Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bubbler-ი: ქართველების შექმნილი სოციალური ქსელი არიზონის უნივერსიტეტში „იტესტება“


კომპიუტერის საძიებო სისტემაში კრეფ joinbubbler.com-ს და ხედავ ფრაზას - „შენი მომავალი მეგობრები აქ არიან“. „ბაბლერი“ ქართველების შექმნილი სოციალური ქსელია, სადაც ახალი მეგობრები იმის მიხედვით შეგიძლია მოძებნო, თუ სად და როგორ გინდა დროის გატარება.

„ბაბლერზე“ წერ შენი ჰობის შესახებ და პოულობ მათ, ვისაც მსგავსი ინტერესები აქვს. რაც მთავარია, ახალ მეგობრებთან ერთად შეგიძლია დაგეგმო, რომ, მაგალითად, ხვალ, ბოულინგის სათამაშოდ წახვიდე, ან კინოს ყურების მსურველები შემოგიერთდნენ, ან სულაც სკეიტით ისრიალოთ.

22 წლის ლუკა ხათრიძემ, 18 წლის დაჩი ტაბატაძემ და 16 წლის ნიკა სირაძემ ერთმანეთი საერთო ინტერესების წყალობით გაიცნეს და გადაწყვიტეს, ისეთი პლატფორმა შეექმნათ, რომელიც ახალგაზრდებს დროის ერთად და საინტერესოდ გატარებაში დაეხმარებოდა.

ნიკა მანავის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, გაკვეთილებს ონლაინ ესწრება და პარალელურად ვებდეველოპერად მუშაობს საერთაშორისო კომპანია “Cyber Secure Central”-ში. მანამდე სოციალურ ქსელ Feedc-ში ერთ-ერთი პროექტის პროგრამისტი იყო.

იქ გაიცნო ლუკაც, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც Feedc-ის მარკეტინგული პროექტების მენეჯერი იყო.

„როდესაც პანდემია დაიწყო, მე და ნიკა Feedc-იდან წამოვედით და გვქონდა სრულებით სხვა იდეა - ერთმანეთთან სპორტის ფანების დაკავშირება გვინდოდა. ეს არ იყო მასშტაბური [პროექტი] და უფრო სპორტული გამომცემლობა იყო. გვინდოდა ჯგუფის გაზრდა, ვეძებდით თანადამფუძნებელსაც და საკმაოდ გაგვიჭირდა.

შემდეგ, კიბერუსაფრთხოების ბანაკში ნიკამ და დაჩიმ გაიცნეს ერთმანეთი და საბოლოოდ მივხვდით, რომ საერთო ინტერესების ადამიანებს ერთმანეთთან ყველაზე მეტად აქტივობები აახლოებს“, - ჰყვება ლუკა ხათრიძე.

დაჩი ახლა ამერიკაში ცხოვრობს, ის არიზონის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია და, პარალელურად, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტაჟიორია.

სწორედ არიზონის უნივერსიტეტი დაინტერესდა ქართველი ბიჭების სოციალური ქსელის იდეით და მის განვითარებაში ეხმარება. ვებაპლიკაციამ, რომელიც ჯერ კიდევ გამოცდის ეტაპზეა, ორ თვეში 200 მომხმარებელი დაარეგისტრირა. „ბაბლერის“ არსებობის ხანმოკლე ისტორიის მანძილზე თევზაობის მსურველებმა გაიცნეს ერთმანეთი და ითევზავეს კიდეც. შეიქმნა სკეიტერების 4-კაციანი ჯგუფი და ერთადაც ისრიალეს.

დაჩის შეხვედრა Bubbler - ით დაინტერესებულ სტუდენტებთან
დაჩის შეხვედრა Bubbler - ით დაინტერესებულ სტუდენტებთან

დამფუძნებლებმა სამიზნე ქვეყნად ამერიკა აირჩიეს, ფიქრობენ, რომ Bubbler-ის კონცეფცია ამერიკელი სტუდენტების ცხოვრების სტილს ყველაზე უკეთ ერგება. სხვადასხვა ქვეყნიდან და შტატიდან ერთ უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს უჭირთ ახალ გარემოსთან მორგება და ახალი მეგობრების სწრაფად პოვნა. „ამერიკა არის ძირითადი სამიზნე, თუმცა არ არის შეზღუდული ის, რომ მაგალითად ქართველმა ახალგაზრდებმა გამოიყენონ ეს პროგრამა, თუნდაც თავიანთ უნივერსიტეტში, უბრალოდ აპლიკაცია უფრო მეტად ამერიკელი სტუდენტების ცხოვრების სტილზეა მორგებული, - ამბობს დაჩი ტაბატაძე.

რა გამოარჩევს „ბაბლერს“ სხვა სოციალური ქსელებისგან?

„უნიკალურობა არის ის, რომ არის ლოკაციაზე დაფუძნებული და მე რომ არიზონაში ვარ, საქართველოში დაპოსტილს არ ამომიგდებს, ჩემს წრეში ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გამომიჩენს, მათ აქტივობებს. აქ იქმნება ახალი გარემო ინტერესების მიხედვით, მიკროლოკაციების, ქალაქის, უნივერსიტეტის მასშტაბით...“ - ამბობს დაჩი ტაბატაძე.

როგორ მუშაობს Bubbler-ი?

ნიკა სირაძემ აპლიკაციის სატესტო ვერსია თვითონ შექმნა და მერე მისი დახვეწა დაჩისა და ლუკასთან ერთად დაიწყო,

ნიკა სირაძე
ნიკა სირაძე

ვთქვათ, გინდა ფეხბურთის თამაში შენი უბნის პარკში ხვალ დილის 10 საათიდან და ეძებ პარტნიორებს. შედიხარ Bubbler-ში, ქმნი პროფილს და წერ რა გინდა. იმ ადგილას (უნივერსიტეტში, ქალაქში) მყოფი თამაშის მსურველები აპლიკაციაში ადვილად გაგნებენ და და დასაწყისისთვის ქმნით საერთო „ბაბლს“.

როგორ მუშაობს "ბაბლერი"
please wait

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00

ახლა ლუკას, დაჩისა და ნიკას რამდენიმე საერთო სტრატეგიული ამოცანა აქვთ: ინვესტორების პოვნა, აუდიტორიის გაზრდა და სმარტფონებისთვის სრულყოფილი აპლიკაციის შექმნა. ამ ყველაფერს თუ მარკეტინგის თანხებს დავუმატებთ, ჯამში, მათ ამ ეტაპზე 100 ათასი დოლარი სჭირდებათ.

რამდენიმე კვირის წინ „ბაბლერი“ არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებულ აქსელერაციის პროგრამა Venture Devils-შიც მოხვდა, სადაც ჯგუფს სტარტაპის დახვეწაში მენტორები ეხმარებიან. თუკი ბიჭები პროგრამაში გაიმარჯვებენ, რაც ნოემბერში გაირკვევა, ჯგუფი 15 ათას დოლარს მიიღებს სტარტაპის განვითარებისთვის.

ნიკა, ლუკა და დაჩი
ნიკა, ლუკა და დაჩი

„ამ სფეროში დიდი წარმატებისთვის საჭიროა დიდი ინვესტიცია, რაც ასე პირდაპირ არ მოდის. ნიკა არის 16 წლის, დაჩი 18 წლის და მე ვარ 22 წლის. ახლა ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაფართოოთ ჩვენი სოციალური წრე და დიდ აქსელერატორებთან [ორგანიზაციები, რომლებიც ინოვაციური იდეების მქონე დამწყებ სტარტაპებს იდეის განვითარებაში, ინვესტორებთან შეხვედრასა და დაფინანსების მოძიებაში ეხმარებიან. - რ.თ.] ვითანამშრომლოთ, სხვათა შორის, სწორედ მომავალ კვირას გასაუბრება გვაქვს ერთ-ერთ დიდ აქსელერატორთან "კივიტექთან".

Bubbler-ის დამფუძნებლების უახლოესი გეგმები არიზონის სრული მოცვა და მომავალი წლისთვის სხვა შტატებში „ბაბლერების“ რაოდენობის გაზრდაა.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG