Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალო კალვინოს უხილავი ქალაქები მაღალი ხილვადობით


წინა კვირას გერმანიაში უნდა წავსულიყავი ლიტერატურულ პრეზენტაციებზე. შემდეგი გადაცემა რომ არ ჩამეგდო, გადავწყვიტე გზად "დიოგენეს" გამოცემული იტალო კალვინოს "უხილავი ქალაქები" გამეყოლებინა. ადრე რუსულად მქონდა წაკითხული და გადავხედავ, გავიხსენებ, იოლად მოესწრება-მეთქი. მერე, წასვლის დღეს, ჩემი პასპორტი აორთქლდა ჩემი უჯრიდან და ჩავრჩი თბილისში. ვეგდე აქ და ვკითხულობდი ამ ფანტაზიებით და წარმოსახვებით გაძეძგილ საოცარ წიგნს. მარკო პოლო და მონღოლების ყაენი ყუბილაი მეგობრობენ ამ რომანში, აი, ის ყუბილაი, კოლრიჯს თავის ცნობილ ლექსში სამჯერ რომ ესიზმრება. მარკო პოლო ამ ყაენს ვითომდა მის მიერ მონახულებული უცნაური ქალაქების შესახებ უყვება. ყველა ქალაქს თავისი სტრუქტურა აქვს, წეს-კანონები, იდუმალება... ბერლინი კი მქონდა ადრე ნანახი, მაგრამ ლაიფციგი რაკი უნახავი დამრჩა, ამ უხილავი ქალაქების აღწერის კითხვისას მეც ჩემს ფანტაზიებში გავუტევდი ხოლმე ხანდახან: კალვინოს მარკო პოლოდ გარდავისახებოდი და ლაიფციგის ირეალურ სურათ-ხატებს ვხედავდი. ისე, რეალური ქალაქები სულ არაა ამ წიგნში: დიომირა, ისიდორა, ანასტასია, კლარისა, თეკლა, ირენე... - სულ ასეთი დასახლებული პუნქტებია, ქალის სახელებით. ხან უფსკრულებს შორის, ჰაერში კიდია, ხან მაღალ ხიმინჯებზე დგას, ხან წყალზე ტივტივებს, ხშირად გაორებულია და სიმეტრიულ სივრცეებში პოლარულ თვისებებს ავლენს, ზოგჯერ კონცენტრულია, ზოგჯერ აბლაბუდას სახე აქვს მიცემული... უძველეს, დანგრეულ, მკვდარ ქალაქებსაც გადაეყრებით და თანამედროვე მეტროპოლიებსაც, ახალი ტექნოლოგიებით... თუ რა ხდება ამ ქალაქებში, ეს თავად უნდა წაიკითხოთ, ამის აღწერა აქ შეუძლებელია. ამიტომ ჯობს იტალიურიდან მთარგმნელს, ილიაუნის პროფესორ ნოდარ ლადარიას მოვუსმინოთ, რომელიც ჯერ კალვინოს შემოქმედების ადრეულ ეტაპებს მოხაზავს მოკლედ, მერე კი 1972 წელს დაწერილ ამ რომანზეც გადავა.

ნოდარ ლადარია: იტალო კალვინო არის იტალიურ ლიტერატურაში, შეიძლება ასე ვთქვათ, ძალიან სიმპათიური პიროვნება ბევრი მიზეზის გამო. იმით, რომ დაიბადა კუბაში, მაგალითად, იმით, რომ შემდეგ, როდესაც იტალიაში ჩამოვიდა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეიტანა იტალიურ პროზაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, კინემატოგრაფიულობა. ციკლი მარკო ვალდოს შესახებ არის შთაგონებული იტალიური ნეორეალიზმით. შემდეგ შეიცვალა ინტერესები მისი, გახდა უფრო პოსტმოდერნული. "ბარონი ხეზე", "არარსებული რაინდი", "განახევრებული ვიკონტი“ და ა.შ. ეს მშვენიერი ჩანაფიქრებია, სუსტი ფინალებით. რატომ? იმიტომ რომ, მგონია, ეს ადამიანი ებრძოდა მუდმივ იმედგაცრუებას - იტალიის, როგორც სახელმწიფოს ბიოგრაფიით, ძირითადად. საერთოდ, იტალიური ლიტერატურა არის პროვინციული ლიტერატურა და, სამწუხაროდ, იმდენად პროვინციულიც არ არის, რომ ჩვენ ვისწავლოთ მისგან რამე სახეირო. მაგრამ ეს მომენტი არსებობდა ყოველთვის და სწორედ, ალბათ, ეს უშლიდა ხელს, მე ასე ვფიქრობ.

ნოდარ ლადარია
ნოდარ ლადარია

კალვინო ამ რომანში ქალაქის აღწერის 11 ტიპს იყენებს: ქალაქები და ხსოვნა, ქალაქები და სურვილი, ქალაქები და ნიშნები, ქალაქები და მიცვალებულები და ა.შ. რომანი 9 ნაწილისგან შედგება და ყოველი ნაწილის ბოლო თავის სახელწოდება შემდეგ ნაწილში ერთი საფეხურით ზემოთ იცოცებს. ყოველი ნაწილი იწყება და სრულდება მარკო პოლოსა და ყუბილაი ყაენის ურთიერთობის აღწერით და მათ შორის მოკლე დიალოგებით. და ამ დიალოგების ფორმატის ცვალებადობა და დამოკიდებულებების დინამიკა არის ის, რაც წიგნის კონცეფციას გამოკვეთს და აყალიბებს. თავიდან მარკო პოლო, რომელმაც თათრული ჯერ არ იცის, ნიშნებით გადასცემს ინფორმაციას ყაენს. თავისი ხურჯინიდან სხვადასხვა ნივთებს იღებს, აჩვენებს მათ და ასე ცდილობს ქალაქების ბუნებას მიახვედროს. აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის კავშირები ყაენს ინტერპრეტატორად აქცევს, ანუ ის მარკო პოლოს მიერ წარმოსახული ქალაქების საკუთარ ვერსიებს თხზავს. თანდათანობით, რაც უფრო ეუფლება მარკო პოლო ყაენის ენას, ნიშანთა სისტემა მათი დიალოგიდან გამოძევებას იწყებს, თუმცა ბოლომდე მაინც არ კარგავს თავის ფუნქციურობას. მაგალითად, ერთ-ერთი ახალი მოგზაურობიდან დაბრუნებული მარკო პოლო ყაენს ჭადრაკს ეთამაშება, სადაც მის მიერ ჩამოტანილი ნივთები უკვე ჭადრაკის ფიგურებია, და ყოველ ფიგურას ყოველ ჯერზე შესაბამისი მნიშვნელობა ენიჭება: "მხედარს შეეძლო გამოესახა როგორც თვით ცხენი, ისე ეტლების ამალა, გზაზე დამდგარი ლაშქარი, მხედრის ძეგლი; ლაზიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ქალი, რომელიც აივნიდან იხედება, შადრევანი, ეკლესია, წვეტიანი გუმბათით, კომშის ხე." ჭადრაკის ეს მოდელი ყაენს საკუთარი იმპერიის მოდელის გააზრებაში ეხმარება. საერთოდ, კალვინოსეული უხილავი ქალაქების აღწერები თავიდან ბოლომდე ნიშანთა სისტემების ცვლაა, დეტალების დახვავებით შექმნილი სურათ-ხატების კალეიდოსკოპია. თუმცა ეს სულაც არ აქცევს წიგნს მშრალ ფორმალისტურ ექსპერიმენტად. უფრო პირიქით. ტექსტი ლაპიდარულია, ლექსიკა - ძალიან მდიდარი, ფრაზების ტევადობა შთამბეჭდავ ფანტასმაგორიულ სურათებს ხელისგულისოდენა სივრცეებში ათავსებს. ასეთი ტექსტის თარგმნა მაღალ ოსტატობას მოითხოვდა და უნდა ითქვას, რომ დარეჯან კიკოლიაშვილმა ამოცანას ძალიან კარგად გაართვა თავი.

მოვუსმინოთ კვლავ ნოდარ ლადარიას.

ნოდარ ლადარია: რაც შეეხება ამ კონკრეტულ წიგნს, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა სწორედ იმიტომ, რომ არის ყველაზე ლაღი, ყველაზე პოეტური წიგნი. ერთ-ერთი ყველაზე აბსტრაქტული წიგნია იტალო კალვინოს შემოქმედებაში და, ამავე დროს, არის ძალიან თბილი არა მარტო ავტორის დამოკიდებულებით მკითხველთან, არამედ ასახული სიტუაციითაც. აი, ეს ვითარება, როცა ერთი ადამიანი მეორეს უზიარებს გამოცდილებას, გულისხმობს კომუნიკაციას, გულისხმობს გარკვეულ სითბოს და, ამავე დროს, ტყუილსაც, იმიტომ რომ, როგორც თქვა უმბერტო ეკომ, ცხოველებისაგან ძირითადად განვსხვავდებით იმით, რომ ტყუილი შეგვიძლია. ამას, ისე, მარტო იტალიელი თუ იტყოდა, კაცმა რომ თქვას... სემიოტიკური ბუმის დროს დაწერილი წიგნია, მაშინ იწერებოდა, სხვათა შორის, უმბერტო ეკოს ცნობილი "ზოგადი სემიოტიკური ტრაქტატი" და სხვა ნაწარმოებები. ამით, ასე ვთქვათ, ყველა იყო დაავადებული იმ დროს. ეს არის მე-20 საუკუნის ბოლო მესამედი და, შესაბამისად, ფრანგული სტრუქტურალიზმი, როლან ბარტი და სხვები... მაგრამ რას გვაძლევს ეს ჩვენ დღეს? რითი არის ეს წიგნი დღეს მნიშვნელოვანი? მე მგონი, სწორედ იმით, რაც სემიოტიკის მიღმა არის ამ წიგნში. აქ არის ადამიანის ცდა, შეინარჩუნოს თავისი თავი, კომუნიკაცია, როგორც თვითშენარჩუნების გზა. ერთ-ერთი, რასაც ეს წიგნი გვასწავლის, გამოხატავს, - მოდით, ასე ვთქვათ, - არის ის, რომ კომუნიკაცია ანგრევს ადამიანებს შორის ვერტიკალურ დამოკიდებულებას. როგორც კი კომუნიკაცია არის ნამდვილი, ადამიანები ხდებიან თანასწორები ერთმანეთის და ჩვეულებრივი მთხრობელი უცებ აღმოჩნდება მსოფლიოში უდიდესი იმპერიის სათავეში მდგომი ყაენის თანასწორი და მისთვის ძვირფასი. იმ მომენტისთვის იტალიისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს, როდესაც აფეთქებდნენ იტალიაში რკინიგზის სადგურებს და იტაცებდნენ დეპუტატებს და კლავდნენ მოსამართლეებს. ესაა პრაქტიკულად წიგნი გაუცხოების წინააღმდეგ. კომუნიკაცია, რომელიც ადგენს თანასწორობას - აი, ეს არის...

კიდევ რა შეიძლება დავამატოთ ნოდარ ლადარიას ნათქვამს? რაღაც მომენტში მარკო პოლო ყაენს ეუბნება, რომ ყველა ქალაქზე უამბო, რომელიც კი უნახავს, რაზეც ყაენი მიუგებს, რომ მას ერთი ქალაქი დარჩა, რომელზეც არასდროს ჰყვება და ეს ქალაქი მისი მშობლიური ვენეციაა. მარკო პოლოს პასუხი ასეთია: "ყოველთვის, როდესაც რომელიმე ქალაქს აღგიწერ, რაღაცას მაინც ვამბობ ვენეციაზე".

ჰო, ასეა. და მეც, პასპორტდაკარგული და თბილისში ჩარჩენილი ამ წიგნს რომ ვკითხულობდი და ხანდახან ჩემს უხილავ ლაიფციგს წარმოვიდგენდი, ალბათ, რაღაცას ვიღებდი თბილისიდან... სხვანაირად არ გამომივიდოდა. არც მარკო პოლოს გამოსდიოდა და არც არავის გამოუვა, ალბათ...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG