Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავშესაფრის მესამე ქვეყანაში მოპოვებას?


მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია თბილისში
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია თბილისში

დემირელის კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში რჩება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მისი საქმის განხილვაზე პოზიტიურად აისახოს ის მესიჯები, რომლებიც საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსს ეკუთვნის. 16 ივლისს რებეკა ჰარმსმა მოითხოვა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს საქართველოში ან სხვაგან, კერძოდ, ევროკავშირში. რა მექანიზმები არსებობს საამისოდ?

თურქეთის მოქალაქის, თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის მმართველ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხზე საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ და ევროკავშირის ქვეყნებმა უარი უნდა განუცხადონ თურქეთის ხელისუფლებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების მოთხოვნაზე:

რებეკა ჰარმსი
რებეკა ჰარმსი

“მე ახლა ვცდილობ დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ევროკავშირი, რომ იყვნენ კანონის უზენაესობის მხარეს და არ მოახდინონ თურქეთის მოქალაქეების ექსტრადირება, მაგალითად, იმისთვის, რომ ისინი არიან მასწავლებლები თუნდაც ისეთ სკოლაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. იყო მასწავლებელი ამ სკოლაში, არ არის დანაშაული და საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა სასტიკი უარი უნდა განაცხადონ ექსტრადირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. ჩაბუქმა და მისი ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი ევროკავშირში ან საქართველოში. მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი“.

ევროპარლამენტარის, ევრონესტის თანათავმჯდომარის, რებეკა ჰარმსის განცხადებები, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატებისა და მისი საქმის მონიტორინგით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მკაფიო გზავნილებია საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, ყველა შეფასება, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე ისმის და კეთდება, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა იყოს ქართული მხარისთვის. ამ რიგშია ის განცხადებებიც, რომლებიც რებეკა ჰარმსმა 16 ივლისს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულების შემდეგ, გააკეთა:

“ის, რაც ითქვა, არსებითად არის საქართველოს ვალდებულება, ნაკისრი საერთაშორისო დონეზე. და იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფრთხე, რომ პირი დაექვემდებარება წამებას, ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, გახდება დევნის ობიექტი, ასეთ დროს ნებისმიერი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, რომელსაც ეს ვალდებულებები აქვს ნაკისრი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ვალდებულია არ განახორციელოს ექსტრადირება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა დაიცვას“.

დღევანდელი მოცემულობით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსზე, ანუ თავშესაფრის მიღებაზე საქართველოში. მაგრამ, მეორე მხრივ, ჯერ არ არსებობს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს, ჯერ ძალაში არ არის შესული ის გადაწყვეტილება, რომელიც სტატუსის მინიჭებას ეხებოდა. შექმნილ ვითარებაში ნონა ქურდოვანიძე სასამართლოს ურჩევს იხელმძღვანელოს საერთაშორისო სტანდარტებით და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისკენ იქნება მიმართული. ზოგადად კი, პირს, ნონა ქურდოვანიძის თანახმად, არ ეკრძალება თავშესაფრისთვის მიმართოს მესამე ქვეყანასაც. თუმცა, როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავშესაფრის მოთხოვნით სხვა ქვეყნისთვის არ მიუმართავს, რადგან მისი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის ფაქტი ამ უფლებით სარგებლობას აზრს უკარგავს:

იმედი გვაქვს,რომ ქართული სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, იმდაგვარ გადაწყვეტილებას, რომ ემრე ჩაბუქის უფლებები იქნება დაცული და არ დაექვემდებარება ის თურქეთის ციხეში წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რისი ძალიან დიდი საფრთხე არსებობს...
თეონა ზაქარაშვილი

“ვთქვათ, საქართველომ არ გაათავისუფლა ეს ადამიანი. თუ არ გაათავისუფლა, სხვა ქვეყანამ რომც მიანიჭოს თავშესაფარი, საქართველომ ხომ უნდა გაუშვას. შესაბამისად, გადამწყვეტი სიტყვა მაინც საქართველოზეა. თუმცა თეორიულად შესაძლებელია სხვა, გაეროს წევრმა ქვეყანამ თავშესაფარი მიანიჭოს, ნებისმიერი მესამე ქვეყანა გამოჩნდეს, რომელიც ამაზე თანხმობას განაცხადებს. ამის თაობაზე საქმის კურსშია ჩაყენებული, რა თქმა უნდა, როგორც ევროპარლამენტი, ისე გაეროს წარმომადგენელი საქართველოში. ანუ მინიჭების პრობლემა კი არ არის, ამის იმპლიმენტირება ვერ მოხდება საქართველოს მზაობის გარეშე“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი კი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ მიმართონ მას ეგრეთ წოდებული სასამართლოს მეგობრის წერილით.წერილში ჩამოყალიბებული იქნება სამართლებრივი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა გადაეცეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს და რატომ უნდა მიენიჭოს მას ლტოლვილის სტატუსი:

“იმედი გვაქვს,რომ ქართული სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, იმდაგვარ გადაწყვეტილებას, რომ ემრე ჩაბუქის უფლებები იქნება დაცული და არ დაექვემდებარება ის თურქეთის ციხეში წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რისი ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. რებეკა ჰარმსის ვიზიტს და მის განცხადებებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ევროპარლამენტმა 2017 წლის 6 ივლისს რეზოლუციაც კი მიიღო, სადაც საუბარი არ არის რაიმე გაუმჯობესებაზე თურქეთის ციხეებში და საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ იქ მყოფი პირები ექვემდებარებიან წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები დაცული არ არის“.

თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ფონზე, დიპლომატიური გარანტიებიც კი არ შეიძლება იყოს მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის მოსალოდნელი საფრთხის საპირწონე.

დემირელის კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, 24 მაისს თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. თურქეთი მას ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის, „ტერორისტული ორგანიზაციის“ მხარდაჭერას სდებს ბრალად.

XS
SM
MD
LG