Accessibility links

Bellingcat: აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიის 200 ჰექტარს აკონტროლებს


საგამოძიებო ონლაინ-გამოცემა Bellingcat-ზე გამოქვეყნებული სტატია

საქართველოს ხელისუფლებას თავდაპირველად არ გაუკეთებია კომენტარი საგამოძიებო ონლაინ-გამოცემა Bellingcat-ზე კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლის თანახმად აზერბაიჯანს საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ერთ ნაწილზე კონტროლი აქვს დამყარებული.

რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, რომ უწყება ამ ინფორმაციას "არ ადასტურებს".

"ბაბაქიარის მთაზე, რომელიც სამხრეთი კავკასიის სამივე ქვეყნის (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) საზღვარზე მდებარეობს, აზერბაიჯანმა პოზიციები გაამაგრა საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე" - ნათქვამია გავლენიანი საგამოძიებო ონლაინ-გამოცემა Bellingcat-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორები - მასის ინგილიზიანი, ტარონ ჰოვჰანისიანი და ვლად ვარდანიანი, Google Earth-ის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ აზერბაიჯანი მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიის 200 ჰექტარს (2 კვადრატულ კილომეტრს) აკონტროლებს.

გამოცემის მტკიცებით, სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ პოზიციები 2019 წლის აპრილში გაამაგრა.

"ეს ძველი თემაა და ყველა მხარემ იცის, რომ ეს ტერიტორია 90-იანი წლებიდან არის დანაღმული და შიგნით ვერავინ შევა. ახალი არაფერია უბრალოდ ამ სტატიით, მისმა ავტორებმა ამ თემის გაცოცხლება სცადეს" - უთხრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვით, რადიო თავისუფლებას.

აზერბაიჯანის მხარის მიერ დანაღმული საქართველოს ტერიტორიები ადრეც რამდენჯერმე მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში, მათ შორის ნაღმების აფეთქებისას მომხდარი უბედური შემთხვევების გამო. 2018 წლის აგვისტოში რადიო თავისუფლების პროექტი ტერიტორიის განაღმვის პერსპექტივით დაინტერესდა და მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩ-მუღანლოს ბინადარს, რამალ გურბანალიევს შეხვდა, რომელმაც ნაღმზე აფეთქების დროს 9 წლის წინ მარცხენა ფეხი დაკარგა.

საქართველოს და აზერბაიჯანის სამეცნიერო ომმა დავით გარეჯის მონასტრის გარშემო "წმინდა ადგილი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოაქცია"
Bellingcat


Bellingcat-ი ბაბაქიარის სიმაღლის თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ მედიაში აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ საზღვრისპირა ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრების შესახებ გავრცელდა ცნობები და ურთიერთბრალდებები.

Bellingcat-ში გამოქვეყნებულ სტატიის ავტორები ციტირებენ აზერბაიჯანის საზღვრის უწყების წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ ელკინ იბრაჰიმოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა „ფეხი მოიკიდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებზე“. ავტორები წერენ, რომ აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ მიმართულებას გულისხმობენ, თუმცა, რუსულენოვანი მედია ამტკიცებს, რომ სტრატეგიული გადაადგილებები საქართველოს ტერიტორიაზე მოხდაო.

Bellingcat დავით გარეჯის მონასტრის გარშემო არსებულ უთანხმოებასაც შეეხება და წერს: „საქართველოს და აზერბაიჯანის სამეცნიერო ომმა დავით გარეჯის მონასტრის გარშემო "წმინდა ადგილი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოაქცია" და სამხრეთ კავკასიის მეზობლებს შორის საზღვართან დაკავშირებული მორიგი დავა წამოჭრაო“.

დავით გარეჯთან არსებული ვითარების შესახებ განცხადება 10 ოქტომბერს გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელმაც თქვა, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ მიმავალი გზა 11 ოქტომბრიდან ჯერ მხოლოდ სასულიერო პირებისთვის უნდა გახსნილიყო. ეს განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აზერბაიჯანში მისი ოფიციალური ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა იმედი, რომ სასულიერო პირების დაშვების შემდეგ, პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწევდა წინ. თუმცა არ დაკონკრეტებულა, როდის მისცემს ბაქო უფლებას მომლოცველებსა და ტურისტებს - მოინახულონ აღდგომისა და ჩიჩხიტურის მონასტრები.

ვითარება სამონასტრო კომპლექსის გარშემო არაერთხელ დაიძაბა 2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირველად შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. მოულოდნელი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს თავიდანვე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკავშირებდნენ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. ამ დროისთვის მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3.

Bellingcat -ის სტატია სრულად: ​https://www.bellingcat.com/news/rest-of-world/2019/11/01/azerbaijan-encroaches-into-georgian-territory/

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG