Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალტერნატიული ისტორია


1917 წლის 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი გადაწყვეტს პირველ მსოფლიო ომში ჩართვას. პირველად თავის ისტორიაში, იზოლაციონისტური ამერიკა გადაწყვეტს ევროპის „გორდიას კვანძის“ გადაჭრას. ვაშინგტონის გადაწყვეტილება, ორმილიონიანი სამხედრო კონტინგენტი (რომელიც შემდეგ 4,8 მილიონამდე გაიზრდება) გაეგზავნა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დასახმარებლად, გადაწყვეტს პირველი მსოფლიო ომის ბედს.

ასე, 100 წლის წინ, ამერიკა საბოლოოდ დაუკავშირებს საკუთარ ბედს ევროპას. ტრანსატლანტიკური დიდი ალიანსი, რომელიც ზუსტად 32 წლის შემდეგ ნატოს დაარსებით დაგვირგვინდება, წარმოუდგენელია ვილსონის 1917 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების გარეშე.

ცოტა ხნის წინ ფრანგი ისტორიკოსები არქივში წააწყდნენ ფილოსოფოს ანრი ბერგსონის მიერ ვაშინგტონში შედგენილ კონფიდენციალურ ნოტას. ანრი ბერგსონი ვაშინგტონში იყო გაგზავნილი სპეციალური მისიით, რათა ვუდრო ვილსონის ადმინისტრაცია გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე დაეთანხმებინა. ბერგსონის ამ ნოტიდან (რომლის ადრესატიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრია და რომელიც დათარიღებულია 1917 წლის 2 მარტით), ჩანს, რომ 1917 წლის გაზაფხულის დასაწყისში ამერიკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ორჭოფობდა და არ იყო დარწმუნებული, საჭირო იყო თუ არა ევროპულ დიდ ომში ჩარევა. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ვილსონმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო 19 მარტს, როდესაც გერმანული წყალქვეშა ნავები სამ ამერიკულ ხომალდს ჩაძირავენ.

საინტერესოა, რა მოხდებოდა, ბერლინს რომ არ გადაეჭრა რუბიკონის ეს ხაზი და არ ჩაეძირა ამერიკული გემები, რაც ვაშინგტონისთვის casus belli აღმოჩნდება? იქნებ დარჩენილიყო ამერიკა ომს მიღმა? ბოლოს და ბოლოს, სულ რაღაც სამიოდ თვის წინ ვუდრო ვილსონის პრეზიდენტად მეორედ არჩევა ხომ „მან ომს აგვაცილა“ ლოზუნგით მოხდა?!

რა მოხდებოდა, ამერიკა რომ არ ჩარეულიყო 1917 წელს ევროპულ ომში და ამ ჩარევით არ ეთამაშა გადამწყვეტი როლი გერმანიის დამარცხებაში?

ამერიკის ჩარევის გარეშე ყველა შანს იყო საიმისოდ, რომ პირველი მსოფლიო ომი „საყაიმო ანგარიშით“ დამთავრებულიყო დასავლეთ ფრონტზე და გერმანიის გამარჯვებით აღმოსავლეთ ფრონტზე.

ამერიკა რომ არ ჩარეულიყო პირველ მსოფლიო ომში, გერმანია გადასცემდა საფრანგეთს ლოთარინგიას და დაუბრუნებდა სუვერენიტეტს ოკუპირებულ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. ამ „სულგრძელობის“ უფლებას ბერლინს აღმოსავლეთით მოპოვებული უზარმაზარი ტერიტორიები აძლევდა: 1918 წლის შემოდგომაზე აღმოსავლეთით გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ მეორის ხელში აღმოჩნდება გერმანიაზე ორჯერ უფრო დიდი ტერიტორია. ულტრანაციონალისტური პანგერმანული კავშირის (Alldeutscher Verband) ვერცერთი ყველაზე გადარეული წევრიც კი ვერ იოცნებებდა ასეთ მონაპოვარზე: ბერლინის ხელში იქნება ყირიმი (ანუ გერმანული რივიერა, როგორც მას გენერალი მაქს ჰოფმანი უწოდებდა), დონბასის ქვანახშირი, უკრაინის ხორბალი და კავკასიის ნავთობი. რუსეთი კი საზღვრებით პეტრე პირველამდელ ეპოქაში იყო გადასროლილი.

ჰელსინკი, ტალინი, ფსკოვი, მინსკი, კიევი, სევასტოპოლი, ხარკოვი, დონი, ნოვოროსიისკი, გროზნო, თბილისი, ბაქო... ამ ქალაქების აღებას სულ რაღაც შვიდ თვეში (1918 წლის 18 თებერვლიდან 15 სექტემბრამდე) უბრალო გასეირნებით, ერთი ტყვიის გასროლის გარეშე, მოახერხებს გერმანული ჯარი. „ასეთი უცნაური ომი მე არასდროს მინახავს“ - აღიარებს მოგვიანებით გენერალი მაქს ჰოფმანი...

დასავლეთის ფრონტზე ყაიმის შემთხვევაში სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არ იქნებოდა ხელმოწერილი გერმანიისათვის დამამცირებელი ვერსალის ხელშეკრულება. ანუ გერმანია ომიდან არ გამოვიდოდა აგრესიულად და რევიზიონისტულად განწყობილი. და რა ექნებოდა სარევიზიო, როცა აღმოსავლეთით ამხელა იმპერია ექნებოდა შექმნილი? უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, ფინეთი, კავკასიის ფედერაცია... ყველა ამ თავიდან დაბადებულ ქვეყნებს გერმანია აკონტროლებდა...

და იარსებებდა პოლონეთი, ანუ „ვერსალის ნაბიჭვარი“, როგორც მას მოგვიანებით მოლოტოვი და ჰიტლერი უწოდებდნენ?... შესაძლებელია გალიციაში (სადაც პოლონელები და უკრაინელები ერთმანეთს მიწებს ედავებოდნენ) ამ ორი ერის ხოცვა-ჟლეტის შემყურე ბერლინს გადაეწყვიტა და პოლონეთის ვასალური სახელმწიფოც კი შეექმნა (ოღონდ ბევრად უფრო მცირე, ვიდრე ვერსალის ხელშეკრულებით) დასავლეთ გალიციის ტერიტორიაზე, დედაქალაქ კრაკოვით. შეიძლება რუსინული სახელმწიფო შეექმნა დღევანდელი ბელორუსიის ტერიტორიაზე, რათა ბუფერული სახელმწიფო ჰქონოდა აგრესიულად და რევიზიონისტულად განწყობილ რუსეთთან (რუსინული სამეფო ცოტა გვიან დაარსდება და მხოლოდ ერთი დღე იარსებებს).

ამ სლავური ეთნიკური შუღლისკენ განწყობილი მიწების ადმინისტრირებისათვის ბერლინი კეთილგანწყობილ ებრაელებს დაეყრდნობოდა... უცნაური აქ არაფერი იქნებოდა: პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის ხელში მოხვედრილი 30 000 ებრაელი, 10 000 ბალტიისპირელი, 3 000 ქართველი სამხედრო ტყვე გადიოდნენ გერმანული ენის და პოლიტიკური აგიტაციის სპეციალურ კურსს. ერიხ ლუდენდორფის და მაქს ჰოფმანის აზრით ამ, ყოფილ ტყვეებს მომავალი კოლონიალური ბიუროკრატიული ადმინისტრაციის ხერხემალი უნდა შეედგინათ).

რაც შეეხება ვილნოს, ანუ ვილნიუსს, რომელსაც მარშალი პილსუდსკი ლიტველებს წაართმევს და პოლონეთს მიუერთებს, გერმანია სავარაუდოდ მას ქალაქ-სახელმწიფოდ გამოაცხადებდა (ისე, როგორც დანციგ-გდანსკი იყო 1919-1939 წლებში) და აღმოსავლეთ ევროპის ფინანსურ ცენტრად აქცევს. მალე ვილნიუსი გახდებოდა ევროპის საფონდო ბირჟის მთავარი ცენტრი.

რაც შეეხებათ Ostjuden-ს, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებს, ისინი პალესტინაზე აღარ იოცნებებდნენ... და რა საჭირო იქნებოდა, როცა ებრაელებს ვილნიუსი, ანუ როგორც თვითონ უწოდებდნენ, „ჩრდილოეთის იერუსალიმი“, ექნებოდათ... არც ივრითის გაცოცხლება მოუწევდა ვილნიუსის გუბერნიაში დაბადებულ ელიეზერ ბენ-იეჰუდა პერელმანს... სამაგიეროდ აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანულის შემდეგ მთავარი საკომუნიკაციო ენა იდიში გახდებოდა...

რაც შეეხება რუსეთს, რომელიც მოსკოვის დიდი სამთავროს ტერიტორიამდე იქნებოდა დაჭმუჭნილი და თან ინდუსტრიული ცენტრების გარეშე დარჩენილი (მაშინ ურალი არ იყო ინდუსტრიალიზებული), ბერლინი იქ მმართველად ბოლშევიკებს ნამდვილად არ დატოვებდა. თუ კიევში ნაციონალისტ პავლო სკოროპადსკით ჩაანაცვლა სოციალისტური მთავრობა, რატომ უნდა აეტანა გერმანიის მონარქს ულტრამემარცხენე ლენინი პეტროგრადში? მით უმეტეს მაშინ, როცა გერმანელ მემარჯვენეებს რომანოვების ტახტზე დასასმელად მარიონეტი დიდი თავადი კირილე ვლადიმირის ძე ჰყავდათ გამზადებული. ასე რომ, როგორც ჩაიყვანს 1917 წელს ვილჰელმ მეორე ლენინს დალუქული ვაგონით პეტროგრადში, ისე წამოიყვანდა იქიდან 1918 წელს, ოღონდ უკვე ე.წ. სტოლიპინის ვაგონით. ეს გერმანელ კომუნისტებს უკანასკნელ იმედს გამოაცლიდა ხელიდან, ხოლო გერმანელ ნაციონალისტებს კი - რადიკალიზაციის მიზეზს.

აქედან გამომდინარე, არც რევოლუცია მოხდებოდა გერმანიაში და არც ჯარიდან დემობილიზებული ჰიტლერი არ ჩაებმებოდა მიუნხენის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჰიტლერი სავარაუდოდ წავიდოდა ბერლინში, სადაც მის სამსახიობო ნიჭს (რომელიც მას ბევრად უფრო ჭარბად ჰქონდა, ვიდრე მხატვრის ან არქიტექტორისა) დიდი ალბათობით რეჟისორი მაქს რაინჰარდტი შეამჩნევდა და ერთ-ერთ საკუთარ თეატრის დასში მიიწვევდა... ნაცისტების მოსვლამდე ეს ებრაელი რეჟისორი ხომ ათზე მეტ ბერლინის სცენას ხელმძღვანელობდა (მკითხველს არ გაუკვირდეს, თუ ჰიტლერი ებრაელის მფარველობის ქვეშ გამოვიყვანე - ვენის და პირველი მსოფლიო ომის მძიმე წლებში ჰიტლერს ხომ ებრაელები მფარველობდნენ, როგორც, მაგალითად, დედამისის ექიმი ედუარდ ბლოხი ან პირველი მსოფლიო ომის დროს მისი ერთ-ერთი მეთაური, ლეიტენანტი ჰუგო გუტმანი)... თუ მელომან ჰიტლერს გაუმართლებდა, რაინჰარდტს შეიძლება მის მიერ დაარსებულ ზალცბურგის ფესტივალზეც კი წაეყვანა ხოლმე. ასე, მსახიობი ჰიტლერი ვაგნერს დაივიწყებდა, მოცარტის დიდი ფანი გახდებოდა და ზალცბურგელი კომპოზიტორის მსგავსად ცხოვრებას რომელიმე მასონურ ლოჟაში დაამთავრებდა...

რაც შეეხება გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ მეორეს და მის შთამომავლებს - დრო თავისას იზამდა და ბერლინში მონარქია კონსტიტუციური გახდებოდა, ხოლო სოციალ-დემოკრატები, რომლებიც მთავრობის სათავეში მოვიდოდნენ, გაიხსენებდნენ, რომ ევროპაში სოციალ-დემოკრატიის აკვანი საქართველო იყო. შესაბამისად, თვალს დახუჭავდნენ საქართველოს ფინანსურ სიტუაციაზე (დაახლოებით ისე, როგორც ეს საბერძნეთის ევროზონაში მიღების დროს მოხდა) და თბილისს არა მარტო გერმანიის კონფედერაციაში მიიწვევდნენ (მოკლევადიანი სამოგზაურო ვიზები ჯერ კიდევ 1941 წელს იყო გაუქმებული), არამედ ევრო-მარკის საერთო სავალუტო ზონაშიც კი შეიყვანდნენ...

დაბოლოს, 2017 წელს, „Radio Free America/Radio Liberty-ს“ მექსიკაში მოკალათებული ერთ-ერთი ბლოგერი დაწერდა ალტერნატიული ისტორიის შესახებ სტატიას სათაურით „რა მოხდებოდა, 1917 წელს გერმანიის წყალქვეშა ნავს ამერიკული გემები რომ ჩაეძირა...“

არ გჯერათ ამ ყველაფრის?

როდესაც გასული საუკუნის 60-იან წლებში ერთ ოდესელ რაბინს ჰკითხეს, რა მოხდებოდა ლი ჰარვი ოსვალდს ამერიკის პრეზიდენტ კენედის მაგივრად ჩვენი საყვარელი ნიკიტა სერგეევიჩი რომ მოეკლაო, რაბინი უპასუხებს - ეს არასდროს მოხდებოდა, რადგან არისტოტელე ონასისს ნინა ხრუშჩოვა არასდროს შეუყვარდებოდაო. ეს რაბინი ეტყობა იმ გერმანელი ფილოსოფოსების მოტრფიალე იყო, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისტორიას კანონები მართავენ. ამ რაბინისგან განსხვავებით მე ერთი ინგლისელი დრამატურგის პიესები უფრო მიყვარს, რომლის მიხედვით ისტორიას ბანალური ადამიანური გრძნობები - სიყვარული, ეჭვიანობა და შური - მართავს...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG