Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ და ოსტატის სევდა


სავარძელი ძალიან ცუდი მეტაფორაა. იმდენად ცუდია, რომ გეკარგება სურვილი, ნახო ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი, რომელსაც ყველაფერთან ერთად ცუდი ტრეილერი აქვს. სავარძელი არის გაცვეთილი, ბანალური, გადაღეჭილი მეტაფორა - ვიცით, ბატონო, რომ წარმატებაზე და, შესაბამისად, ძალაუფლებაზე ოცნება არა მარტო ”ქართული ოცნებაა” და არა მარტო ქართველებს გვახასიათებს. მით უფრო, ქართული კინოს კლასიკოსის ფილმის გადაღების კონტექსტიც თუ ვიცით, - მაგალითად, ის, რომ ფილმი ”ქართუს” დახმარებითაა გადაღებული, სცენარი კი დაწუნებული კინოცენტრის კომისიის მიერ, - საერთოდ შეიძლება მთქნარება აგვიტყდეს და გვეგონოს, რომ ელდარ შენგელაია პოლიტიკური კონიუნქტურის მოთხოვნებს ვერ გასცდა, რომ გადაიღო მხოლოდ და მხოლოდ ”სატირა წარსულზე”, იმაზე, თუ რა იყო და როგორ განთავისუფლდა ქართული საზოგადოება, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ”ალალი ხალხი”.

სადღაც ფილმის მსვლელობის მეათე წუთამდე, ამ გორგოლაჭებზე მოსრიალე მდივან ქალს რომ ვუყურებთ და მსახიობებს, რომლებიც ისე თამაშობენ, როგორც ოდესღაც საბჭოთა სატირულ-იუმორისტულ კინოსერია ”ფიტილში”, ახლა უკვე კინოდარბაზის სავარძლიდან ადგომის სურვილი გიჩნდება, მარტივი და გასაგები დასკვნით ”ელდარი დაბერდა”, ”ელდარი კინოს ვერ იღებს”... დაუმატეთ ამას გაცვეთილი სახეები ”იუმორინიდან”, მაგალითად, სომეხი (!) მოსამსახურე, თავისი ცოლით (ეს უკანასკნელი აბეზღებს ფილმის გმირს, ყოფილ მინისტრს და გარეთ გამოაქვს მისი წარსულის ამსახველი დოკუმენტები), გაუმართავი სცენარი, დიალოგები, რომლებსაც ”არაჩვეულებრივი გამოფენისგან” და ”ცისფერი მთებისგან” განსხვავებით ვერ დაიმახსოვრებ (არც რეზო გაბრიაძეა ფილმის სცენარის ავტორი და არც რეზო ჭეიშვილი) და მიიღებთ არა დიდი ოსტატის ახალ ფილმს, არამედ კარიკატურას დიდი ოსტატის კინოზე, უფრო მეტად ”ცისფერ მთებზე”, რომელაც თავის მხრივ ელდარ შენგელაია იმდენად ვერ ელევა, რომ ”გრენლანდია” ისევ შემოაქვს თავის ახალ ფილმში, როგორც თვითციტატა.

მაგრამ აქ ამოვისუნთქოთ და გავიხსენოთ, რომ კარიკატურა ხელწამოსკრავი რამ არ არის და კარიკატურის ჟანში შედევრებიც შექმნილა. როდესაც ავტორი საკუთარი შემოქმედების კარიკატურას მიმართავს, თან ამას ღიად, ”პრინციპულად” აკეთებს (”გრენლადიის” ციტატა შემთხვევითი არაა), უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტა მან თავისი ამოცანა, და არ დავემდუროთ, არ ვიქილიკოთ მის არჩევანზე და, საერთოდ, რაღაც საზიზღარი ეიჯიზმით არ გავამართლოთ ჩვენი გადაწყვეტილება, შეგვეწყვიტა ფილმის ყურება და გამოვსულიყავით კინოდარბაზიდან, ანდა მხოლოდ ფილმის ტრეილერი გვენახა და წინასწარი დასკვნები გამოგვეტანა.

”როგორ უნდა წავიდე და ავიღო ბილეთი ფილმზე, რომელშიც ერთ-ერთ როლს ვიტალი ხაზარაძე თამაშობს?!” - ასეთი გამართლებაც მოვისმინე იმათგან, ვინც ”სავარძელს” ბოიკოტი გამოუცხადა. უნდა გითხრათ, რომ ვიტალი ხაზარაძე მშვენიერი მსახიობი ყოფილა. თუმცა ეს არაა მთავარი; როცა ფილმში ხელისუფლება იცვლება და სურათის მთავარი გმირი, გიორგი, მინისტრის სავარძელს ტოვებს, მის პოსტს ოდესღაც ამ ხელისუფლების მიერ დაჩაგრული... ვიტალი ხაზარაძე იკავებს. რა თქმა უნდა ხვდები, რატომ აირჩია ამ როლზე რეჟისორმა სწორედ შევარდნაძის ხელისუფლების სახე; იმაზეც იწყებ ფიქრს, რომ ”სავარძელში” ძველი ხელისუფლება, სასტიკი ხელისუფლება, რომელიც დევნილებს სახლებიდან ყრიდა, წყნეთის აგარაკებს ეუფლებოდა (ერთ ლარად!) შეიცვალა არა ”ალალი ხალხით”, არამედ იმ ხალხით, რომელმაც მთლად წარსულში დაგვაბრუნა - შევარდნაძესთან. სხვათა შორის იმ შევარდნაძესთან, რომლის საქართველოში დაბრუნებას ქართული ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ელდარ შენგელაიაც მიესალმა. ამას რომ ხვდები, სხვაგვარად იწყებ ”სავარძლის” ყურებას და აღმოაჩენ, რომ დიდმა ოსტატმა გადაიღო არა უბრალოდ კარიკატურა საკუთარ შემოქმედებაზე, არამედ საკუთარი თავისა და თაობის კარიკატურა - შეიძლება დაუხვეწავი, ქაოსური, კინემატოგრაფიულად გაუმართავი, მაგრამ ძალიან თვითირონიული და, რაც მთავარია, სევდიანი.

ახალი ხელისუფლება მოდის და ნიკა თავაძის გმირი გიორგი კარგავს ყველაფერს. სიმდიდრეში და ფუფუნებაში ცხოვრება იცვლება გაჭირვებით, რომელიც გიორგის, როგორც ჩანს, არც არასდროს განუცდია. ის ”იუმორინობა” და ”ფიტილობა”, რომელიც ვნახეთ ფილმის პირველ ეპიზოდებში, გადაიქცევა დრამად ადამიანზე, რომელსაც ისტორია აბსოლუტურ სიცარიელეში ტოვებს. შესაბამისად იცვლება მსახიობის თამაშის მანერაც; სცენარის სქემატურობის მიუხედავად (გაუგებარია, რატომ შეიცვალა ასე უცბად გიორგი და სრულიად არადამაჯერებელია მისი მოულოდნელი გატაცება ახალგაზრდა ქალით, რომელმაც იდეაში განაპირობა მისი გაკეთილშობილება), ნიკა თავაძე ახერხებს მოიპოვოს მაყურებლის თანაგრძნობა და ანტიგმირი, თანაც კარიკატურული ანტიგმირი, გადააქციოს ისტორიისგან გარიყულ ადამიანად, რომელიც არც ამ ისტორიას აინტერესებს, არც ხელისუფლებაში მოსულ ”ალალ ადამიანებს”, უკვე რომ ტკბებიან ძალაუფლებით, არც თავის ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მშვენივრად ერგება ახალ ცხოვრებას და მინისტრის სავარძელს იკავებს.

ფილმის მეორე ნაწილში ფანტასმაგორია უკვე წარმოუდგენლად თავხედურ მასშტაბებს იძენს. როდესაც გიორგის გარდაცვლილი ცოლის და, ნინელი ჭანკვეტაძის შესრულებით, უზარმაზარი სანადირო თოფით დაიწყებს თავის დაცვას ახალი ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი მედიისგან, პოლიციისგან... იქმნება შთაბეჭდილება, რომ ელდარ შენგელაიას აღარც დრამატურგიის წესები აინტერესებს, აღარც კინოენის სპეციფიკა და აღარც კარიკატურის, როგორც ჟანრის, კანონები. მას თითქოს ბავშვივით უხარია, რომ 20 წლის უმოქმედობის შემდეგ, იმ დროის შემდეგ, რომელიც მისთვის ნამდვილად არ იყო ია-ვარდით მოფენილი - უამრავი ტკივილიც ნახა და ტრაგედიაც კი, - ისევ მიეცა საშუალება, დაბრუნებოდა გადასაღებ მოედანს და გაეკეთებინა ყველაფერი, რაც სურდა. და, თუ ხულიგნობაა, ხულიგნობა იყოს - სადღაც ფინალისკენ ელდარ შენგელაიას გიორგი... ფრენას იწყებს!

ესეც ციტატაა ფილმიდან, რომელსაც ელდარ შენგელაია ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი იხსენიებს და რომელმაც ჯერ ”შერეკილებში” იჩინა თავი, ახლა კი - ”სავარძელში”. ეს არის ვიტორიო დე სიკას ”სასწაული მილანში”. სხვათა შორის, ”ველოსიპედების გამტაცებლების” ავტორის ეს სოციალური ფანტასმაგორიაც ვერ გაიგეს თავის დროზე იტალიაში; წერდნენ დე სიკას იდეების უტოპიურობაზე, კონფორმიზმზე, ღალატზეც კი. ის, რომ ელდარ შენგელაია თავის საყვარელ ფილმად ასახელებს არა ”ველოსიპედების გამტაცებლებს”, არამედ სწორედ ”სასწაულს”, პირადად ჩემთვის დღეს უკვე სრულიად გასაგებია; ძავატინისა და დე სიკას სატირულ ზღაპარში კეთილ ტოტოს შეუძლია, ყველანაირ მდგომარეობაში მიაგნოს გამოსავალს, ჯოჯოხეთი სამოთხედ გადააქციოს და ადამიანებს, თუკი მათ ეს დაიმსახურეს, ფრენაც კი ასწავლოს. ტოტო ეხმარება ღარიბ-ღატაკებს, რომლებიც მდიდარმა მობიმ საკუთარი მიწა-წყლიდან აყარა მას შემდეგ, რაც მილანის გარეუბანში, სადაც მათხოვრებსა და მაწანწალებს უხდებოდათ ცხოვრება, ნავთობმა ამოხეთქა. ეს ხალხი ცდილობს, დაიცვას თავისი “ქოხები”, ბარაკები. მდიდარი მობი პოლიციასთანაა შეკრული, შეიარაღებული ხალხი მოჰყავს, ზარბაზნებს უმიზნებს ურჩ “სუბპროლეტარიატს”. მაგრამ მარცხდება – გამოჩნდება კეთილი ტოტო, რომელიც ტყვიას “სიმღერად” აქცევს, ჩაგრულებსა და ღატაკებს ცოცხებზე შესვამს და სიმღერ-სიმღერით ღრუბლებში გააფრენს – უფრო სწორად, არა ღრუბლებში, არამედ “კეთილ ქვეყანაში”, სადაც მილანელი ლუმპენების თქმით, სიტყვა “გამარჯობა” მართლაც “გამარჯობას” ნიშნავს.

საოცრებაა, მაგრამ ”სავარძელში” ეს დაჩაგრული და ღარიბი კაცი ”ცუდი ქვეყნის” ყოფილი მინისტრი აღმოჩნდება. მასაც ელოდება ”კეთილი ქვეყანა” - კახეთის სოფელი, სადაც დედამისი ცხოვრობს და საყვარელი ქალიშვილი, რომელზეც თავის დროზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ გოგონა ზანგს გაჰყვა ცოლად (ყმაწვილს ”მალხაზი” ჰქვია). გაბედა რომელიმე ჩვენმა რეჟისორმა ისტორიის ასეთი შემობრუნება? ისტორიაზე, როგორც უსამართლობაზე ქილიკი? აბა, რომელ ქართველ რეჟისორს დამისახელებთ, რომელსაც შეუძლია აჩვენოს თანამედროვე საზოგადოება, როგორც ადამიანურობისგან, სოლიდარობისგან დაცლილი, კარიერისტებით, კონფორმისტებით, ლაჩრებით სავსე საზოგადოება ისე, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა გმირს დაუტოვოს მომხიბვლელობა, ადამიანურობა, არავინ გაკიცხოს და არსად წაგვიკითხოს მორალი? ასეთი იყო ელდარ შენგელაია ყველა თავის ფილმში. ასეთი დარჩა ”სავარძელშიც”.

სევდა? ცხადია, სევდაც. მერაბ მამარდაშვილის ”წრეზე ტრიალის” და ”მუდმივი განმეორების” ჯოჯოხეთი... და შევარდნაძის ხელისუფლების აჩრდილი, რომელსაც, ვიმეორებ, ვიტალი ხაზარაძე გადასარევად ასახიერებს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG