Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ცვლილებებს მოითხოვენ. მათი მოთხოვნა იმ საგანგაშო სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევას 70-მდე ბავშვი ემსხვერპლა და 2 500-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ინიციატივით, თბილისში, 53-ე საჯარო სკოლის წინ, სკოლის მოსწავლეების ჩართულობით აქცია გაიმართა.

„ნუ სარგებლობ ბავშვის საგზაო წესების არცოდნით“ - პლაკატი ამ სლოგანით მეცხრე კლასის მოსწავლეს, თემო ჩიბარაშვილს, უჭირავს. კლასელებსა და სკოლელებთან ერთად ის იმ აქციაში მონაწილეობს, რომელიც ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებას ეხება. „ნუ იქნები საკუთარი შვილის მიმართ გულგრილი“, „არსებული კანონი კლავს მომავალს“ - მოზარდები ამ სლოგანებით მოუწოდებენ საზოგადოებას, პასუხისმგებელ სტრუქტურებს, შეიცვალოს დღეს არსებული კანონმდებლობა, რათა მინიმუმამდე დავიდეს ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაზარალებული ბავშვების რაოდენობა:

„ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ არ უნდა გადავსულიყავი წითელზე. გზაზე გადასვლის დროს ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის და, ზოგადად, მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ წესების დაცვა, რადგან ნებისმიერი ბავშვის და ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

დამნაშავეები ვართ ჩვენ, ზრდასრული ადამიანები, რომლებიც არ ვიყენებთ ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეცსავარძლებს, და ადამიანები, რომლებსაც გადაგვყავს ბავშვები შუა გზაზე ინტენსიურ საგზაო მოძრაობაში. გარდა ამისა, ბავშვები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას ვერც ბაღისა და ვერც სკოლის პერიოდში....
დავით მესხიშვილი

მოსწავლეების გვერდით დგანან მშობლებიც. მათ გვერდითაა ეკა გიორგაძე. მისი შვილი 53-ე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა. ეკა ამბობს, რომ ის შუქნიშანი, რომელიც სკოლის გადასასვლელთან ფუნქციონირებს, ხშირად „უხილავია“ მძღოლებისათვის, რაც, მისი თქმით, არაერთხელ გამხდარა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი:

„მეც, პირადად, რამდენიმე ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე გავაგზავნე წერილი, რადგან ძალიან ხშირად ხდება შემთხვევები, როცა არავინ არ აჩერებს წითელზე. განსაკუთრებით სამარშრუტო ტაქსის მძღოლები არ აჩერებენ. ამის გამო ხან ბავშვს დაეჯახა მანქანა, ხან მასწავლებელს“.

თუმცა უნდა ითქვას, რომ აქცია, რომელიც 53-ე საჯარო სკოლის წინ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის მიერ დაიგეგმა, მხოლოდ ქვეითად მოსიარულე ბავშვებსა და მძღოლებს არ ეხებათ. საქმე უფრო შორს მიდის. არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი რიგი რეკომენდაციები აქვთ სხვადასხვა პასუხისმგებელი სტრუქტურის მიმართ და, გარდა ამისა, ისინი კანონმდებლობაში კონკრეტული პუნქტების დამატებას მოითხოვენ. მათი რეკომენდაციების საფუძველს კი წარმოადგენს ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას მოიცავს და რომელსაც 70-მდე ბავშვის სიცოცხლე შეეწირა და 2 500-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო სხეულის სხადასხვა სიმძიმის დაზიანება. დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, ამბობს, რომ საქართველოში არსებული მონაცემები ევროპის საშუალო მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება. სიკვდილიანობისა და ტრავმების მიზეზების ჩამონათვალი ვრცელია. მათ შორისაა, მაგალითად, ის, რომ ბავშვები ტრანსპორტში ფეხზე დგანან, მძღოლების უმრავლესობამ არ იცის, რომელ წლამდე არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება გაჩერებულ ავტომობილში. არის შემთხვევები, როდესაც მძღოლს საჭის მართვის დროს ბავშვი კალთაში უზის. ხშირია შემთხვევა, როდესაც 12 წლამდე ბავშვი ზის წინა სავარძელზე. ამ ფაქტორებს შორის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად დავით მესხიშვილი მგზავრობისას ბავშვთა სავარძლების უქონლობას ასახელებს, თუმცა არამხოლოდ ამას:

„დამნაშავეები ვართ ჩვენ, ზრდასრული ადამიანები, რომლებიც არ ვიყენებთ ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეცსავარძლებს, და ადამიანები, რომლებსაც გადაგვყავს ბავშვები შუა გზაზე ინტენსიურ საგზაო მოძრაობაში. გარდა ამისა, ბავშვები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას ვერც ბაღისა და ვერც სკოლის პერიოდში. ეს არის ჩვენი გამაფრთხილებელი აქცია. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის, მივმართავთ შსს-ს, რომ კანონში ჩანაწერი, რომ სამ წლამდე ბავშვი შეიძლება კალთაში ჩაისვათ, არის პირდაპირ მკვლელი მუხლი ჩვენი შვილების. ასეთი რამ არ წერია არც ერთ ევროპულ კანონში და ეს არის არაჰუმანური მუხლი. ამიტომ მოვითხოვთ სპეცსავარძლების დაკანონებას, ბაღებსა და სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას“...

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის მიმდინარე წელს თბილისის მერიამ 50 ათასი ლარი გამოყო. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მართავენ აქციებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პროექტის მიზანსა და ამ პროექტში ბავშვების ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ბავშვები იღებენ ცოდნას. გარდა ამისა, ბავშვები შეახსენებენ მშობლებს, რომ არ დაარღვიონ კანონი, რადგან მათ უკვე აქვთ ცოდნა“.

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ ავრცელებს მთელ რიგ რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყების, მათ შორის, როგორც შს სამინისტროს, ისე დედაქალაქის მერიის, ჯანდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისამართით. სპეცსავარძლების დაკანონება და საჯარიმო სანქციების გაზრდა იმ ზრდასრული ქვეითად მოსიარულე ადამიანების მიმართ, რომლებსაც ბავშვები გზაზე გადაჰყავთ ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე - არასამთავრობო ორგანიზაციები, პირველ რიგში, სწორედ ამ ცვლილებებს მოითხოვენ კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG