Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა გასართობი პარკი - მოხალისეების საჩუქარი სოფელ ურთას


ქართულ-პოლონურმა ოჯახმა ზუგდიდის სოფელ ურთაში ბავშვთა გასართობი მოედანი მოაწყო. პოლონეთში მცხოვრებმა ახალგაზრდა ოჯახმა ცენტრის მოწყობით გარკვეულწილად ოცნება აიხდინა, რადგან სოფლად მყოფ ბავშვებს გართობის და აქტიურად დასვენების საშუალება მისცა, რასაც ისინი საჭირო პირობების უქონლობის გამო ადრე ვერ ახერხებდნენ.

გადმოწერა

სოფელ ურთის ცენტრი უფრო მხიარული და ხალხმრავალი გახდა. რამდენიმე დღეა სოფელ ურთაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გასართობი მოედანი ფუნქციონირებს. ღია სივრცე დატვირთულია სხვადასხვა სპორტული დანიშნულების რკინის კონსტრუქციებით, საქანელებით, სასრიალოებით, პატარა სახლებით. მოკლედ, აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ პატარებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ურთელ ბავშვებს საჩუქარი ქართულ-პოლონურმა ოჯახმა გაუკეთა.

დათო დაგარგულია ურთაში გაიზარდა, თუმცა წლებია მეუღლის სამშობლოში, პოლონეთში, ცხოვრობს. სოფელში ცოლ-შვილთან ერთად ჩამოსვლას ზაფხულობით ახერხებს. იდეა, რომ ურთელებისთვის ასეთი პარკი მოეწყოთ, თავისთავად გაჩნდა. დათო ამბობს, რომ მართასთან ხშირად საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აკლიათ სოფელში მცხოვრებ პატარებს გასართობი სივრცე, მეუღლემ კი პრობლემის მოგვარება შესაძლებლად მიიჩნია:

მართა გავინეკ-დაგარგულია და დათო დაგარგულია
მართა გავინეკ-დაგარგულია და დათო დაგარგულია

„სულ, როცა ასეთ გასართობ ადგილებს ვხედავდით, ვამბობდით, ნეტა როდის იქნება ეს საქართველოში. ერთხელ მართამ მითხრა, მოდი, ჩვენც გავაკეთოთო. ეს ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელი იყო, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა ურთაში. მე ვეუბნებოდი მართას, შანსი არ არის, არც რესურსი გვაქვს, არც ადგილი, არაფერი არ გვაქვს. მართა სულ მეუბნებოდა, მოდი, მოვინდომოთ, ჩვენ დავწეროთ, ჩვენ გავაკეთოთ. მართამ მოინდომა ეს, თორემ მე ბოლომდე არ მჯეროდა, რომ გამოვიდოდა“.

მართა გავენიკ-დაგარგულია წლებია არასამთავრობო სექტორში მუშაობს. გარკვეული დროის განმავლობაში ზუგდიდში ცხოვრობდა, სადაც ქართული ენაც ისწავლა. ამბობს, როცა რაღაც ძალიან გინდა, სხვას არ უნდა დაელოდო და თავად აიხდინო შენი ოცნებაო. ასე მოხდა ახლაც. მართა გავენიკის თქმით, მათ გაუზიარეს პარკის შექმნის იდეა სოფელს, სადაც 340-მდე ოჯახი ცხოვრობს, და მხარდაჭერამაც არ დააყოვნა. ორი თვის მანძილზე 20 მოხალისის დაუღალავი შრომის შედეგად საოცნებო პარკიც გაშენდა.

„ეს იყო ჩვენი ზაფხული, ეს იყო ჩვენი შვებულება. დავიღალეთ, მაგრამ ძალიან დიდი ენერგიაც მივიღეთ. ეს არის ძალიან კარგი რამ. გუშინ ერთი ბაბუა კარუსელზე იჯდა თავის შვილიშვილთან ერთად, ითამაშა, საუბრობდნენ დიდხანს. აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ჯერ წარმოდგენილი არ გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადგილი სოფლისთვის და თემისთვის“, - ამბობს მართა გავინეკ-დაგარგულია.

იდეა, რომელიც თავიდან მხოლოდ 1000 ევროს გრანტით დაიწყო, თემის თანამონაწილეობის შედეგად განხორციელდა. როგორც გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ურთაში ბადრი ნინუა ამბობს, ეს არ არის მხოლოდ პატარების გართობის ადგილი:

„ის, რაც აქ გაკეთდა, დიდი საჩუქარია უფროსებისთვისაც, მშობლებისთვისაც. ბავშვები მხიარულობენ და ეს გადამდებია ყველასთვის“.

დაგარგულიების ოჯახმა გასართობი პარკის ოფიციალური გახსნაც მოაწყო. პატარებმა თავად გაჭრეს ფერადი სივრცის შესასვლელთან გაკრული წითელი ლენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG