Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვემო ქართლში - როგორ მოვიცვათ მოსახლეობა


C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან მესამე წლისთავზე ქვემო ქართლში ავადმყოფობის გამოვლენის უფასო პროცესი, ე.წ. C ჰეპატიტის სკრინინგი, 350 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 70 ათასმა გაიარა.

ჩემთან, მაგალითად, 1200 პაციენტი ჩაერთო. 900-ს უკვე ჩაუტარდა მკურნალობა და აქედან მაქვს 9 თუ 10 რელაფსი. რელაფსი ნიშნავს, როცა 12 კვირის შემდეგ ვირუსი რჩება განსაზღვრადი.
ასმათ კერვალიშვილი

ადგილობრივი სპეციალისტების განცხადებით, რეგიონის მოსახლეობა ამ ვერაგ ვირუსს, რომელიც ანადგურებს ღვიძლს და მთელ ორგანიზმს, მარტივად ეკიდება და მაინცდამაინც არ აქტიურობს წინასწარი გამოკვლევის ჩასატარებლად, თუმცა რუსთავის კლინიკებში ოჯახის ექიმებს დავალებული აქვთ რეკომენდაციები მისცენ პაციენტებს ასეთი გამოკვლევის გავლაზე. არადა, როგორც რუსთავის პირველი პოლიკლინიკის დირექტორმა მერი ლოლაძემ განაცხადა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სახელმწიფო თუ ადგილობრივ დონეზე საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კამპანია ჩატარდა.

ვიდეორგოლებიც გავაკეთეთ, მაგრამ მაინც არ არიან ინფორმირებულები, მაინც არ მოდიან. უფრო მეტი, რაღაც სხვა ღონისძიებებია ჩასატარებელი, რომ მასობრივი გამოკვლევები მოხდეს”.

მერი ლოლაძის თქმით, რუსთავის პირველი პოლიკლინიკა სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული და მთელ ქვემო ქართლს ემსახურება, თუმცა C ჰეპატიტზე პირველადი გამოკვლევა - უმარტივესი, ხანმოკლე და უმტკივნეულო პროცესი - რუსთავის ნებისმიერ კლინიკაშია შესაძლებელი.
იმაში, რომ ბევრმა ამ პროგრამის შესახებ არაფერი იცის, რადიო თავისუფლება თავად დარწმუნდა, როცა რუსთავის ქუჩებში რამდენიმე ადამიანი გამოკითხა, მათ შორის - ორი სტუდენტი. თუმცა, ჟურნალისტთან საუბრის შემდეგ, ახალგაზრდებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით დაინტერესების სურვილი გამოთქვეს.

რუსთავის პირველი პოლიკლინიკის ინფექციონისტის, ასმათ კერვალიშვილის, თქმით, მათ ქვემო ქართლის მასშტაბით C ჰეპატიტით დაავადებული 1200 ადამიანი გამოავლინეს.

„ჩემთან, მაგალითად, 1200 პაციენტი ჩაერთო. 900-ს უკვე ჩაუტარდა მკურნალობა და აქედან მაქვს 9 თუ 10 რელაფსი. რელაფსი ნიშნავს, როცა 12 კვირის შემდეგ ვირუსი რჩება განსაზღვრადი“.

ასმათ კერვალიშვილის ცნობით, არიან ისეთებიც, ვინც არ მკურნალობს ან არ გადის მკურნალობის სრულ კურსს:

„მიზეზს ვერ გეტყვით. ასეთი კატეგორიის პაციენტებს ვეძახით ურჩ პაციენტებს, რომლებსაც რატომღაც არ უნდათ...ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ დაკავშირება, ზოგი გასულია რესპუბლიკიდან, - ხომ იცით ჩვენი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა...ასეთი შანსი, რასაც სახელმწიფო პროგრამა გვაძლევს, რომ განიკურნონ... არ ვიცი, ვინც აქ არის, ვერ ვახერხებთ მათ მოყვანას [პოლიკლინიკაში]“.

ცენტრალური ხელისუფლება უზრუნველყოფს ექიმების გადამზადებას, ტესტერებით მომარაგებას. ადგილობრივი ხელისუფლება გამოყოფს [მუნიციპალური] ბიუჯეტის გარკვეულ წილს, რომლითაც მოხდება ოჯახის ექიმების წახალისება, რათა მათ მეტი მოტივაცია მიეცეთ ადამიანების გამოკვლევისთვის.
ამირან გამყრელიძე

ეს მაშინ, დასძინა პირველი პოლიკლინიკის ინფექციონისტმა, როცა პირველადი გამოკვლევა უფასოა, C ჰეპატიტის მკურნალობა კი მიზერული თანხა ჯდება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადების ორეტაპიანი მკურნალობა დიფერენცირებულად ფინანსდება.
სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობის წინა პერიოდს სახელმწიფო 70 პროცენტით აფინანსებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი - 30 პროცენტით. მეორე ეტაპზე თანხას - 70 პროცენტს - კვლავ სახელმწიფო იხდის, დანარჩენს - პაციენტი. მათთვის, ვისაც სოციალური სტატუსი არ აქვს, მკურნალობის პირველ ეტაპზე საფასურის 30 პროცენტს სახელმწიფო იხდის, 30-ს - თავად პაციენტი, დანარჩენს კი - ადგილობრივი ხელისუფლება. ამავე კატეგორიის დაავადებულები მკურნალობის მეორე, დამამთავრებელ, ეტაპზე თანხის 70 პროცენტს იხდიან, დანარჩენს იხდის სახელმწიფო.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, 2020 წლისთვის ამ ვირუსის გავრცელება უნდა შეწყდეს და პაციენტების 90 % განიკურნოს.

სწორედ ამიტომ და იმისთვისაც, რომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით საშიშ ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლა გააქტიურდეს, 16 აგვისტოს რუსთავს საგანგებოდ ეწვივნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, ხელმძღვანელობით. შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ტუბერკულოზის, შიდსისა და C ჰეპატიტის ადრეულ გამოვლინებასა და პრევენციაში განსაკუთრებული როლი ოჯახის ექიმებმა უნდა შეასრულონ, და ამაში მხარდაჭერა რეგიონის მუნიციპალიტეტებისგან ითხოვა:

„ცენტრალური ხელისუფლება უზრუნველყოფს ექიმების გადამზადებას, ტესტერებით მომარაგებას. ადგილობრივი ხელისუფლება გამოყოფს [მუნიციპალური] ბიუჯეტის გარკვეულ წილს, რომლითაც მოხდება ოჯახის ექიმების წახალისება, რათა მათ მეტი მოტივაცია მიეცეთ ადამიანების გამოკვლევისთვის“.

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ, მაგალითად, მიმდინარე წელს C ჰეპატიტის სკრინინგის რაც შეიძლება მეტად გაფართოებისთვის მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა:

„წელს [C ჰეპატიტის] სკრინინგის პროგრამის გასაუმჯობესებლად მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა და რუსთავში უბან-უბან დადიოდა მანქანით. გვეხმარებოდნენ [რუსთავის] მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რომ ხალხი გამოეყვანათ და ჩატარებულიყო გამოკვლევები. ამან გამოიღო თავისი შედეგი. გასული წლის პირველი აგვისტოსთვის თუ გვყავდა 6 ათასი სკრინინგგავლილი ადამიანი, წელს, იგივე პერიოდში, 7 ათასი ადამიანი დავსკრინეთ“.

დავით ბეგაშვილმა დასძინა, რომ ანალოგიურად იმუშავებენ 2019 წლიდანაც. ის კი არა, ოჯახის ექიმები კარდაკარ ივლიან, რათა მოსახლეობის უფრო მეტი რაოდენობა გამოიკვლიონ.

მან დარწმუნებით განაცხადა, რომ რუსთავის მერია მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს ოჯახის ექიმების წახალისების პროგრამას, რომელსაც რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური შეიმუშავებს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG