Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთრინ ეშტონი: ”არა - შერჩევით სამართალს”


კეთრინ ეშტონი
კეთრინ ეშტონი
26 ნოემბერს თბილისში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეთრინ ეშტონი, რომელიც, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. საქართველოში თავისი ხანმოკლე ვიზიტის ბოლოს კი კეთრინ ეშტონმა მედიასთან განცხადება გააკეთა.

კეთრინ ეშტონს საქართველოში რამდენიმესაათიანი ვიზიტის ბოლოს დროის უქონლობის გამო მედიის შეკითხვებზე აღარ უპასუხია. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ვიზიტი ასე შეაფასა:

”მსურს განვაცხადო, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში აქ ჩატარებული ისტორიული არჩევნებიდან ასე მოკლე ხანში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს არის ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემის პირველი შემთხვევა. და მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრისათვის მიმელოცა ეს შესანიშნავი მიღწევა”.
მე მოვიწვიე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე ...
კეტრინ ეშტონი

კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრებისას მან ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდა დაიცვან ევროკავშირის მიერ აღიარებული ძირითადი ფასეულობები - დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა:

”არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი, არ უნდა იყოს ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტებთან, წარსული დარღვევები კი უნდა გამოიძიონ მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და სათანადო წესების დაცვით”.

ეშტონი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო ”უწყვეტად ერთგულია” ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცეველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებების და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მალე წარმატებულად დასრულდება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მობილურობის გაუმჯობესებას:

”მე მოვიწვიე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. პრეზიდენტსა და პრემირ-მინისტრთან შეხვედრებზე კი ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის პრაქტიკაში დემონსტრირებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენი თანათავმჯდომარეობისა და ჩვენი სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მეშვეობით“.

კეტრინ ეშტონი და მიხეილ სააკაშვილი
კეტრინ ეშტონი და მიხეილ სააკაშვილი
კეთრინ ეშტონი ასევე მიესალმა საქართველოს შეთავაზებას უმასპინძლოს აპრილში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო არაფორმალურ დიალოგს.

ხანმოკლე ბრიფინგი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავიანთი შეხვედრის შემდგომაც გამართეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით თბილი შეხვედრა უწოდა:

”მთელი შეხვედრის დროს იგრძნობოდა ძალიან თბილი დამოკიდებულება ჩვენდამი, ჩვენი გუნდისადმი და ჩვენი ქვეყნისადმი. ვილაპარაკეთ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე ევროკავშირთან, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, რომ ვილნიუსის სამიტამდე წინ წავიდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების პროცესი, ვილაპარაკეთ ჩვენს უცვლელ სტრატეგიაზე ნატოსთან დაკავშირებით, ასევე რუსეთთან ურთიერთობების სამომავლო დალაგების პერსპექტივებზე”.

კეტრინ ეშტონი და ბიძინა ივანიშვილი
კეტრინ ეშტონი და ბიძინა ივანიშვილი
ურთიერთობის დალაგებაში კი ივანიშვილი თავდაპირველად რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენას გულისხმობს, რასაც, მისი სიტყვებით, უნდა მოჰყვეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც.

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და, ამ თვალსაზრისით, საქართველოს წვლილი, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, ასოცირებული წევრობისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იყო ასევე კეთრინ ეშტონისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის ძირითადი საკითხები. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პირისპირ საუბარიც გაიმართა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG