Accessibility links

ბავშვთა დაცვის დღე და ბავშვთა დაუცველი უფლებები


უსახლკაროებისა და ეკომიგრანტების დასახლება ხელვაჩაურში, 2014 წელი

ბავშვთა სიღარიბე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მძიმე მდგომარეობა, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (გასულ წელს 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა), ძალადობა ბავშვების მიმართ და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა - ესაა ძირითადი გამოწვევები ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, - ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც ომბუდსმენის ოფისმა გამართა. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ომბუდსმენმა ახალი კამპანიის დაწყების შესახებაც ისაუბრა. „უსაფრთხო სათამაშო“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომლის მიზანია სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობის მექანიზმის შექმნა და ცნობიერების ამაღლება. 1 ივნისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა უფლებებისთვის მიძღვნილი მრავალი ღონისძიება გაიმართა.

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის სიტყვებით, კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით ვითარება საქართველოში, ფაქტობრივად, უცვლელია. ანგარიშის თანახმად, 2016 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის 755 ფაქტი გამოვლინდა, მათგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 426 შემთხვევის რეფერირება განახორციელა. მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ჯანდაცვის სერვისებზე საკმარისი ხელმისაწვდომობის დეფიციტზე მეტყველებს. კვლავ ძალიან მაღალია სიღარიბე და სიღარიბე ხდება, უმთავრესად, საბაზო (9 კლასი) განათლების მიტოვების მიზეზი. როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე განმარტავს, პრობლემათა ჩამონათვალი არ მცირდება სახელმწიფოს სისტემური მიდგომების არარსებობის გამო.

„გამოწვევას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინება, ზოგადად, ბავშვთა დაცვა ძალადობისგან. ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში და არასათანადო სოციალური დონის ოჯახებში და, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონიძიებები ძალიან ბევრია და ჩვენ ვხედავთ, რომ, ხშირ შემთხვევაში, ოჯახების გაძლიერებისა და მათი სოციალური ფუნქციის გაძლიერების ნაცვლად გვიწევს ბავშვების გამოყვანა ოჯახებიდან სიღარიბის გამო. რაც შეეხება ძალადობას, არასაკმარისი რესურსების გამო - როცა მხოლოდ 11 ფსიქოლოგია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე მცირეა სოციალურ მუშაკთა რიცხვი - ჩვენ ვერ ვსაუბრობთ ოჯახში ძალადობის თუ ძალადობის სხვა ფორმების მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციაზე“.

ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე მომზადებული სპეციალური ანგარიშის წარდგენამდე სახალხო დამცველმა საზოგადოებას ამცნო, რომ დაიწყო ახალი კამპანია. კამპანია „უსაფრთხო სათამაშო“ მოჰყვა გამოკვლევას, რომელიც „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ჩაატარა და რომელმაც სათამაშოების ბაზარზე არსებული მდგომარეობა ასახა. ირკვევა, რომ საქართველოში იმპორტირებული სათამაშოების უმრავლესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც საზიანოა ბავშვების ჯანმთელობისთვის. როგორც „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე ამბობს, სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი, რათა უზრუნველყონ ბავშვებისთვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა. ეს დირექტივა საქართველოში 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა შესრულდეს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ განათლებაა ის აუცილებელი ქვაკუთხედი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და განათლებული ადამიანი ადვილად ძლევს სიღარიბესაც და უთანასწორობასაც და ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის აუცილებელი...
მაია ქურციკიძე

„სულ სათამაშოების 44 ნიმუში ავიღეთ და აქედან 21-ში აღმოჩნდა ევროკავშირში დადგენილი ნორმების გადაჭარბება, მავნე ნივთიერებების - ფტალატების. ეს ნივთიერება უშუალოდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე, მოქმედებს ბავშვის რეპროდუქციულ ფუნქციებზე და თირკმელებზე. ეს არ ახდენს მყისიერ ზეგავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმის თვალსაჩინოდ გარკვევა, ზიანი მიადგა თუ არა ბავშვს, მაგრამ წლების განმავლობაში ამ ნივთიერებასთან სისტემატური შეხების პირობებში ხდება ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანება“.

ომბუდსმენის კამპანიას უერთდებიან ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ უსაფრთხო სათამაშოების დამზადებას, შემოტანას და გავრცელებას საქართველოში. დაფუძნდა, ასევე, ასოციაცია ”უსაფრთხო სათამაშო”.

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. როგორც ორგანიზაციის კომუნიკაციების პროგრამის მენეჯერი მაია ქურციკიძე ამბობს, წელს ორგანიზაცია საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი სიტყვებით, ერთია ზოგადად განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ამ თვალსაზრისითაც არსებობს პრობლემები, განსაკუთრებით სკოლამდელი განათლების თვალსაზრისით, რეგიონებში, მაგრამ რაც შეეხება საბაზო განათლებას, ის არ შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ განათლებაა ის აუცილებელი ქვაკუთხედი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და განათლებული ადამიანი ადვილად ძლევს სიღარიბესაც და უთანასწორობასაც და ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის აუცილებელი. ამიტომაც მნიშვნელოვანია დაჩქარდეს განათლების სისტემის რეფორმა, ამაღლდეს მასწავლებელთა კვალიფიკაცია და ყველა ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან განათლებაზე“.

​ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, ამ დღის მიმართ მას პროტესტი აქვს, ვინაიდან მსოფლიოში არსებული სასტიკი ძალადობის ფონზე, რომელსაც ბავშვები ყოველ ფეხის ნაბიჯზე განიცდიან, ძნელია რაიმე მიღწევებზე საუბრის მოსმენა.

„მაქვს საშინელი პროტესტის განცდა და არ მჯერა არც ერთი სიტყვის, რომელსაც დღეს ვინმე სადმე იტყვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მან რამე გააკეთა ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ფარსი იმის ფონზე, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ბავშვები, რომლებსაც ხოცავენ, ოჯახები ენგრევათ და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ფარსია დღეს რაიმე შედეგებზე ლაპარაკი, როდესაც ... - მოდით, ვკითხოთ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მიდიან, როგორია მათი ბედნიერების ინდექსი, რამდენი ბავშვია დღეს საქართველოში ბედნიერი, რომელიც სკოლაში მიდის“.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. თბილისში, „მზიურში“, ჩატარდა ტრადიციული „მზის ფესტივალი“ და სხვადასხვა სახალისო გასართობ-შემეცნებითი შეჯიბრებები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG