Accessibility links

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ 14 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. „ქვეყნის ეკონომიკა არის ჯანმრთელი, ჯანსაღი და აუცილებლად განვითარდება“, განაცხადა პროექტის წარდგენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომლის თანახმადაც 2017 წლის ბიუჯეტი სწორედ პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მისგან და მმართველი გუნდისგან რადიკალურად განსხვავდებოდა პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებები. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი ქვეყნასა და მის მოსახლეობას გაღარიბებით ემუქრება.

საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის -„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - შესრულებას, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ანუ რეფორმების ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით, მთავრობის თანახმად, მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. მათ შორის, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ისეთი ბერკეტების ამოქმედება, როგორიცაა: საბიუჯეტო ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა 10-10 პროცენტით, საბიუჯეტო პროგრამების ნაწილის შემცირება ან გაუქმება, სახელმწიფო ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შემცირება და სხვა. საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს, ასევე, დამატებითი შემოსავლების მიღების ისეთი საშუალებების ამოქმედებას, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმზე, ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდა:

“აქვე ძალიან მნიშვნელოვანია და კვლავ მინდა დავუბრუნდე მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც, დამატებით, ყოველწლიურად 500 მილიონი ლარის ლიკვიდობას შექმნის ჩვენს კერძო ბიზნესში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 10 000-ობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორის ინვესტიციები იქნება წახალისებული და სწორედ ეს არის ის გადასახადი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებისთვის“, განაცხადა მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პარამეტრების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457, 2 მლნ ლარით განისაზღვრა. მათ შორის შემოსავლებია 9 489,5 მლნ ლარი, საიდანაც საგადასახადო შემოსავლებია 8 820, 0 მლნ ლარი, გრანტები - 284, 5 მლნ ლარი, სხვა შემოსავლები კი - 385, 0 ლარი. პროექტის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი კი 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ოდენობის 4,1 პროცენტზეა დაგეგმილი. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ დეფიციტის შემცირება 2020 წლისთვის საგრძნობი იქნება:

“შეფასებული ბიუჯეტის დეფიციტი ჩვენ გვექნება 4, 1 პროცენტი, შემდგომში - 3,8; 3,6 და 2,5 ჩამოვალთ უკვე 2020 წლისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დეფიციტის ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება არის გათვალისწინებული შესაბამისად. მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული დაფინანსების წყაროები იქნება საგარეო ვალის წმინდა ზრდა - 935 მილიონი, საშინაო ვალის ცვლილება აქ იქნება 390 მილიონი ლარი და პრივატიზაცია იქნება 160 მილიონი ლარი“.

როგორ შეაჩერებენ ფასების ზრდას ლარის ასეთი საშინელი გაუფასურების პირობებში? რა მექანიზმი არსებობს, აპირებენ თუ არა სუბსიდირებას და ბიუჯეტში, ასე ვთქვათ, თანხების მოძიებას, რაც ან დამატებითი ვალის აღებას ნიშნავს, ან ნიშნავს სხვა ახალი გადასახადების შემოღებას?...
რომან გოცირიძე

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415, 5 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა კი 9 121, 2 მლნ ლარს შეადგენს. წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება, მაგალითად, 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 144, 8 მლნ ლარითაა გაზრდილი და 1 116.2 მლნ ლარს შეადგენს, თავდაცვის სამინისტროსთვის 748,0 ლარია გამოყოფილი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 585, 0 მლნ ლარი, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი 3 415.8 მლნ ლარი იქნება. 2016 წლის გეგმასთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 253,8 მლნ ლარითაა გაზრდილი. ეს ზრდა არასაკმარისად მიაჩნია მმართველი ძალის ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობას“, კერძოდ, მის წარმომადგენელს, გიგი წერეთელს:

“როცა ლაპარაკობთ სოციალურ სფეროზე, იქ მატება გაქვთ საპენსიო ნაწილში, რომ შენარჩუნდეს 180-ლარიანი პენსია ამ წელიწადს, ასევე -მაღალმთიანი რაიონების უზრუნველყოფაზე, მაგრამ თვითონ ჯანდაცვაზე, თუ არ ვცდები, სადღაც 24 მილიონი ემატება. თუ ამ მოდელს ინარჩუნებთ, მაშინ რა ფინანსურ გათვლებს უკავშირებთ ასეთ მცირე მატებას? იმიტომ რომ, როგორც გითხარით, ყოველ წელს თითქმის 100 მილიონამდე დამატება სჭირდება ამ ბიუჯეტს და ის კიდევ უფრო გაიზრდება მომავალ წელსაც, თუ გავითვალისწინებთ ფასებს და ინფლაციას“.

პლენარული სხდომის დარბაზში ფინანსთა მინისტრის მიმართ დასმული შეკითხვები თანაბრად შეეხებოდა როგორც მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დაგეგმილ პარამეტრებს, ისე, ზოგადად, მთავრობის ეკონომიკურ კურსს და განსაკუთრებული სიმწვავით - სავალუტო კრიზისს. დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელ საკითხს მთავრობა ზედაპირულად უყურებს და, მისი შეფასებით, განცხადებები საგანგაშოა:

“როგორ შეაჩერებენ ფასების ზრდას ლარის ასეთი საშინელი გაუფასურების პირობებში? რა მექანიზმი არსებობს, აპირებენ თუ არა სუბსიდირებას და ბიუჯეტში, ასე ვთქვათ, თანხების მოძიებას, რაც ან დამატებითი ვალის აღებას ნიშნავს, ან ნიშნავს სხვა ახალი გადასახადების შემოღებას? თუ არ აპირებენ, სადამდე იქნება პოლიტიკური ზეწოლა მარეგულირებლებზე?“

პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ფინანსთა მინისტრისადმი შეკითხვები ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაისვა. რაც შეეხება მმართველ „ქართულ ოცნებას“, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა, მთავრობის მიერ დასახული გეგმები ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს:

“როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ვერ ავუვლით გვერდს ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენი მეგობრების და, მათ შორის, ამერიკის ელჩის, ასევე მსოფლიო ბანკის, ასევე სავალუტო ფონდის პოზიციას. მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გეგმა არის დადებითი ხასიათის და მათ აქვთ იმედი, რომ ეს განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი პოზიციები ამაში ემთხვევა, თქვენ აქ ხართ განსხვავებულ პოზიციაზე“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოსაზრებების წარადგენისას, თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ, 2016 წლის გეგმასთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები სულ 10,5 პროცენტითაა გაზრდილი და ეს მატება ძირითადად აქციზის გადასახადზე მოდის. აქვე მან დააზუსტა, რომ აქციზის გადასახადის გაზრდა ზოგიერთი საქონლის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა ზრდის გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება.

თუმცა ის, რომ 2017 წლის ფინანსური დოკუმენტი ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტია არადამაჯერებელი გამოდგა ოპოზიციისთვის–ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG