Accessibility links

ჭალელები სახელმწიფო ელექტროსისტემას სასამართლოში უჩივლებენ


ჭალეში მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გააპროტესტა ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა

წალენჯიხის სოფელ ჭალეს თემის, ენწერფედის, მცხოვრებლები სახელმწიფო ელექტროსისტემის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. მათ სამართლებრივი დახმარებისთვის უკვე მიმართეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ზუგდიდის ოფისს. ორგანიზაცია სარჩელს ამზადებს. საიას იურისტის, ჯემალ ჭკადუას, განცხადებით, ჭალელების მოთხოვნაა ყადაღა დაედოს იმ მიწის ნაკვეთებს, სადაც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს, ვიდრე არ დადგინდება, არის თუ არა უსაფრთხო მოსახლეობისთვის კონკრეტული პროექტი.

„მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს, მოსახლეობისგან რამდენიმე მეტრშია და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომაც, ეს უნდა იქნეს შესწავლილი“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ, რომელიც ენწერფედის თემში მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას დაესწრო.

თუ ჩვენი ექსპერტების არ სჯერათ, შევთავაზე თავად მოეყვანათ. ამას არ აკეთებენ. 70%-ისთვის ხელშეკრულებები გაფორმებულია და თანხები მიღებული აქვთ. ვინც ჩვენ გვიპროტესტებს პროექტს, ის თანხით უკმაყოფილოა, თორემ განა რამე სხვა პრობლემა აქვთ ან დასკვნები სჭირდებათ? სახლში უდევს ყველას ეს დასკვნები...
თემურ ჭანტურია

ჭალეში მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გააპროტესტა ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა. სამუშაოებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს და მასში რამდენიმე კომპანიაა ჩართული. ჭალეს მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზები მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ენწერფედში მცხოვრები შვიდივე ოჯახი იმ აზრისაა, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემამ უნდა შეაჩეროს სამუშაოები, სანამ არ დარწმუნდებიან პროექტის უსაფრთხოებაში, დადებითი დასკვნის შემთხვევაში კი ისინი ითხოვენ შესაბამის კომპენსაციას:

„სულ რაღაც 40 მეტრში ჩემი სახლია. გვითხრან, აქ შეიძლება ცხოვრება თუ არა“, - ამბობს ჭალეში მცხოვრები გივი უბილავა.

„ეს ამათ არ გაუვათ. მოგვიტანონ ზუსტი ექსპერტიზა, თუ არადა, იქნება საპროტესტო აქციები“, - აცხადებს მანანა აქუბარდია.

აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შეაგროვებენ ხელმოწერებს მოთხოვნით, სახელმწიფომ დააფინანსოს საერთაშორისო ექსპერტიზა. ამ გადაწყვეტილებით ჭალეს მცხოვრებლებმა გაიზიარეს მათთან სოლიდარობის მიზნით საგანგებოდ ჩასული ფასანაურის მკვიდრთა პოზიცია. როგორც ფასანაურში მცხოვრებმა ბადრი დავითურმა განაცხადა, მათ სოფელშიც მოსახლეობა, იმავე პროექტის ფარგლებში, ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას და ამიტომაც მნიშვნელოვანია ხალხის ერთად დგომა.

„ამერიკიდან ჩამოგვყავს მკვლევარები, მეცნიერები. ამიტომ მოსახლეობას მინდა ვთხოვო, რომ მოაწერონ ხელი მის ჩამოყვანას. მოვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ დააფინანსოს მათი ჩამოყვანა“.

მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებენ კომპანია „ენერგოტრანსში“, რომელიც, სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტის ფარგლებში, „კავკასენერგოსთან“ ერთად ჭალეში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელმა თემურ ჭანტურიამ განაცხადა, რომ სამუშაოების უსაფრთხოებაზე არსებობს ყველა დონის - მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების - დასკვნებიც. მისი თქმით, მოსახლეობა სინამდვილეში იბრძვის იმისთვის, რომ გაცილებით მეტი ფინანსური სარგებელი ნახოს:

„თუ ჩვენი ექსპერტების არ სჯერათ, შევთავაზე თავად მოეყვანათ. ამას არ აკეთებენ. 70 %-ისთვის ხელშეკრულებები გაფორმებულია და თანხები მიღებული აქვთ. ვინც ჩვენ გვიპროტესტებს პროექტს, ის თანხით უკმაყოფილოა, თორემ განა რამე სხვა პრობლემა აქვთ ან დასკვნები სჭირდებათ? სახლში უდევს ყველას ეს დასკვნები“.

ნაკვეთი, სადაც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს
ნაკვეთი, სადაც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს

ჭალეს მცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ კომპენსაცია მიწის მხოლოდ ერთმა მესაკუთრემ, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ, მიიღო. მას ეს მიწა რამდენიმე წლის წინ სოფლის მკვიდრმა ვალტერ აქუბარდიამ შვილის გარდაცვალების შემდეგ მიწაზე ეკლესიის აშენების პირობით აჩუქა, ამ უკანასკნელმა კი ენერგოკომპანიას მიჰყიდა. როგორც ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესს“ ვალტერ აქუბარდიამ განუცხადა, ის აპირებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის, გერასიმე შარაშენიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. თავის მხრივ, ეპარქია პრეტენზიებს გამოეხმაურა განცხადებით, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპენსაციები გადაეცა სოფლის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და, მათ შორის, ეპარქიასაც, რაზედაც გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება, თანხა კი, 171 000 ლარი, უკლებლივ მამათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას მოხმარდა.

ჭალეს მოსახლეობამ სოფელში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სისტემის დამონტაჟება არაერთხელ გააპროტესტა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG