Accessibility links

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნებით


საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს. პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან საბიუჯეტო დეფიციტი, მთავრობის პირველად პროექტთან შედარებით, 1,6-დან 1,4 პროცენტამდე მცირდება, ხოლო შემოსულობების ნაწილში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 95 მილიონი ლარითაა გაზრდილი. საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. მის პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება სახელდება. საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტს ქვეყნის ეკონომიკური გაუმჯობესების ხელშემწყობ დოკუმენტად არ მიჩნევს.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო. მისი შეფასებით, ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები:

“დღეს მე თქვენ წარმოგიდგინეთ 2018 წლის ბიუჯეტი, წარმოგიდგინეთ ასევე ის ძირითადი მიმართულებები, როგორც უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ ის არის სრულ შესაბამისობაში იმ ჩვენს დაპირებებთან, რომელი დაპირებებიც ჩვენ 2016 წელს, როდესაც პარლამენტის არჩევნები იყო, მივეცით ჩვენს მოქალაქეებს“.

მოქალაქეებისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებებიდან ასევე ცნობილი გახდა ის, რომ მთავრობის პრიორიტეტულ რეფორმებს შორის არის საპენსიო რეფორმაც და პენსიის ზრდაც, თუმცა ეს ზრდა 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის:

მე ძალიან ბევრი ბიუჯეტი მინახავს - ჩემი გამოცდილება ასეთი არის - და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ბიუჯეტი, რაც მე მინახავს და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ ბიუჯეტის ფარგლებში პირველად ხდება ძალიან მკაფიოდ გამიჯვნა ერთმანეთისაგან პრიორიტეტულის და მნიშვნელოვანის...
რომან კაკულია

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიმდინარე ხარჯების ნაწილში წარმოდგენილიც იყო, როდესაც ჩვენ საშუალოვადიანი ბიუჯეტი წარმოვადგინეთ, რომ 2019 წელს და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით 20 ლარით 2019 წელს და 20 ლარით 2020 წელს გაიზრდება პენსიები“.

სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის დასახელდა სიღარიბეც. კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან უკიდურეს სიღარიბეს 500 000-მა ადამიანმა დააღწია თავი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რჩება 700 ათასი ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე საქართველოს მოქალაქე ღარიბია, უმუშევრობის მაჩვენებელი კი 11,8 პროცენტს შეადგენს.

საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, იზრდება რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება. ამ სამინისტროთა შორის 574 მილიონი ლარით იზრდება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, 112 მილიონი ლარით შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, 63 მილიონით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარჯები. ბიუჯეტი ეზრდებათ ასევე შინაგან საქმეთა, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შენიშნავენ, რომ ბიუჯეტის პარამეტრები გაწერილია ისე, რომ იგი ეფექტურად მოხმარდეს პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული და სოციალური რეფორმების განხორციელებას, ტურიზმისა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გამოყენების ხელშეწყობას.

თქვენი მთავრობა არ ზრდის მომავალ წელს არც პენსიას, არც პოლიციელის ხელფასს, არც მასწავლებლის ხელფასს, არც დევნილების შემწეობას, მაშინ როცა, 2012 წელთან შედარებით, ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები, პრემიები გაზრდილია 369 მილიონი ლარით...
გიორგი კანდელაკი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თანახმად, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი სხვა თვალსაზრისითაც გამორჩეულია:

“მე ძალიან ბევრი ბიუჯეტი მინახავს - ჩემი გამოცდილება ასეთი არის - და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ბიუჯეტი, რაც მე მინახავს და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ ბიუჯეტის ფარგლებში პირველად ხდება ძალიან მკაფიოდ გამიჯვნა ერთმანეთისაგან პრიორიტეტულის და მნიშვნელოვანის. ეს გამოწვევა საქართველოს ეკონომიკაში ყოველთვის იყო. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მნიშვნელოვანთა შორის პრიორიტეტულის თავის ადგილზე დაყენება. ამ ბიუჯეტმა ეს შეძლო“.

რომან კაკულიას არ ეთანხმება ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი:

“თქვენი მთავრობა არ ზრდის მომავალ წელს არც პენსიას, არც პოლიციელის ხელფასს, არც მასწავლებლის ხელფასს, არც დევნილების შემწეობას, მაშინ როცა, 2012 წელთან შედარებით, ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები, პრემიები გაზრდილია 369 მილიონი ლარით. ამ ფონზე რატომ არ ითვალისწინებთ „ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი ლიდერის, დავით ბაქრაძის, წინადადებას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით პენსიის 50 ლარით გაზრდის შესახებ?“

2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვას საქართველოს პარლამენტში არც ლარის გაუფასურების მიზეზებსა თუ შედეგებზე დისკუსიის გარეშე ჩაუვლია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, რომან გოცირიძის, რიტორიკული შეკითხვაც, შესაბამისად, შემდეგი შინაარსის იყო: რა არის პრიორიტეტი - ფასების და ლარის სტაბილურობა თუ მოჩვენებითი ეკონომიკური ზრდა?

“თქვენ გაეცით 500 მილიონი ლარის ოდენობის სესხი 5 ივლისიდან მოყოლებული დღემდე კომერციულ ბანკებზე. რა უჭირთ ასეთი კომერციულ ბანკებს, რომ თქვენ არ გაიღოთ მოწყალება და მათ არ წაეშველოთ საკრედიტო რესურსების ფორმირების პროცესში. იმოქმედა თუ არა ამან ლარის გაუფასურებაზე? როდესაც ლარი უფასურდებოდა და თქვენ ძალიან კარგად ხედავდით ამას, რატომ გაეცით სამშაბათს 50 მილიონი ლარი დამატებითი სესხი კომერციულ ბანკებზე? ეს ფული რომ დაებრუნებინათ ბანკებს, მათ მოუწევდათ ვალუტის გაყიდვა და არ იქნებოდა ლარზე ზეწოლა“.

ამ და ამ ტიპის სხვა მწვავე შეკითხვების ფონზე კი საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე ორიენტირებულ დოკუმენტად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. პროექტს საფუძვლად 3-პროცენტიანი დეფიციტი და ეკონომიკური ზრდის 4, 5-პროცენტიანი პროგნოზი უდევს.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დასახვეწად კვლავ მთავრობას დაუბრუნდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG