Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს ტრიბუნაზე


საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთ-საქართველოს ომი და სამომავლო ურთიერთობები, კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენა, ყოფილ მაღალჩინოსანთა დასჯის ალბათობა და ყოფილი ხელისუფლების მიზანმიმართული სიცრუე - ძირითადად ასეთი აქცენტები გამოიკვეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 23 აპრილის გამოსვლაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე. ძირითადი გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა 20-მდე შეკითხვას, რომელთა უმრავლესობაშიც შეინიშნებოდა კრიტიკული ან ეჭვნარევი დამოკიდებულება საქართველოს ახალი ხელისუფლების მისამართით.

იმას, რომ უცვლელი და მტკიცეა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა გამოსვლის დასაწყისშივე საგანგებოდ გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების ერთგული რჩება:

”საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი და ამას ალტერნატივა არა აქვს. ეს არჩევანი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა. საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, ასახავს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენი ხალხის ერთგულებას”.

მცირე ქვეყნების წინააღმდეგ კვლავაც ხორციელდება აგრესია. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტიც 2008 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული...
ბიძინა ივანიშვილი
რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანას, რომლის ინტერესების გატარებაშიც ხშირად ადანაშაულებს საქართველოს ძველი ხელისუფლება ახალ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ უწოდა ოკუპანტი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული საუკუნიდან მოყოლებული, რეგიონის სხვა პატარა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც განიცდიდა დიდი ქვეყნების აგრესიას. საქართველოს შემთხვევაში ლაპარაკია რუსეთზე და საფრთხე კვლავაც არსებობს:

”ომის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან მცირე ქვეყნების წინააღმდეგ კვლავაც ხორციელდება აგრესია. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტიც 2008 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული”.

მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის ხარჯზე. ამასთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ პროცესმა არ უნდა ჩაანაცვლოს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევით მიმდინარე პროცესები და ამ კუთხით საგანგებოდ აღინიშნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლი.

იმავე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით კითხვა-პასუხის რეჟიმში გამორჩეულად აქტიურობდა რუსეთის დელეგაცია. მაგალითად, დაისვა შეკითხვა, საჭიროა თუ არა ძალდატანება, როდესაც ოსებს და აფხაზებს აღარ უნდათ საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრება. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ამ კონტექსტის ყველა კითხვას თითქმის ერთნაირად პასუხობს: საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება, უნდა განავითაროს ეკონომიკა და უნდა გახდეს მიმზიდველი ქვეყანა აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რათა მათ თავად მოისურვონ ქართველებთან ერთ სივრცეში ცხოვრება.

მე ვფიქრობ, რომ, თუ არა სააკაშვილის მძიმე შეცდომები, რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა ასეთი დიდი აგრესიის განხორციელება...
ბიძინა ივანიშვილი
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა პუშკოვმა წამოჭრა საკითხი ევროსაბჭოს სივრცეში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა შესაძლო მონაწილეობის თაობაზე, ვთქვათ, ისევე, როგორც ეს კოსოვოს შემთხვევაში მოხდა - მონაწილეთა დაპატიჟება ხმის უფლების გარეშე. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზებს და ოსებს, როგორც საქართველოს განუყოფელი რეგიონების წარმომადგენლებს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღების საშუალება მხოლოდ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში აქვთ. ამასთან, ამგვარ პერსპექტივას საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმის გამოც ვერ ხედავს, რომ, კოსოვოსგან განსხვავებით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დღეისათვის აბსოლუტურად დახურულია საერთაშორისო მონიტორინგისთვის.

”თქვენ ძალიან გიყვართ პუტინი” - ასეთ წინადადებას შეიცავდა პოლონელი დეპუტატის შეკითხვა, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდებოდა და რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა არ დამალა, რომ სააკაშვილის რიტორიკა ამოიცნო. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პოლიტიკა არა პიროვნებათა სიყვარულზე, არამედ ქვეყნის ინტერესებზე უნდა იყოს დამყარებული და რომ ქვეყანამ, პირველ რიგში, საკუთარი ხელისუფლების ქმედებები უნდა შეაფასოს:

”ხალხმა, პირველ რიგში, საკუთარ მთავრობას უნდა მოსთხოვოს პასუხი იმ შეცდომებზე, რაც მათ დაუშვეს და, მე ვფიქრობ, რომ, თუ არა სააკაშვილის მძიმე შეცდომები, რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა ასეთი დიდი აგრესიის განხორციელება”.

23 აპრილს დასმული რამდენიმე შეკითხვა მიეძღვნა კოჰაბიტაციის პროცესის პრობლემებს საქართველოში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ თანაარსებობას თავად ძველი ხელისუფლება და დიდწილად პრეზიდენტი სააკაშვილი ართულებს - მაგალითად, ელჩების დამტკიცებისა თუ სასამართლო რეფორმის პროცესის შეფერხების გზით. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ კოჰაბიტაცია უნდა გაიმიჯნოს სამართლიანობის აღდგენისგან, რაც ძველი ხელისუფლებისგან გატანჯულ ხალხს ”ღირსების გრძნობას” დაუბრუნებს, ”მოუშუშებს იარებს” და ”გაუნელებს რისხვას”. ხაზგასმით აღინიშნება, რომ ამ პროცესში დამნაშავეთა დასჯაც იგულისხმება:

ოსტატური სიცრუე და სიცრუის გავრცელება წინა ხელისუფლების და დღევანდელი ოპოზიციისა - ამის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ, კარგი იქნებოდა, რომ ინფორმაცია ორივე მხრიდან გადამოწმდეს...
ბიძინა ივანიშვილი
”ეს გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისგებაში მიცემას ყველა სათანადო სამართლებრივი პროცედურის სრული დაცვით; მაგრამ გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ათასობით საქმის ერთგული საჯარო მოხელე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მსახურობდა. ჩვენი მხრივ კი, ძალას არ დავიშურებთ, რომ ყველა ჩვენი სტრატეგია სრულიად გამჭვირვალე იყოს”.

საქართველოში მიმდინარე პროცესების სამართლიანად შეფასების საქმეში ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით გამოყოფს მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მეთვალყურეების მუშაობას საქართველოში. პრემიერ-მინისტრმა პროცესების მონიტორინგის მიზნით საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებიც დაპატიჟა და ფრიად დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოში უკვე მუშაობენ ეუთოს მიერ მოვლენილი მეთვალყურეები და, ასევე, მრჩევლის სტატუსით მუშაობს ევროკავშირის მიერ მოვლენილი ტომას ჰამარბერგი - ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ენა, რომლითაც ყოფილი ხელისუფლება ლაპარაკობს, მიმართულია საერთაშორისო თანამეგობრობისკენ და გაუგებარია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგანაც ეს რიტორიკა სიცრუეზეა დამყარებული. იმის გამო, რომ შეფასებებს ხშირად ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებდნენ, ბიძინა ივანიშვილმა 23 აპრილის გამოსვლაში ევროპელი პარტნიორებიც გააკრიტიკა. კრიტიკა ძირითადად მიმართული იყო ევროპის სახალხო პარტიისკენ, რომელმაც მარტში მეტად მწვავე შეფასებები გააკეთა საქართველოს ახალი ხელისუფლების მისამართით. ბიძინა ივანიშვილი არ მალავს, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ეჩვენება ბრალდებები, მაგალითად, შერჩევით სამართალსა და მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც ასახული იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 24 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციაში, სახელწოდებით - ”მედიის თავისუფლების მდგომარეობა ევროპაში”.

”ოსტატური სიცრუე და სიცრუის გავრცელება წინა ხელისუფლების და დღევანდელი ოპოზიციისა - ამის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ, კარგი იქნებოდა, რომ ინფორმაცია ორივე მხრიდან გადამოწმდეს, როდესაც ასეთ მძიმე საკითხებზე ხდება დადგენილების გამოტანა”.

კრიტიკის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთგული რჩება ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და მათ შესრულებას ახალი ხელისუფლება უფრო დაჩქარებული ტემპით შეეცდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG