Accessibility links

ბათუმის ახლად არჩეულ მერს, ლაშა კომახიძეს, ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ქალაქის გასაღები სიმბოლურად გადასცა და წარმატება უსურვა.

გიორგი ერმაკოვმა თავისი სამწლიანი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობა მისთვის რთული აღმოჩნდა, რადგან პირველი არჩეული მერი იყო, რომელსაც გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა. მან ილაპარაკა, ასევე, მიღწეულ შედეგებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეძლო შეესრულებინა მთავარი დაპირება, რაც ქალაქის თანაბარ განვითარებას გულისხმობდა. გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ მისი მერობის დროს გარეუბნებში ქუჩების სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული პროექტების 90 პროცენტი განხორციელდა:

„რა მდგომარეობა გვქონდა ბარცხანაში? რა მდგომარეობა გვქონდა „გოროდოკში“, ბონში, თამარის დასახლებაში? ამას ემატება შემოერთებული ტერიტორიები - დიდი ტერიტორიები, რომელიც ქალაქს ახლახან შემოუერთდა. რა ვითარება გვქონდა ამ უბნებში წყლის მომარაგების თვალსაზრისით? ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებით საკომუნიკაციო, რასაც ქალაქის მოსახლეობა ვერ ხედავს და რომელიც გულისხმობდა წყლის, საკანალიზაციო სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას. რატომ არ იყო წელს წყალდიდობა ბათუმში? იმიტომ, რომ ჩვენ უკეთესად ვიმუშავეთ, ვიდრე წინა წლებში“.

ჩემი აზრით, ქალაქი არქიტექტურულად არათანასწორად და არათანაბარზომიერადაა განვითარებული. არ ითვალისწინებენ იმას, რომ ჰაერს უკეტავენ ადამიანებს, ფანჯრებს უხშობენ, სივრცეს ავიწროებენ...

გიორგი ერმაკოვს უფლებამოსილება 11 ნოემბერს ამოეწურა. ოპონენტები მას უხსენებენ ერთ-ერთი მთავარი დაპირების - ქალაქის განვითარების დოკუმენტის, გენერალური გეგმის, შემუშავების - შეუსრულებლობას. სწორედ ამ დოკუმენტის არარსებობამ შექმნა ქალაქში სამშენებლო კოლაფსი და ურბანული კატასტროფა გამოიწვია. ასეთ შეფასებას აძლევს სპეციალისტების ნაწილი ბათუმში მიმდინარე მშენებლობებს. ბათუმის გენერალური გეგმის დამტკიცების პირობას დებს ახლად არჩეული მერი, ლაშა კომახიძეც. იგი მოვალეობის აღსრულებას დღეიდან შეუდგა. მისი თქმით, ქალაქის განვითარების დოკუმენტის ტექნიკური სამუშაოები უკვე ჩატარებულია და თანხა მომავალი წლის ბიუჯეტშიცაა გათვლილი:

„ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ბათუმის ფუნქციური პროფილის განსაზღვრა. ეს დღეს არ არის და აუცილებლად გასაკეთებელია. ანუ უნდა განვსაზღვროთ ის მიმართულებები, სადაც ბათუმს აქვს შედარებითი უპირატესობა. ვფიქრობ, რომ ძირითადი მიმართულება ეს არის ტურიზმი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი, რადგან ქალაქი მონოფუნქციით განწირულია დაღუპვისათვის. ახალ ფუნქციებში მე ვხედავ მსუბუქი მრეწველობის განვითარების შესაძლებლობებს, აგრეთვე ბიზნესის სხვადასხვა დარგების, როგორიც არის საფეიქრო მრეწველობა, სატრანსპორტო გადაზიდვები და ვფიქრობ, რომ ამ დარგებში არის გასაღები ბათუმისთვის ახალი ფუნქციების შემატებისა“.

ახალი შენობები ბათუმში
ახალი შენობები ბათუმში

ბათუმის ახალი მერი ამბობს, რომ მას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს და ამისთვის პროფესიონალები სჭირდება. საკადრო ცვლილებებს მერიაში ის სწორედ თანამშრომელთა კვალიფიკაციის მიხედვით განახორციელებს.

ძველი და ახალი დაპირებების შესახებ ბათუმის უკვე ყოფილმა და ამჟამინდელმა მერმა საზეიმო ღონისძიებაზე ისაუბრეს, სადაც გიორგი ერმაკოვმა ახლად არჩეულ მერს სიმბოლურად ქალაქის გასაღები გადასცა. ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლიმატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, ჟურნალისტები და მოქაალქეების ნაწილი. ოფიციალურ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არ აღმოჩდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ისინი, ვინც აქტიურად მუშაობს თითმმართველობის საკითხებზე. არც ის მოქალაქეები ჩანდნენ, რომლებიც განვლილი სამი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული შენობების გადასარჩენად ერთიანდებოდნენ და საპროტესტო მოძრაობებს ქმნიდნენ. ასეთები იყვნენ: ბათუმის ბულვარის, კაფე „ფანტაზიისა“ და ძველი ბათუმის დამცველები.

როგორ აფასებენ ბათუმელები ყოფილი მერის მუშაობას და რა მოლოდინები აქვთ ახლის არჩევის შემდეგ?

„ვყოფილვარ გარეუბანში და დაეტყო. იქ ვერ გახვიდოდი. საშინელება იყო. ახლა ფილები დაიგო, გაყვანილობა გაკეთდა და ძალიან კმაყოფილია ბევრი. რა თმქა უნდა, ყველაფერი ერთად არ კეთდება, მაგრამ მცდელობა იყო და ბევრი რამ გაკეთდა...“

„ჩემი აზრით, ქალაქი არქიტექტურულად არათანასწორად და არათანაბარზომიერადაა განვითარებული. არ ითვალისწინებენ იმას, რომ ჰაერს უკეტავენ ადამიანებს, ფანჯრებს უხშობენ, სივრცეს ავიწროებენ..“

„ბათუმში ბევრია ლამაზი პატარა სახლები - ბელეტაჟები - და უნდა გააკეთონ. ძველი ბათუმი ძველი ბათუმია! ახალს რომ აკეთებენ, ტურისტები რომ ჩამოდიან, ხომ არ დადიან იმ ახალში? დადიან აქ, ძველ ბათუმში. არ შეიძლება გაალამაზონ? რა თქმა უნდა, შეიძლება, -პროგრამა უნდა იყოს მაგისთვის, ახლა ათასი ტექნოლოგია არსებობს, - მაგრამ არავინ არ უყურებს, არაფერი არაა გაკეთებული ამ ბოლო დროს და მე გული მტკივა“.

„არ გაკეთდა არაფერი. გრძელდება იგივე ტენდენცია და ახლა ჯერი დადგა ძველი ბათუმის უბნების, რაც დაუშვებელია. მე ის აღარ მაინტერესებს, რა იყო. რა იქნება, ის მაინტერესებს. ნუთუ არ გაიღვიძებს საღი აზრი, რომ ქალაქს რაღაც უბანი მაინც დარჩეს ისტორიულ ნაწილად?! ნუთუ სადმე წერტილი ამ ნგრევას არ დაესმება?!“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG