Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო


ბავარიაში მისი საყვარელი ტკბილეული შტოლენი გახდა - შაქრის პუდრმოყრილი ძალიან სქელი კონსისტენციის კექსი, გამოტენილი მარციპანით, ქიშმიშითა და ხილის ჩირით. ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ სუპერმარკეტის იმ თაროზე, რომელზეც ჩვეულებრივ ხედავდა ხოლმე, ეს ნუგბარი დროდადრო ქრებოდა. მერე მიხვდა, რომ შტოლენი სეზონური ტკბილეულია - ჩვენი გოზინაყისა არ იყოს - და მხოლოდ საშობაოდ ჩნდება გაყიდვაში. ერთხელაც ამ მოგრძო სითეთრის, როგორც ფორმის, წარმოშობის შესახებ უთხრეს - თეთრი კექსი ჩვრებში გახვეული ბავშვების სიმბოლო აღმოჩნდა, რომლებიც იესოს დაბადებისას დაახოცვინა ჰეროდემ.

„ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს საყოველთაო ინფანტილიზაციაა“, მითხრა მწერალმა. სხვანაირი მწერალი აღმოჩნდა, თავის სამყაროში არჩაკეტილი, ყველაზე რეფლექტირებული და ტვინისმიერი იმ მწერლებს - მათ შორის, ძალიან კარგ მწერლებს შორის - რომლებსაც შევხვედრივარ. ალბათ იმიტომ, რომ არც აღიქვამდა თავს მწერლად - მე ბელეტრისტი ვარ და ეს სულ სხვა რამეაო. რაციონალური, დისტანცირებული, თავაზიანი, მაგრამ ასევე უაღრესად დამოუკიდებელი - როგორც პრინციპულსა და ძალიან წარმატებულ ადამიანს შეეფერება, რომელსაც არაფერში სჭირდება ასიამოვნოს მათ, ვინც არ მოსწონს.

თითქოს ნაივურად ჟღერს იმ მწერლის დიაგნოზი, რომელსაც, ჩემი შთაბეჭდილებით, ქართული პუბლიკის ნაწილმა ვერ აპატია ფაქტი, რომ ის საკუთარ თავს ჩვენს თანამემამულედ, მიუხედავად ქართული გვარისა, არ აღიქვამს. მაგრამ კულტურის სფეროში ის დიდსა და მნიშვნელოვან ტრადიციას ეყრდნობა. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლონელი მწერალი ვიტოლდ გომბროვიჩი სწორედ უმწიფრობასა და ინფანტილიზმს განიხილავდა მოდერნულობის მთავარ პრობლემად. მწერალი, რომელმაც სარტრზე ადრე დაიწყო ეგზისტენციალისტური ლიტერატურის შექმნა, ხედავდა, რომ სწორედ 30-იან წლებში გავრცელებული საყოველთაო უმწიფრობა იყო, რაც ადამიანებს ტოტალიტარული რეჟიმებისა და ავტორიტარული ბელადების ხიბლს უქვემდებარებდა, რეჟიმებისა და ბელადების, რომლებიც მათ ავტონომიურობის ბოლო ნარჩენებსაც ართმევდნენ და ბიომასად აქცევდნენ.

ერთ შობას მიუნხენიდან ალექსანდრიაში გადაფრინდა, ლეგენდებისა და ფანტაზმების ძველ ქალაქში. მისეირნობდა მტვრიან ქუჩებში და იხსენებდა, თალმუდის მიხედვით, როგორ თარგმნეს იქ ბიბლია ებრაულიდან ბერძნულად. გადმოცემა ამბობს, რომ მეფე პტოლემეოსმა 70 მთარგმნელი დაიბარა, თითოეული მათგანი ცალკე ოთახში მოათავსა და თარგმნის დავალება მისცა; ხოლო როდესაც მათ მეფეს თავიანთი თარგმანები წარუდგინეს, აღმოჩნდა, რომ თითოეული დამოუკიდებლად შესრულებული თარგმანი სიტყვა სიტყვით ემთხვეოდა ერთმანეთს.

ესაია წინასწარმეტყველის ტექსტში ნათქვამია, რომ მესია დაიბადება ახალგაზრდა ქალისაგან. იმ დროს ებრაული ჯერ კიდევ ახსოვდა და არ გაუჭირდა იმის მოგონება, რომ ივრითზე ძველ აღთქმაში სიტყვა „ალმა“ წერია, რაც ახალგაზრდა ქალს ნიშნავს. მაგრამ სასწაულებრივი სტატუსის მქონე სამოცდაათი ალექსანდრიელი ბრძენის მიერ თარგმნილ ბერძნულში ვკითხულობთ „პართენოსს“, რაც ქალწულს ნიშნავს. მესია ქალწულს ეყოლება. ამ ორ ტექსტს შორის, თარგმანში დაკარგულები, ბუნებრივი პროცესიდან უცებ ზებუნებრივ აქტზე გადავდივართ.

როგორ უნდა გავიგოთ ეს ცვლილება? - ფიქრობდა ის და კავაფისის მარშრუტებს ხაზავდა ქალაქში. ალბათ სწორედ ის აქცევს შობას განსაკუთრებულ, მაგრამ, ამასთან, საოჯახო დღესასწაულად. შობის ღამეს ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ მთავარი - წმინდა - ოჯახი არ იყო მთლიანად და სრულად ბუნებრივი. შესაბამისად, ქრისტეს მიბაძვის პრინციპის სრული დაცვით, ვერც სხვა, ამის შემდგომ შექმნილი ოჯახები იქნება ასეთი.

ალეპოში საშობაოდ დახოცილი ბავშვების ბრალი ბევრზეა: ასადზე და კრემლზე, როგორც ჩამდენებზე; დასავლეთის ლიდერებზე, როგორც გულგრილ მაყურებლებზე. მაგრამ, რაც უნდა ტრაგიკული იყოს, ბრალი მათ მშობლებზეცაა, რომლებმაც შვილები ისეთ ქვეყანაში გაზარდეს, სადაც ასეთი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა შესაძლებელი გახდა. თუ დოსტოევსკისგან მაინცადამაინც რამის სწავლა გვინდა, მაშინ ის ვისწავლოთ, რომ პასუხისმგებლობა უსასრულოა - არ შეიძლება იძახო, ჩემი ბრალი არ არის, პირობებმა არ მომცა საშუალებაო. ბავშვების გვამების წინაშე ასეთი რაღაცების ლაპარაკი უბრალოდ მორალურად გაუმართლებელი კი არა, მორალური საცოდაობაა. ინფანტილური ისაა, ვინც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ხოლო პასუხისმგებლობიანია ის, ვინც თავის ბრალს წინასწარ აღიარებს, წინასწარ არის შეძრული და დაზაფრული იმით, რაც შეიძლება მოხდეს და ამ ძრწოლიდან იღებს ძალას, არ დაუშვას ყველაზე უარესი. ყველაზე დიდი გაბედულება გონებისგან მოდის და არა - ტემპერამენტისგან, განცდილი და გადალახული შიშისგან და არა - თავქარიანი ოპტიმიზმისგან.

თბილისიდან ალეპომდე მანძილს Google map-ი 1300 კილომეტრით განსაზღვრავს, მიუნხენამდე კი - 3500 კილომეტრით. ეს ფიზიკური დაშორება, რომელიც საერთოდ არ არის თანხვედრაში ჩვენს მენტალურ გეოგრაფიასთან, საგულისხმო ფაქტია. სწორედ „მენტალური გეოგრაფიის“ გამო გვაქვს ჩვენ დასავლეთთან ინტეგრაციის შანსი, მაგრამ სწორედ ფიზიკური დაშორების გამო უნდა იყოს ალეპო ჩვენთვის გაფრთხილება. არაფერი გააკეთო იმისათვის, რომ პოლიტიკური ელიტა ღირებულებების ერთგული იყოს და არა - თავისი ვიწრო ინტერესებისა; გადააბარე პასუხისმგებლობა ბელადს, რომელიც ყველაფერზე წავა ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის; დაუშვი შენს ქვეყანაში ბარბაროსობის სისტემატური აქტები და, შედეგად, ზომიერად ცივილიზებული სამყარო თითს თითზე არ დაადებს შენს დასახმარებლად.

ყოველ წელს ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რომ ადამიანი მეტია, ვიდრე სისხლი, ვიდრე გენი, ვიდრე ბუნება. როგორც იესოს ჩასახვა, ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით, ზებუნებრივი აქტი იყო, ისევეა ნებისმიერი ბავშვის დაბადება ძღვენი, რომელიც არ გამოიყვანება მისი ბუნებრივი პირობებისაგან. ადამიანი მეტია, ვიდრე მისი პირობები, რადგან ის თავისუფალია, მიემართოს თავის პირობებს. აი, ეს თავისუფლება არის სწორედ რაღაც ისეთი, რასაც ადამიანი შობის ზებუნებრიობის სიმბოლოთი შეიძლება დაუახლოვდეს.

შობა გვეუბნება, რომ ბუნებაში ჩარევა ხდება, რომ ადგილი აქვს წყვეტას ბუნებრივ მიზეზსა და შედეგს შორის; შობა მიგვანიშნებს, რომ ძღვენი ყოველთვის მეტია, ვიდრე მუდმივი გაცვლა, რომ ბავშვი ყოველთვის ძღვენია და არა - პროდუქტი; ის თითქოს რაღაც პერიოდითაა მობარებული მშობლებს, რათა საბოლოოდ ზრდასრული გახდეს. მშობლის ამოცანაა, მისცეს მას იმდენი სიყვარული, რამდენიც უზრუნველყოფს მის მომავალ თავისუფლებას, რაც, საბოლოოდ, ბავშვს მშობელს დააშორებს.

შობა არაა მხოლოდ ქრისტესშობა. ესაა შობა ნებისმიერი ბავშვისა ნებისმიერ ოჯახში. უფრო სწორად, ქრისტეშობას ასეთი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმიტომ, რომ ის სხვა ბავშვების შობასაც აღნიშნავს. და არა მხოლოდ ბუნებრივ შობას, არამედ გაჩენას - სულერთია, როგორი ფორმით. ოჯახი ასიმეტრიული სიყვარულის ადგილია. არ შეიძლება გიყვარდეს პარტნიორში შენი თავი, ისევე როგორც არ უნდა გიყვარდეს ბავშვში მხოლოდ საკუთარი ანარეკლი. ოჯახი ადგილია, სადაც შეიძლება საკუთარი იდენტობის შერყევა და გადალახვა ინსტიტუციის შიგნით, სადაც შენ გთხოვენ იმას, რაც არ ხარ და შენ აძლევ იმას, რაც არ გაქვს. სრულიად არასწორია ოჯახის ერთხელ და საბოლოოდ განსაზღვრის სურვილი - სხვადასხვა კონტექსტში ის სხვადასხვა ფორმას მიიღებს. ისევე, როგორც ბავშვის „ბუნებრივად“ გაჩენის პროცესში ჩარევის მრავალი სხვადასხვა ფორმა არსებობს: ბავშვის „აყვანა“, სუროგაცია, ხელოვნური ჩასახვა, საკეისრო ოპერაცია. არიან ადამიანები, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, მაგრამ ამ ბაზისურ სიყვარულს სხვა ადამიანებთან იზიარებენ: მშობლებთან, რომლებსაც ერთგულად უვლიან; პარტნიორებთან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობენ; ნათესავებთან, რომლებსაც ზრდიან როგორც ერზაც-მშობლები. ოჯახის არაბუნებრიობის თუ ზებუნებრიობის გაკვეთილი, რომელსაც შობის დღესასწაული გვასწავლის, ყველა ამ შემთხვევის მფარველ მოდელად შეიძლება მივიჩნიოთ.

„მინდა“ და „ჩემი ბრალი არაა“ ჩვენს შვილებს უნდა გადავულოცოთ, ისიც მხოლოდ ბავშვობის ხანაში. „მსურს“ და „მე ვარ პასუხისმგებელი“ არის მოწიფულობის პასუხები გამოწვევებზე. ჩვენ ვერასოდეს გადავლახავთ ბოლომდე უმწიფრობას, ვერასოდეს ვიქნებით ბოლომდე ზრდასრულები - სრული და საბოლოო მოწიფულობა უტოპიაა, რაც კარგად იცოდა გომბროვიჩმა. მისი მიღწევის მცდელობა მეტ სისასტიკეს მოითხოვს, ვიდრე ჩვენი შეზღუდულობების აღიარება. ოღონდ დაძაბულობა იმას შორის, რაც არსებობს და იმას შორის, რაც უნდა იყოს, შესანარჩუნებელია. ჩვენი პასუხისმგებლობის ჩავარდნებიდან ჩვენ უნდა მივიღოთ მომავალი პასუხისმგებლობის მოტივაცია.

ეს რთულია. ბუნებრივის უსაზღვრო სიყვარულმა წინა თაობებს არ მისცა საშუალება, თავისუფლების სივრცე გამოეთავისუფლებინათ. ჩვენ ჩვენზე „გადამკვდარი“ მშობლები გვყავდა, ოღონდ ისინი ვერასოდეს დაუშვებდნენ, რომ ოდესმე ზრდასრულები შეიძლებოდა გავმხდარიყავით. განცდა, რომ ბავშვი სხვა ადგილიდან არის მოსული, რომ მისი დაბადების მიზეზი არა უბრალოდ „გენეტიკური კოდის გადატანაა“, არამედ ზებუნებრივი თუ არაბუნებრივი - ზოგისთვის პირდაპირი, ზოგისთვის სიმბოლური მნიშვნელობით - თავისუფლება, ჩვენში უნდა აღვიძებდეს სურვილს, ამ მომავალ ადამიანებს მივცეთ უმწიფრობიდან გამოსვლის საშუალება.

ყოველწლიურად, დეკემბრის ბოლოსკენ, დროითი ციკლი იკვრება, მაგრამ ადამიანებს, ატანილთ სიხარულის ექსტაზით, ახალი დასაწყისის ილუზიები შეიპყრობთ - თუნდაც სულ რამდენიმე დღით. ოღონდ თუ მათ წინაშე იზრდება თავისუფლება, რომელიც შოკოლადის პუდინგით ითხუპნება, სათამაშოებს ხან იხუტებს და ხანაც ყრის, და, რაც მთავარია, სიხარულით აღმოაჩენს სამყაროსა და სხვა ადამიანებს, ეს ციკლი სპირალად იქცევა, რითაც წრე მანკიერებას კარგავს და უსასრულობისკენ იხსნება. ამით ყოველი წლის ბოლო წინასაგან განსხვავებული ხდება და ძალიან, ძალიან გსურს, რომ მომდევნო უკეთესი იყოს, იმდენად, რომ შეიძლება ამისთვის რაღაც მოიმოქმედო კიდეც.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG