Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარი ბექაურის „ტომსოიერობანას“ სინდრომი


სულ ცოტა ხნის წინ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" დაბეჭდა მარი ბექაურის რომანი "ანას მომენტი". მარი ბექაური რამდენიმე მოთხრობების კრებულისა და რომანის ავტორია და ეს მისი მეხუთე წიგნია, აშკარად თვისებრივად ახალი - ხელწერითაც, თემატურადაც, ჟანრობრივადაც. თუმცა, ცხადია, ასეთი კარდინალური განახლებები იოლად არ ხდება და დღეს შევეცდები ამ რომანის პლუსები გამოვკვეთო, მაგრამ, ამავე დროს, იმ მინუსებზეც გავაკეთო აქცენტი, რაც ჯერ კიდევ დასაძლევია. ამაში კი მწერალი ზაზა კოშკაძე დამეხმარება. მან გამომცემლობის საიტზე თავისი შეფასება უკვე გამოაქვეყნა. აი, რას ამბობს იგი ერთგან: "მე პირადად არ მახსენდება მეორე ქართული რომანი, სადაც ამდენი მასშტაბური და სიუჟეტის განმავითარებელი რამე ხდება ასე სწრაფად. რაღაც მომენტში ისეთი გრძნობაც კი შეიძლება გაგიჩნდეს, რომ ეს ისტორია, შესაძლოა, არასდროს დასრულდეს, რადგან მას ნამდვილად აქვს ამის პოტენციალი". ამავე საიტზე პაატა შამუგიას შეფასებასაც იპოვით, სადაც იგი წერს: „მარი ბექაურის „ანას მომენტი“ არის იმის შეხსენება, რომ სამყაროში არაფერი იკარგება, მათ შორის, სამწუხაროდ, არც ძალადობა. და რომ მისი ექო შეიძლება სრულიად მოულოდნელ დროსა და ფორმატში გაისმას". რომანის ამ თემაზე თავად ავტორი მიგვანიშნებს ტექსტის წინ ასეთი მინაწერით: "წიგნში აღწერილი სამხედრო დანაშაული გამონაგონია, თუმცა 1992-93 წლებში ამ ტერიტორიაზე არანაკლები დანაშაულები მოხდა, რომლებზეც პასუხი დღემდე არავის უგია". ღირდა ვითომ ეს დაკონკრეტება მკითხველისთვის წიგნის კითხვის დაწყების წინ? იქნებ ჯობდა ბოლოში მიეწერა ავტორს, რადგან რომანი სულ სხვა კუთხიდან იშლება, ახალგაზრდა მწერალი ქალის, ანა ნაკაშიძის ფსიქოლოგიური პრობლემებიდან, და მერე განუწყვეტლივ ფართოვდება არეალი - ერთი ქალის ცხოვრებისეული პერიპეტიებიდან ავტორს ნაბიჯ-ნაბიჯ სულ სხვა სფეროებში შევყავართ და სამხედრო დანაშაულზე წინასწარ რომ არ ყოფილიყო მინიშნება, ალბათ, მოულოდნელობის ეფექტიც მეტი იქნებოდა. მართალია, მალევე ვიგებთ, რომ ანა ნაკაშიძე დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუშაობს 90-იანი წლების თემაზე, მაგრამ ეს მაინც არაა ის ინფორმაცია, რომ მკითხველის, როგორც დეტექტივის, ვარაუდები კონკრეტული მიმართულებით წარმართოს. საერთოდ, ანა ნაკაშიძის ამნეზია არის ის ბაზისი, რაზეც მარი ბექაური აშენებს წიგნის სტრუქტურას და რიგრიგობით რთავს აქტუალურ და მტკივნეულ თემებს, მაგრამ თავად ეს ფსიქოლოგიური ხაზი, საბოლოო ჯამში, არადამაჯერებელი გამოდის რამდენიმე მომენტის გამო. მოვუსმინოთ ზაზა კოშკაძეს.

გადმოწერა


ზაზა კოშკაძე: ყველაზე სუსტი ხაზი არის ზუსტად ფსიქოლოგიური ნაწილი და ამ ქალის პრობლემა. გარდა იმისა, რომ ნახსენებია, რომ ეს არის რაღაც იშვიათი ტიპის ამნეზია, რეტროგრადული ამნეზია, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიგებთ, რა არის ეს რეტროგრადული ამნეზია და რას იწვევს ადამიანებში. თუნდაც ის, რომ ეს ამნეზიაა, არ შეიძლება იყოს ძლიერი მორალური არგუმენტი იმ ქმედებების უკან, რომელსაც გმირი მიჰყვება და რომელიც რაღაც თვალსაზრისით ფინალს უფრო სუსტს ხდის. მე პირადად წიგნმა სხვანაირი მოლოდინები გამიჩინა და ის ფინალი, რა ფინალიც ავტორმა მოიფიქრა, რაღაც თვალსაზრისით უცებ, ძალიან ეფექტურია, შოკისმომგვრელია, თუმცა არ არის ორიგინალური. ასეთ ისტორიებს სჭირდებათ ხოლმე „ტვისტი“, სიუჟეტის ისე შემოტრიალება, რასაც მკითხველი ვერ იფიქრებდა. ოთხი ტიპის ფინალი არსებობს ნაწარმოებისთვის და ერთი არის „ტვისტი“. ეს „ტვისტი“ არის, როდესაც მთელი სიუჟეტი მიემართება ერთი კუთხით და ფინალი აღმოჩნდება სრულიად სხვა და ფინალში ხვდები, რა ხდებოდა. ჩვენს შემთხვევაში ის, რაც ბოლოში ირკვევა, რეალურად შენც გებადება აზრად და მწერალიც თვითონ ამაზე მიგანიშნებს.

ანას ისტორიას სამი ადამიანი ჰყვება: მისი ქმარი, მისი ფსიქოთერაპევტი და მისი საქმის გამომძიებელი. როდესაც ასეთი ტიპის ტექსტები იწერება, მწერლები მუდამ ცდილობენ, მთხრობელთა ხმები განსხვავებული იყოს ლექსიკით, მეტყველების მანერით, ინტონაციით. გასაგებია, რომ ეს არაა იოლი საქმე და ამ ჯერზე მარის ეს არც გამოუვიდა - ყველა მთხრობელის ენა ერთნაირია, მაგრამ იმედია, სამომავლოდ ამ კუთხითაც იფიქრებს ახალი ტექსტების წერისას. ამ სამი მთხრობელის გარდა, მთხრობელად ანაც გვევლინება, ოღონდ მხოლოდ წიგნის დასაწყისსა და ფინალში. ამით ავტორმა თითქოს ტექსტი შეკრა, მთავარი გმირის ორ მონოლოგს შორის მოაქცია, მაგრამ ამ ორი შინაგანი მონოლოგის წინააღმდეგობრიობა, ანუ ერთგან სიცრუის და მეორეგან სიმართლის ლაპარაკი ფსიქოლოგიურად სრულიად გაუმართლებელია. მოვუსმინოთ კვლავ ზაზა კოშკაძეს.

ზაზა კოშკაძე
ზაზა კოშკაძე

ზაზა კოშკაძე: ანას მონოლოგმა ძალიან გაურთულა საქმე, იმიტომ რომ, როგორ შეიძლება ამ პერსონაჟმა ილაპარაკოს და არ თქვას ის, რაც იცის, ანუ ძალიან დიდი შანსია, რომ ხელოვნურობა შეეტყოს მაგ შემთხვევაში. შინაგან მონოლოგში ხომ ყველა იმაზე ლაპარაკობს, რას წარმოადგენს მისი პრობლემა. და ის ფაზები, რომლებსაც ანა გადის, იმდენად პროფესიონალური და დახვეწილია, იმდენად ბევრია ამაზე ნაფიქრი, გიჩნდება კითხვა, სხვა რაიმე „ბექგრაუნდსთორი“ ხომ არ ჰქონდა ამ ქალს, იმიტომ რომ ასე ცოტა რთულია, ამდენი ფაზა ისე გაიარო, რომ ყველა იყოს გაურკვევლობაში და ბურუსით იყოს მოცული ყველაფერი შენს გარშემო. ჩემი გადმოსახედიდან იქნებოდა უკეთესი, თუ ამ გმირს კიდევ ექნებოდა რაღაც უნარი, რომელიც გაამართლებდა მის არაორდინარულად გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ცოტა წარმოუდგენელია.

რაც მთავარია, არის სიუჟეტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე რთულად შესაქმნელი, ალბათ, და თავად ის სინდრომიც შეიძლება იმაში დასჭირდა ავტორს, რომ მთლად ბოლომდე არ აეხსნა, რა ხდებოდა, რომ მეტი ვერსიების გაჩენის საშუალება მიეცა მკითხველისთვის. სხვათა შორის, კიდევ ერთი რამ არის ხაზგასასმელი: მსგავსი ტიპის წიგნებისთვის დამახასიათებელი არ არის რაღაც ისეთი, გრანდიოზული მესიჯის წამოწევა, - ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ მახსენდება, შეიძლება ვცდები, მაგრამ თუ დავაკვირდებით, მარის მთლიანი წიგნის მორალი გამოდის ის, რაც რეალურად მსოფლიოში ხდება, და ამაში მარი თითქოსდა ადანაშაულებს დასავლურ სამყაროს - იმ ყველაფერში, რაც ხდება სხვადასხვა არადასავლური სამყაროს ქვეყნებში - უსამართლობა და ომები და ა.შ. და რეალურად ამ თვალსაზრისით, ამ იდეით შეპყობილი გამოდის, საბოლოო ჯამში, მისი გმირი. მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე.

ჩემთვის რომანის მთავარი მესიჯი ანას ფინალურ მონოლოგში იკითხება, სადაც იგი საკუთარ თავს გადამხდარ მთელ ამბავს "ტომსოიერობანას" არქმევს. "ჯერ მე ვამბობდი: "ტომ!" და პასუხი არ იყო. მერე სხვები მეუბნებოდნენ: "ტომ!" და პასუხი არ იყო". ეს გაუცხოება, უფრო სწორად, წაყრუება, კომუნიკაციაზე ხშირ შემთხვევაში უარის თქმა იმიტომ, რომ მან შეიძლება პრობლემები გააჩინოს, აწყობილი კონიუნქტურა დაანგრიოს, ავტორის თვალთახედვით, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დანაშაული მუდამ იჩქმალება, ძლიერი მხარისგან დახმარება დროულად არ მოდის და ამიტომ სუსტი მხარე ღიზიანდება და თავად ამბობს უკვე კონტაქტზე უარს, თავად იგუბებს პირში წყალს და ასე პირში წყალჩაგუბებული აგრესიული ხდება.

ანუ, მთლიანობაში, მარი ბექაური ძალიან არსებით, გლობალურ საკითხებს შეეხო და ეს ყველაფერი ჟანრული ლიტერატურის ფარგლებში გააკეთა. თუმცა აქ ეს ჟანრულობაც ლავირებს და ფსიქოლოგიური დრამის, დეტექტივისა და პოლიტიკური რომანის ნაზავს წარმოადგენს თავისი "სასპენსით" თუ "ექშენით". შეიძლება ითქვას, რომ ის შესანიშნავი, თითქმის მზა მასალაა კინოსცენარისთვის და სულაც არ იქნება ჩემთვის გასაკვირი, თუ რამდენიმე წელიწადში ფილმ "ანას მომენტს" ვნახავ. დაბოლოს, ერთხელაც მოვუსმინოთ ზაზა კოშკაძეს.

ზაზა კოშკაძე: მშვენივრად არის დაწერილი რეალურად, მართლა კითხვადი არის და ემოციურიც არის ხშირ შემთხვევაში. ყველაზე მეტად მაინც ქმრის მომენტი მომეწონა. მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ანას რეტროგრადული ამნეზიის სინდრომი. კარგადაც არის მოყოლილი, თუ რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი ცოლი და უცებ, ერთ დღეს, ყველაფერი თავზე ენგრევა. საკმაოდ კარგი ახალი წიგნი გამოუვიდა, ჩემი აზრით, საუკეთესოა მაინც მის რომანებს შორის, იმიტომ რომ წერის თვალსაზრისითაც გამართულია, ბევრად უფრო ღრმაც არის, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ეხება და აქტუალურ პრობლემებს თანამედროვე სამყაროსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG