Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

C ჰეპატიტის დასამარცხებლად


21 აპრილს თბილისში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ კომპანია "გილეად საიენსს" შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამამ სტარტი აიღო - დაავადების გამოვლენა და მკურნალობა, პაციენტებისათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და უახლოეს სამ-ხუთ წელიწადში დაავადების სრულიად დამარცხება - ასეთია საქართველოს მთავრობის მიზანი C ჰეპატიტთან ბრძოლაში.

ოფიციალური დოკუმენტი, რომელმაც საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებული ასი ათასზე მეტი ადამიანის ცხოვრება უნდა შეცვალოს, ხელმოწერილია. „თბილისი მარიოტში“ საქართველოს მთავრობამ, ამერიკულ კომპანია „გილეად საიენსთან“ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ერთობლივი მემორანდუმის ხელმოწერით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გახსნილად გამოაცხადა. როგორც მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, C ჰეპატიტით დაავადებულ ყველა მოქალაქეს ექნება მკურნალობის შესაძლებლობა:

„მკურნალობის ღირებულება მოქალაქეებისათვის იქნება ნული. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, სოციალურად დაუცველებისათვის ეს იქნება უფასო, რადგან ხარჯების 70 %-ს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დააფინანსებს, 30 %-ს კი -თვითმმართველობები. დიაგნოსტიკის ღირებულება, ჯამში, 480 ლარია, 30 %-იანი შეღავათის ფონზე - 144 ლარი. სწორედ ეს თანხა დაუჯდება ყველაზე ცუდ შემთხვევაში პაციენტს მკურნალობის კურსი, რომლის საბაზრო ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება“.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია განმარტავს, 22 აპრილიდან დაიწყება პაციენტთა რეგისტრაციაც:

„პაციენტების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სოციალური დაცვის სააგენტოებში თბილისსა და რაიონებში. პაციენტს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა და ფორმა 100 - ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ის გამოკვლევა, რაც აუცილებელია პროგრამაში ჩართვისათვის“.

რეგისტრირებული პაციენტების პროგრამაში ჩართვას, მათი სამედიცინო საქმის შესწავლის საფუძველზე, სპეციალური სახელმწიფო კომისია გადაწყვეტს. ამ კომისიაში იქნებიან ექიმები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროგრამის პარტნიორები ამერიკული მხრიდან, ჟურნალისტები, თავად პაციენტები და, როგორც ვალერი კვარაცხელია ამბობს, ყველა გადაწყვეტილება იქნება ღია და გამჭვირვალე. ელიმინაციის პროგრამის მთავარი პრინციპი არის ის, რომ არა მხოლოდ უმკურნალონ ყველა დაავადებულ პირს, არამედ ის ადამიანებიც იპოვონ, ვინც ჯერ არც იცის, რომ C ჰეპატიტით არის ავად.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც განმარტა, პირველ რიგში იმ პირთა მკურნალობა დაიწყება,რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს ყველაზე მძიმეა. C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია კი,8 ათასი ფლაკონი, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა.

რაც შეეხება პრეპარატის გაცემის წესს moh.gov.ge, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ კონკურსის შედეგად შეირჩევა კლინიკები, სადაც სოციალურ სააგენტოებში რეგისტრაციაგავლილი პაციენტები განაწილდებიან და, პროგრამაში მათი ჩართვის შემთხვევაში, დასტურის მიღებიდან შვიდი დღის ვადაში მათ აუცილებლად უნდა დაიწყონ მკურნალობა და კლინიკებს მიაკითხონ. სწორედ აქ მიიღებენ ისინი პრეპარატ „სოფოსბუვირს“.

„ამ პრეპარატის ფლაკონი ვიდეოთვალის თანდასწრებით გაიხსნება. პირველ აბს პაციენტი კლინიკაში ექიმის თანდასწრებით სვამს, რის შემდეგაც მას წამალი სახლში მიაქვს. მე-14 დღეს კვლავ ბრუნდება ექიმთან და აჩვენებს, რომ მიღებული აქვს 14 აბი. ამის შემდეგ ისევ ბრუნდება 28-ე დღეს და ახალ ფლაკონს იღებს“.

როგორც შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც აღნიშნავს, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 6 % C ჰეპატიტითაა ინფიცირებული - ეს დაახლოებით 120 000 ადამიანია. ცერცვაძეს იმედი აქვს, რომ ახალი პროგრამა ყველა ამ ადამიანის განკურნების შანსს იძლევა:

„ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მწვავე პრობლემა. პაციენტები მთავრობისა და სადაზღვევო კომპანიებისაგან შველას მოითხოვდნენ. ეს არის გრანდიოზული, მსოფლიოში მართლაც უპრეცედენტო პროექტი, რომელიც უდიდეს სიკეთეს მოუტანს ჩვენს პაციენტებს - ყველა მათგანი განიკურნება“.

საქართველოს ზიანის შემცირების ქსელისა და პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭოს წევრი კონსტანტინე ლაბარტყავა, რომელიც თავადაც C ჰეპატიტითაა დაავადებული, წამოწყებას მიესალმება. მისი თქმით, მთავარია ყველა პაციენტმა ამ პროგრამის სიკეთე საკუთარ თავზე გამოსცადოს. კონსტანტინე ლაბარტყავა ამბობს, რომ ჯერ კვლავაც რჩება დასაზუსტებელი საკითხები, რომლებზეც თავად პაციენტებს ჯერჯერობით სრული პასუხი არა აქვთ, თუმცა იმედი, რომ ძვირად ღირებული მკურნალობის ჩატარებას საქართველოშიც უკვე ყველა პაციენტი შეძლებს, უკვე არსებობს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG