Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები გორში


გორში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების განხორციელება დაიწყო. ადგილობრივ ბიუჯეტში ამხანაგობათა პროექტების დასაფინანსებლად სპეციალური მუხლი არსებობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ ფინანსებით ბინათმესაკუთრეები არ სარგებლობენ. მერიის თანამშრომლები ყოველი საჯარო შეხვედრის დროს მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. წლების განმავლობაში ბიუჯეტში აუთვისებელი თანხები რჩებოდა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამხანაგობების ნაკლები აქტიურობა სოციალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების არსი შემდეგში მდგომარეობს: ამხანაგობაში გაწევრიანებული მოქალაქეები კორპუსებსა და ეზოებში არსებული საერთო ქონებისა და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მერიას პროექტს წარუდგენენ, მერია კი ასეთ პროექტებს 80 პროცენტით აფინანსებს. 20 პროცენტი ამხანაგობამ უნდა გაიღოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ თანხის შეგროვებაც ჭირს. გელდიაშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსების მცხოვრებლებმა სასმელი და საკანალიზაციო სისტემების გამოცვლა გადაწყვიტეს და დასაფინანსებლად მერიას მიმართეს. პროექტის ღირებულებამ 8 500 ლარი შეადგინა. სამუშაოების დაწყებას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრო და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა გააქტიურებისკენ.

გელდიაშვილის ქუჩის მცხოვრები ლია დავითიშვილი ამბობს, რომ 3 წლის განმავლობაში პრობლემა მოუგვარებელი იყო. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და მოსახლეობის მიერ გაღებული თანხით კი საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების აღდგენა დაიწყო. მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ მერია თანადაფინანსების პროცენტს უფრო გაზრდის და ამის შემდეგ მოქალაქეებს პროექტის ღირებულების მხოლოდ 10 პროცენტის დაფარვა მოუწევთ.

საკრებულოს წევრის ვანო ჩხიკვაძის აზრით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა თანადაფინანსების პროგრამით უნდა ისარგებლონ, რაც ქალაქის კორპუსებსა და ეზოებში ვითარებას მნიშვნელოვნად გამოასწორებს, საზოგადოებას კი საერთო ქონებაზე თანამესაკუთრეობის განცდა გაუჩნდება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე თანადაფინანსების ბიუჯეტი გაორმაგდება და ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს, ხოლო მერია, 80 პროცენტის ნაცვლად, პროექტებს უკვე 90 პროცენტით დააფინანსებს. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება მედიას და არასამთავრობო სექტორს, საზოგადოების გააქტიურების თვალსაზრისით, დახმარებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტში, წინა წლების მსგავსად, ისევ აუთვისებელი თანხები დარჩება.

XS
SM
MD
LG