ჯავშნებს მათგან, ვინც დაინტერესებულია ამ საპროექტო პროცესით. და მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ, რა თქმა უნდა, განხორციელდება უძრავი ქონების გასხვისება“.

ჩემი დაკვირვებით, სახეზეა აშკარა კორუფციული გარიგება. აჭარის მთავრობა, რა ხანია, არის თავით ჩაფლული კორუფციაში და უპირველესად ეს უკავშირდება დეველოპერებთან მის ურთიერთობას ბათუმში, რომელიც ასე მსუყე ლუკმაა ყველასთვის. აღვირახსნილი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს...
არმაზ ახვლედიანი

კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ბათუმის ბულვართან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

იქ, სადაც სამშენებლო კომპანია მიწის ნაკვეთს ფლობს, დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტა „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელმა არმაზ ახვლედიანმა, რომელმაც აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია კორუფციაში დაადანაშაულა და პროკურატურას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა:

„ჩემი დაკვირვებით, სახეზეა აშკარა კორუფციული გარიგება. აჭარის მთავრობა, რა ხანია, არის თავით ჩაფლული კორუფციაში და უპირველესად ეს უკავშირდება დეველოპერებთან მის ურთიერთობას ბათუმში, რომელიც ასე მსუყე ლუკმაა ყველასთვის. აღვირახსნილი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც არის საერთო სახალხო საკუთრება, ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი ამ ტიპის მშენებლობა, ჩემი აზრით, არის დანაშაული. დამნაშავეა ნებართვის გამცემი, ვინც მიყიდა ეს ტერიტორია“.

ბათუმში, შოთა რუსთაველის 42-სა და ნინოშვილის 39 ნომერში მდებარე 3263 კვ/მ ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს გარკვეული პირობებით გაყიდა. მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს ადგილი ბათუმის ბულვარს არ ეკუთვნის. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს, რომ ამ ტერიტორიაზე 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და დასაქმდება ასეულობით ადგილობრივი მოქალაქე:

„გულისხმობს ახალ სამუშაო ადგილებს და, რაც მთავარია, შემდგომში, როცა ეს იქნება სასტუმრო, მისი არსებობის განმავლობაში ქალაქი მიიღებს სარგებელს. ეს არის ქონების გადასახადი. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი შემოსავალია ბათუმისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქ დასაქმდებიან ფიზიკური პირები, რომლების ხელფასიც დაიბეგრება და ესეც იქნება მნიშვნელოვანი წყარო ბიუჯეტის შემოსავლისთვის“.

ბათუმის საკრებულომ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის ბულვართან, დელფინარიუმის წინ მდებარე ტერიტორიები გასხვისების პირობით 2016 და 2017 წელს გადასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG