Accessibility links

ზუგდიდის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო


ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ამჟამად მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საკრებულოს კომისიები და ფრაქციები ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სულ 35 მილიონ 100 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მასში პრიორიტეტულ ნაწილად დასახელებულია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, ინფრასტრუქტურა და განათლება.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სულ 35 მილიონ 100 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
  • ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით 2 მილიონ 900 ათასი ლარია განსაზღვრული.
  • ბიუჯეტის პროექტი უკვე განიხილეს ფრაქციებმა „ქართული ოცნება -დემოკრატიულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.
  • ბიუჯეტის საკომისიო განხილვები 15 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

ბიუჯეტის სოციალური და ჯანდაცვის ნაწილი უკვე განიხილა შესაბამისმა კომისიამ, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ორმა - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ - წევრმა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიზეზად აღნიშნეს, რომ დოკუმენტს დეტალურად არ იცნობენ, რადგან მასზე მერიის შესაბამისი სამსახურები ჯერ კიდევ მუშაობენ.

ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით 2 მილიონ 900 ათასი ლარია განსაზღვრული, რაც, შარშანდელთან შედარებით, 400 ათასი ლარით მეტია. თანხიდან ორი მილიონი სოციალურ კომპონენტს მოხმარდება, დანარჩენი ჯანდაცვას.
დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“, ბათლომე შელია, ამბობს, რომ ბიუჯეტი სრულად ვერ დააკმაყოფილებს მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით არსებულ მოთხოვნებს, ამიტომ ცდილობენ თანხები პრიორიტეტულად გადაანაწილონ.

„რა საშუალებებიც არის, იმის ფარგლებში ვცდილობთ თანხების სამართლიანად გადანაწილებას. მე მქონდა შენიშვნები სხვადასხვა საკითხზე. მქონდა უფასო სასადილოს ბენეფიციარების გაზრდასთან დაკავშირებით, რაზეც გვპირდებიან, რომ გაიზრდება. მქონდა შეკითხვები რაციონის გაზრდაზე, რაზეც გვპირდებიან, რომ გაიზრდება“, - ამბობს ბათლომე შელია.

მის საპასუხოდ კომისიის სხდომაზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ აღნიშნა, რომ უფასო სასადილოში დღეისთვის 250 ადამიანს ემსახურებიან და მომართვის შემთხვევაში ამ პროგრამაში სხვებსაც ჩართავენ. მისივე თქმით, ამ მიმართულებით თანხები გაზრდილია. შესაბამისად, ერთ პირზე რაციონის ღირებულებაც 1,50 ლარით გაიზრდება. გეგმაშია საკვების შინ მიტანის სერვისის ამოქმედებაც.

ზუგდიდი
ზუგდიდი

კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, პაატა ადამია, ამბობს, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურმა არ წარადგინა კომისიის სხდომაზე პროგრამების დეტალური მაჩვენებელი, რის გამოც მან მხარი არ დაუჭირა. გარდა ამისა, მას სხვა შენიშვნაც აქვს:

„ყველაზე ცუდი, რაც ბიუჯეტშია და რაც მე ყველაზე მეტად არ მომწონს, არის ის, რომ ყველაზე პრიორიტეტული ნაწილი, რაც არის ჯანდაცვა და სოციალური სფერო, თანხობრივად შეადგენს ბიუჯეტის მხოლოდ 8 %-ს , როდესაც მერიის თანამშრომლების ხელფასი, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, 5 მილიონზე მეტია, ანუ თითქმის ორჯერ მეტი თანხაა ჩადებული ბიუჯეტში“, - აღნიშნა პაატა ადამიამ.

თავის მხრვ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია ამბობს, რომ, საერთო ჯამში, ბიუჯეტი ჯანდაცვისა და სოციალურ ნაწილს გაეზარდა, თანხის გადანაწილებისას კი შეეცადნენ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ მოსახლეობის საჭიროებები.

ჩვენი მუნიციპალიტეტი არ იტყვის უარს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სკრინინგულ პროგრამებზე...
ნინო სხულუხია

„არის ახალი პროგრამები, რომელიც მიმართული იქნება დაავადებების პრევენციისა და სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებისკენ. უკვე დასახულია პრიორიტეტული ჯგუფები. აქცენტი გაკეთდება ონკოლოგიურ ავადმყოფებზე. ჩვენი მუნიციპალიტეტი არ იტყვის უარს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სკრინინგულ პროგრამებზე“, - განმარტა ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ.

ბიუჯეტის პროექტი უკვე განიხილეს ფრაქციებმა „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

მმართველი პარტიის ფრაქციას მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე შენიშვნები არ დაუფიქსირებია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ოპოზიციური პარტიის ფრაქციამ შენიშვნებისა და რეკომენდაციების 6-გვერდიანი დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც ნათქვამია, რომ თანხები არ არის მიზნობრივად გადანაწილებული.

ბიუჯეტის საკომისიო განხილვები 15 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG