Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანების იდეით გაერთიანებული ქართული ესეები


ქართული მართლწერა დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, ლიტერატურის ამ ჟანრს ესე ერქვას, ესსე თუ ესეი, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, თუ რამდენად ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა გამოხატვის ეს ფორმა ქართულ ლიტერატურაში და როგორია რეალურად მისი დონე და პოტენციალი. გარკვეულწილად ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს წიგნი, სახელწოდებით "XXI ქართული ესე", რომელიც ახლახან დაბეჭდა გამომცემლობა "კალმოსანმა", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით. კრებულში სიმბოლურად 21 თანამედროვე ქართველი ავტორის ესეა შესული. აქ ყველა თაობის ავტორები არიან წარმოდგენილნი და მათი თემატიკაც ძალიან ფართოა, რომელიც სხარტად შეიძლება ასე აღვწეროთ: ანეკდოტიდან დეპრესიამდე კულინარიის და პორნოგრაფიის გავლით, თუმცა ეს აღწერაც ბევრს ვერაფერს ამბობს, რადგან თემების დიდი უმრავლესობა ლიტერატურულ, ფილოსოფიურ ან ისტორიულ ჭრილშია გატარებული, ხანდახან კი ამ ჭრილიდანაც გამოდის. ავტორთა მიდგომები და ენაც იმდენად განსხვავებულია, რომ ესეს, როგორც ჟანრის, საზღვრების მონიშვნის ინტერესსაც აღძრავს და, პრინციპში, ალბათ, ბევრ მკითხველში გააჩენს ეჭვს, რომ კონკრეტული ტექსტები ამ ფორმატში ვერც კი ჯდება, მომიჯნავე სფეროებს ეკუთვნის, ანდა ლიტერატურული კრიტიკის თუ ლიტერატურათმცოდნეობის მკაცრი ჩარჩოებიდან ვერ გამოდის. ერთი სიტყვით, გარდა იმისა, რომ ეს წიგნი მრავალი მიმართულებით იკვლევს თუ აღწერს ქართულ და არამხოლოდ ქართულ კულტურულ სივრცეს, ბევრ კითხვასაც აჩენს ესეს ფენომენთან დაკავშირებით.

გადმოწერა

კრებულზე საუბარი ვთხოვეთ მის რედაქტორს, კრიტიკოს ლექსო დორეულს.

ლექსო დორეული: "თავიდან, როგორც ავტორს, შემომთავაზეს ამ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა და მერე ისე მოხდა, რომ ეს შეთავაზება გადაიზარდა რედაქტორის და შემდგენლის შეთავაზებაში და დავთანხმდი სიამოვნებით. დავთანხმდი იქიდან გამომდინარე, რომ იყო ძალიან საინტერესო წიგნის კონცეფცია: ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბუნებრივია, ყველა ტექსტს გააჩნია ცალკე სათქმელი, ცალკე საზრისული სივრცე, მაგრამ ცალკე ტექსტი უნდა მოგვცეს თუ არა ამ ტექსტების ერთად შეკრებამ. თუ ამ ტექსტების ერთ დიალოგურ რეჟიმში მოქცევამ არ მოგვცა ცალკე ტექსტი, მაშინ წიგნის გამოცემას აზრი არა აქვს და,უბრალოდ, შემაჯამებელ, ფორმალურ მნიშვნელობას იძენს. ამ შემთხვევაში ამ ტექსტების ერთად შეკრების მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობისაკენ მიდრეკილება. მე, შეიძლება ითქვას, ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებ ამ საკითხს. არის ასეთი თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი, ჟან-ლუკ ნანსი, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, თუ რამ შეიძლება გააერთიანოს თანამედროვე სინამდვილეში ტექსტები. ნებისმიერი ერთობისათვის და ამ ტექსტების გაერთიანებისათვის დაღვრილი სისხლი წყალში გადაღვრილი სისხლიაო, ამბობს ის. ერთადერთი, რომლის ირგვლივაც შეიძლება გაერთიანდნენ ტექსტები, არის თავად გაერთიანების მითი და ამ გაერთიანების მითის ირგვლივ არის ეს ტექსტები გაერთიანებული. აქედან გამომდინარე, არის საკმაოდ ეკლექტური წიგნი და ზუსტად ასახავს ამ თვალსაზრისით იმ სოციალურ სინამდვილეს, რომელშიც ეს ტექსტები იქმნებოდა".

ლექსო დორეული
ლექსო დორეული

როცა წიგნში 21 სხვადასხვა ყაიდის ტექსტია შესული და თან სხვადასხვა ავტორების, რა გინდა, რომ ქნა? პატარა სიუჟეტში მათი განხილვა, მოკლედ აღწერაც კი შეუძლებელია. რაღაც სხვა გზას უნდა მიმართო. ვიფიქრე და გადავწყვიტე განწყობის შესაქმნელად ავტორების ციტატებით კოლაჟი ამეწყო. აი, რა გამოვიდა: "ახლა ზოგი პოეტი სრულიად უარყოფს პოეზიის ენის ცოდნას, მაგრამ "ლექსებს" წერს. უფრო სწორად, თამაშობს, მაგრამ თამაშის წესები არც მკითხველმა და არც თვითონ არ იცის" (გივი ალხაზიშვილი); "მტკივან თვალზე აფარებულ სახვევზე ხომ არ ვამბობთ, მზის ჭვრეტას გვიშლისო - ადამიანს სახვევი კი არა, ავადმყოფობა უხშობს თვალისჩინს" (მიხეილ ანთაძე); "დიდ სამზარეულოში გენიალური შეფ-მზარეულები საქმიანობენ, სანელებლები სიტყვებისთვის ისევე აუცილებელია, როგორც წყალი შოკოლადისთვის" (დიანა ანფიმიადი); "მამარდაშვილი მოსწონთ მორწმუნეებსაც და ურწმუნოებსაც" (გიორგი ბარამიძე); "ის, ვინც ინდივიდუალურის დაცვის მანიფესტაციებით გამოდის და ფერხულის წინააღმდეგ ილაშქრებს, თავად არის ფერხულის (რეალურის ან მისთვის სასურველის) შეგნებული ან შეუგნებელი ადეპტი" (დათო ბარბაქაძე); "მრავალი ანეკდოტი, რომელიც უაღრესად თანამედროვედ და აქტუალურად ჟღერს და ახლახან შეთხზულსა ჰგავს, სინამდვილეში საუკუნეთა სიღრმიდან იღებს დასაბამს" (ლევან ბრეგაძე); "თუ მისი აპოკალიფსური ზმანებანი იმ დროს ახირებად და ავადმყოფურ გაზვიადებად შეიძლებოდა მიჩნეულიყო, გამოხდა მცირე ხანი და სინამდვილე თანდათან დაემსგავსა ჰაიმის დაუჯერებელ ხილვებს" (ნაირა გელაშვილი); "ლიტერატურა, რომელიც იცავდა საგნების სიჩუმეს და მარტოობას, დღეს ან სოციალური სინამდვილის რუპორია, ან წარსულის ბრწყინვალე, მაგრამ შექმნისთანავე სასიკვდილოდ განწირული სიტყვა" (ლექსო დორეული); "ეროსი გაუცნობიერებელი ეჭვია, რომ ჩვენი არსებობის მოდუსი მხოლოდ ცარიელი და ზომბური ხასიათის სიცარიელეა" (გია ეძგვერაძე); "ეს "გაუგებრობა" გრძელდებოდა მანამ, სანამ შევარდნაძემ არ მოიფიქრა ჯადოსნური თეორია უცნაური სახელით "აბრეშუმის გზა" (გიგი თევზაძე); "მუშათა არმია უყვართ თავისებურ იდეალისტებს", ამბობს ერთგან კარლო კაჭარავა და ამით, ალბათ, ყველაფერია ნათქვამი" (შოთა იათაშვილი).

ახლა კი ცოტა ხნით გავწყვიტოთ კოლაჟი და კვლავ ლექსო დორეულს მოვუსმინოთ.

ლექსო დორეული: "ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ესეს ტრადიციის გამოსაკვეთად, იმისთვის, რომ ეს ჟანრი იყოს უფრო აქტუალური და პოპულარული, მოგვეცვა მრავალი სპექტრი, თემა და მიმართულება, რომელზეც იწერება დღეს ესეები. სწორედ აქედან გამომდინარე, შეიძლება წიგნის სპეციფიკიდან და საგამომცემლო ჯგუფის ინტერესებიდანაც გამომდინარე, ტექსტების უმრავლესობა შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, მაგრამ არის მრავლად ის ტექსტები, რომლებიც შეეხება სოციალური ფსიქოლოგიის თემებს, შეეხება წმინდა მედიაკრიტიკას. აი, ვახუშტი მენაბდის ტექსტი მინდა ამ თვალსაზრისით აღვნიშნო და, ზოგადად, არის, როგორც ეკო ეძახდა, შაბათ-კვირის ესეები, რომლებსაც, როგორც თვითონ ამბობდა, ის წერდა შაბათ-კვირას 50 დოლარად და რომლებშიც ლიტერატურა არის გამოყენებული, როგორც საერთო მეტაფორა. ალბათ, უშუალოდ ყველა ტექსტს ეს მეტაფორა აერთიანებს, მიუხედავად იმისა, რომ არის მკვეთრად განსხვავებული თემატიკა წარმოდგენილი, იგივე გიგი თევზაძის ესე, რომელიც შედარებით ცალკე დგას ამ კრებულში, ვგულისხმობ გეოგრაფიულ და ეკოლოგიურ სისტემას თანამედროვე საქართველოსი და არამხოლოდ... არის ძალიან ჰერმეტული ტექსტები, რომლებიც მხოლოდ თავის თავზე ლაპარაკობენ და ნაკლებად შედიან სხვა ტექსტებთან დიალოგში. ასეთი არის, მაგალითად, ნანა ტრაპაიძის ესე, ასეთი არის, ალბათ, პაატა შამუგიას ესე და, ალბათ, შენიც, შოთა. რაც შეეხება მერაბ ღაღანიძის ტექსტს, იგივე ნაირა გელაშვილის ტექსტს, ალბათ, შეიძლება გიორგი ბარამიძის მრავალმხრივ ანალიტიკურ სტატიასაც მამარდაშვილზე, მათ უფრო ესეისტურ პორტრეტებს ეძახიან. არანაირად არ არის კრიტიკული ტექსტები, სადაც რაღაც ტექსტუალური ანალიზია ნაცადი კონკრეტული შემოქმედების".

გავაგრძელოთ კოლაჟი: "ვეფხისტყაოსანი" "ამირანდარეჯანიანისა" და "ვისრამიანის" გამოწვევაა, მათი სინთეზია, თითოეული მათგანის ცალმხრივობის დაძლევაა" (ზურაბ კიკნაძე); "მოგვიანებით იწყება პლაზმური ტელევიზორების ხანა. ისინი სწორი ზედაპირით ხასიათდებიან. აქ მიმართება იცვლება. მაყურებელი და ტელევიზია თანასწორები ხდებიან" (ვახუშტი მენაბდე); "კონვენცია, რომელსაც ტ. ჭანტურია ქმნის, თითქმის შეუძლებელია სტრუქტურულად აღიწეროს" (ნანა ტრაპაიძე); "ღმერთი ზრდილი მეზობელია, საერთოდ არ მაწუხებს, ჩამიჩუმი არ ისმის მისგან" (ნათია ფანჯიკიძე); "როგორც ჩანს, 1989 წელი ირაკლი ფარჯიანისთვის განსაკუთრებული წელი იყო" (ზაზა ფირალიშვილი); "ჰიპერსექსუალობის ფანტაზმს, მის გამძაფრებულ პორნოგრაფიულობას ხშირად ძალადობა კვებავს, ჰიპერპატრიოტისას კი სიძულვილი" (პაატა ქურდაძე). "პოეტის გადარჩენის შთამბეჭდავი სურათი პოეზიის გადარჩენის სიმბოლოდ იქცევა: ცურვისას ლუიშ დი კამოინშს შემართულ ხელში თავისი პოემა "ლუზიადები" უპყრია" (მერაბ ღაღანიძე); "რატომ უჭირავს "ქართლის დედას" რომაული, ორლესული ხმალი და არა "გორდა" ან "კალდიმი", თუ მაინცდამაინც ორლესული უნდა" (ხვიჩა ყალაბეგაშვილი); "ეს იგივეა, სიკეთე ბოროტებით რომ განმარტო, სიბრძნე - იდიოტიზმით ან "ილიადა" - "ასავალ-დასავალით" (პაატა შამუგია); "ხშირად მკითხავები ტექსტში შემოსვლისთანავე რაღაც უცნაურ ფრაზებს წამოისვრიან ხოლმე" (მალხაზ ხარბედია).

დასრულდა კოლაჟი და ჩვენც დროა, ნელ-ნელა ტექსტიდან გავიდეთ, ბოლო სიტყვა კი კვლავ ლექსო დორეულს დავუთმოთ.

ლექსო დორეული: "არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება იმის თქმა, რომ გია ეძგვერაძის ესე მარგინალურ სივრცეს იკვლევს, აქ უფრო, ალბათ, მივადგებით იმ განმარტებას, თუ რა არის მარგინალური სივრცე, მაგრამ მალხაზ ხარბედიას ტექსტი ნამდვილად შეეხება ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში მარგინალურ თემას. ამ თემაზე არანაირი გამოკვლევა არ არსებობს და სრულიად გამოტოვებულია ეს დისკურსი. ესე შეეხება ქართულ "კუდიანთმეტყველებას", ანუ მჩხიბავებს, ჯადოქრებს, კუდიანებს, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში გვხვდებიან და ამ თვალსაზრისით არის ეს ტექსტები დანახული. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ამ კრებულში ეს ტექსტი, ბატონ ზურაბ კიკნაძის ესესთან ერთად, რომელსაც მგონია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ წიგნისთვის და, ზოგადად, ქართული ესეისტიკისთვის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენს კრებულში პირველად გამოქვეყნდა ეს ტექსტი, აქამდე ქართულ ენაზე არ იყო გამოქვეყნებული".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG