Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბლუმის დღე“ თბილისში


თბილისში პირველად აღნიშნეს Bloomsday, „ბლუმის დღე“ - დღესასწაული, რომელსაც დიდი ირლანდიელი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის, თაყვანისმცემლები აწყობენ ყოველი წლის 16 ივნისს და რომელიც ჯოისის რომან „ულისეს“ მთავარი გმირის, ლეოპოლდ ბლუმის, სახელს უკავშირდება. „ბლუმის დღეზე“ გამომცემლობა „არტანუჯმა“ ჯოისის მოყვარულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში უმასპინძლა. მკითხველებმა, მწერლებმა და მთარგმნელებმა ილაპარაკეს ჯეიმზ ჯოისის შემოქმედების შესახებ და წაიკითხეს ფრაგმენტები როგორც ორიგინალიდან, ისე „ულისეს“ ქართული თარგმანიდან.

„ბლუმის დღე“ თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:46 0:00
გადმოწერა

გელა ჩარკვიანი, - დიპლომატი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, - რომელიც ჯოისის დიდი მოყვარულია, რამდენიმე ათეული წელია, ორიგინალში კითხულობს „ულისეს“, რაც ემჩნევა კიდეც მის გვარიანად გაცრეცილ, გამომცემლობა The Bodley Head-ის მწვანე ტომს.

„ემჩნევა კიდეც ამ წიგნს, რამდენად ღირებულია ჩემთვის. ძალიან ხშირად ვკითხულობ. რატომ? ადამიანის აზროვნების ამგვარი დინამიკა სხვა არც ერთ ნაწარმოებში არ შემხვედრია. როგორ აზროვნებს ადამიანი, ეს არის უწყვეტი მოძრაობა გონებისა. ბუნებრივია, როცა ადამიანი მარტოა და თავისთვის აზროვნებს, მას ცენზურა არ აქვს, ამიტომ შიგ შეიძლება ყველაფერი იყოს. ჩვენ რომ ვაზროვნებთ, მართლა არ გვაქვს არანაირი ცენზურა. ისეთ რამეს წარმოვიდგენთ ხოლმე, რასაც არასოდეს არ გავახმოვანებთ. და აქ ეს გახმოვანებულია მთლიანად. ფაქტობრივად, ოდისევსის ოცწლიანი ოდისეა გადმოცემულია ერთ დღეში და, რაც მთავარია, ოდისეა ხდება მის (და არამარტო მის) ტვინში, თან დადის დუბლინის ქუჩებში“, უთხრა გელა ჩარკვიანმა რადიო თავისუფლებას.

Bloomsday - პირველად თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:48 0:00

ლეოპოლდ ბლუმის - „ულისეს“ მთავარი პერსონაჟის - ეს ოდისეა, რომლის შესახებაც გელა ჩარკვიანი ლაპარაკობდა, 16 ივნისს ხდება. ცხადია, ეს დღე მწერალს შემთხვევით არ შეურჩევია. 1904 წლის ივნისში ჯოისი პირველად შეხვდა მომავალ მეუღლეს, ნორა ბარნაკლს, ოცი წლის ყმაწვილ ქალს გოლვეიდან, რომელიც ფინის სასტუმროში მსახურობდა. 16 ივნისს ამ წყვილმა პირველად გაისეირნა ერთად. ჯოისს საკრალური სიზუსტით დაამახსოვრდა ეს თარიღი და გამოიყენა „ულისეში“. როგორც გამომცემლობა „არტანუჯის“ წარმომადგენელი და „ბლუმის დღის“ ორგანიზატორი თამარ ლონდარიძე ამბობს, „ბლუმის დღეს“ მწერალი პირველად ახსენებს ჰარიეტ შოუ ვივერისათვის მიწერილ წერილში 1924 წლის 27 ივნისს:

„ჯოისი წერს, რომ მისი თაყვანისმცემლები იკრიბებიან 16 ივნისს და აღნიშნავენ „ბლუმის დღეს“. აი, ამ პირადი წერილიდან გახდა ცნობილი ამ დღის შესახებ. მას შემდეგ ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ ამ დღეს, ზოგან კოსტუმირებულად, დუბლინში მყოფები გადიან იმ მარშრუტს, რომელიც ლეოპოლდ ბლუმმა გაიარა, თუმცა ყველგან კითხულობენ ფრაგმენტებს „ულისედან“ და, ცხადია, გამონაკლისი არც საქართველოა“.

საქართველოს შეუძლია თავი მოიწონოს ნიკო და მაია ყიასაშვილების „ულისეს“ ხარისხიანი თარგმანით, რომლის შესრულება, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან რთული იყო. სწორედ თარგმანის ამ სირთულეზე ილაპარაკა პროფესორმა მანანა გელაშვილმა, რომლის თქმითაც, თავის დროზე ბევრი სპეციალისტი სკეპტიკურად იყო განწყობილი მთარგმნელის შრომისადმი იმის გამო, რომ „ულისეს“ არათარგმნად ტექსტად მიიჩნევდნენ. აკი თავად ჯეიმზ ჯოისიც ამბობდა, მიიღეთ „ულისე“, როგორც მუსიკაო. თუმცა მანანა გელაშვილი ერთი ფრაგმენტის მოშველიებით აჩვენებს, თუ როგორი წარმატებით გაართვა მთარგმნელმა დასახულ ამოცანას თავი: სისინა და შიშინა ბგერებზე აქცენტის გაკეთებით აჩვენა, როგორ ერევა ძილი მოგზაურობიდან დაბრუნებულ, დაღლილ ლეოპოლდ ბლუმს - სისინებს, შიშინებს, ფშვინავს და ბუტბუტით იძინებს.

ნიკო ყიასაშვილმა თარგმნას მთელი 25 წელი შეალია. როგორც მთარგმნელის ქალიშვილი, მაია ყიასაშვილი, იხსენებს, ბატონი ნიკო „ულისეთი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაინტერესდა, დიდ ბრიტანეთში მუშაობის დროს:

ჩემი მონაწილეობა, ალბათ, მინიმალურია. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ მამამ დაამთავრა შავად „ულისე“. პირველი ათი ეპიზოდი კი იყო გამოცემული წიგნად, მაგრამ ის ეყრდნობოდა 50-იანი წლების გამოცემას. 80-იან წლებში მე ხელში ჩამივარდა სრული, აკადემიური სამტომეული, რომელსაც შევადარე თარგმანი, შევავსე, პლუს ბოლო რვა თავი, რომელიც მამას ძალიან შავად ჰქონდა გაკეთებული, მე, უბრალოდ, თავს უფლება მივეცი რედაქტირება გამეკეთებინა...
მაია ყიასაშვილი

„სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული საოცრად დაინტერესდა ჯოისით. ჯოისის ტექსტი ყველა ქვეყანაში - ინგლისურენოვან სამყაროშიც კი - ითვლება ურთულეს ტექსტად. ამიტომ მამასთვის ეს იყო გამოწვევა, რამდენად აჟღერდებოდა ქართულად - ეს ერთი. მეორე ის, რომ „ულისე“ შედგება თვრამეტი ეპიზოდისგან, რომლებიც სრულიად არ ჰგავს სტილისტურად ერთმანეთს, ამიტომ თითოეულ ეპიზოდთან იყო ცალკე მიდგომა მოსაძებნი, ცალკე სტილი, ცალკე ენა, ლექსიკა, გრამატიკა... - ყველაფერი იყო მოსაფიქრებელი, მაგრამ მამა ნიჭიერი კაცი იყო, ძალიან კარგად იცოდა ქართული ენა. ამდენად, მიუსადაგა ისიც, რამაც, საბოლოო ჯამში, ააჟღერა თარგმანი“.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ნიკო ყიასაშვილის 25-წლიანი თავდადებული შრომა არ აღმოჩნდა საკმარისი გენიალური ტექსტის სათარგმნად. მამის დაწყებული საქმე ქალიშვილმა დაასრულა.

„ჩემი მონაწილეობა, ალბათ, მინიმალურია. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ მამამ დაამთავრა შავად „ულისე“. პირველი ათი ეპიზოდი კი იყო გამოცემული წიგნად, მაგრამ ის ეყრდნობოდა 50-იანი წლების გამოცემას. 80-იან წლებში მე ხელში ჩამივარდა სრული, აკადემიური სამტომეული, რომელსაც შევადარე თარგმანი, შევავსე, პლუს ბოლო რვა თავი, რომელიც მამას ძალიან შავად ჰქონდა გაკეთებული, მე, უბრალოდ, თავს უფლება მივეცი რედაქტირება გამეკეთებინა და შემევსო მხოლოდ იმის გამო, რომ მე ვიყავი მამას თარგმანების პირველი მკითხველი და მსმენელი, ამიტომ ჩართული ვიყავი ტექსტში და ეს გამბედაობაც აღმოვაჩინე ჩემში, რომ დამესრულებინა თარგმანი და ახლა „ულისეს“ სრული ტექსტი გვაქვს“, უთხრა მაია ყიასაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მაია ყიასაშვილმა „ულისეზე" 15 წელი იმუშავა. შესაბამისად, სრული ქართული თარგმანისთვის ორი მთარგმნელის, ჯამში, ორმოცწლიანი შრომა დაიხარჯა, რაც, ტექსტის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, სულაც არ არის გასაკვირი. ამავდროულად, ისიც ცნობილია, თუ რა დრო მოანდომა თავად მწერალმა წიგნის დასრულებას. „როგორც გამოვთვალე, „ულისეს“ წერაზე დახარჯული მაქვს 20 ათასი საათი“, - წერს ჯეიმზ ჯოისი ჰარიეტ შოუ ვივერს 1921 წლის 24 ივნისით დათარიღებულ წერილში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG