Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩიორა“


ჩარლი პარკერი, ტომ პოტერი, მაილს დევისი, დიუკ ჯორდანი,1947 წელი
ჩარლი პარკერი, ტომ პოტერი, მაილს დევისი, დიუკ ჯორდანი,1947 წელი
29 აგვისტო ჩარლი პარკერის, იმავე „ჩიტის“, - გნებავთ, „ჩიორას“, - დაბადების დღეა - კონფლიქტური და წინააღმდეგობებით სავსე ადამიანის. არა, სხვას არას უშავებდა, მთელი ცხოვრება მხოლოდ საკუთარ თავს ერჩოდა... მისი მუსიკალური ნიჭიც სწორედ ამ კონფლიქტურობისა და თვითგანადგურების ვნებით საზრდოობდა. ემოციური, ჭირვეული, არასანდო, არაპროგნოზირებადი, გზააბნეული, მარტოსული, თავზეხელაღებული, სევდიანი და გულჩათხრობილი - კოლეგები ამგვარი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ხოლმე, თუმცა გულსა თუ სულში რა ავდარი უტრიალებდა, დანამდვილებით არც არავინ უწყოდა. ერთხმად მხოლოდ იმ უტყუარ ფაქტზე თანმხდებოდნენ, რომ საქსოფონისტი ლეგენდად და გენიოსად სიცოცხლეშივე ჩამოყალიბდა.



კანზას-სიტიში დაიბადა, იმავე ქალაქში, სადაც ქაუნთ ბეისი, კოულმან ჰოუკინსი, ჯიმი რაშინგი, ბენ ვებსტერი და ლესტერ იანგი. ამ ბატონების მოსასმენად ღამის კლუბებში დაძვრებოდა და მუსიკა სწორედ მათ შეაყვარეს. თერთმეტი წლის გახლდათ, როცა დედამ დანაზოგი ფულით საქსოფონი უყიდა და ყმაწვილმაც მეცადინეობის მეტად უჩვეულო, საკუთარი სისტემა გამოიგონა: ყურით მოსმენილ თემებს თავდაუზოგავად ებრძოდა, რამდენიმე ტონალობაში ასრულებდა ხოლმე და ასე ხვეწდა საშემსრულებლო ტექნიკასა თუ ხელწერას.

პარკერმა პირველად 1942 წელს ნიუ-იორკში გაიბრწყინა: კლუბ „სავოიში“ ნიუ-იორკელებს სვინგისთვის აქამდე უჩვეულო და ურთულესი ჰარმონიული ფრაზებით გააცნო თავი. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა სვინგს აქტუალურობა, რევოლუციურის სტატუსი დაჰკარგოდა და, ასე ვთქვათ, პოპ-მუსიკად ქცეულიყო; ბიგ-ბენდების მეცადინეობით იმდენად დახვეწილიყო, რომ შემდგომი განვითარებისათვის სივრცეც კი აღარ რჩებოდა. ჰოდა, საპირწონედ აქა-იქ ახალ-ახალი კვარტეტები თუ კვინტეტები იჩეკებოდნენ, რომლებიც, ბიგ-ბენდებისგან განსხვავებით, არა უზარმაზარ საცეკვაო დარბაზებში, არამედ პატარა კლუბებში ირჯებოდნენ. იქვე წარწერას ათავსებდნენ ხოლმე: ჩვენთან არ ცეკვავენ! აქაოდა ჩვენს მუსიკას ტვინის განძრევა და არა უკანალის კუნტრუში უხდებაო. 1944 წელს სწორედ ამ სცენაზე დადგა ჩარლი პარკერიც, ტრადიციულ ჯაზს გაემიჯნა და დიზი გილესპისთან ერთად რევოლუცია, სახელად „ბიბოპი“, წამოიწყო.



გილესპი და პარკერი ბევრს გასტროლირებდნენ. საყვირ-საქსოფონის შეხმატკბილებულმა დუეტმა ბიბოპის სენით მთელი ამერიკა დააავადა, მაგრამ სენი პარკერსაც სჭირდა, გაცილებით საშიში და მავნებელი - ნარკოდამოკიდებულება. ამბობენ, რომ თრიაქით იბრუებდა თავს, მერე ჰეროინს იმატებდა, ბოლოს ბენზედრინის აბებს ვისკით გადაჰკრავდა ხოლმეო. ბოდიში და, „ლომკები“ რომ ეწყებოდა, ან უმოწყალოდ სვამდა, ან „ბარიგების“ ძებნას მოჰყვებოდა და დიზის ზოგჯერ თვეობით ეკარგებოდა. ერთხელ, გაბრუებულს, რომელიღაც სასტუმროში მოკიდებული სიგარეტით ჩაეძინა და ცეცხლმოდებული ნომრიდან ძლივს გამოათრიეს. ზოგჯერ კონცერტზე ინსტრუმენტის გარეშე გამოცხადდებოდა და, გაბრუებულს, მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, რომ საქსოფონი ან წამალში გაეცვალა, ან კიდევ ლომბარდში ჩაებარებინა. ციხეშიც ყოფილა, ნარკოლოგიურ თუ ფსიქიატრიულ კლინიკებშიც, საიდანაც მეტ-ნაკლებად გონს მოსული და დამცხრალი გამოუწერიათ. მაგრამ საინტერესო - ამავე დროს, უცნაური - ის გახლავთ, რომ პარკერის შემოქმედების ყველაზე წარმატებული და ღირებული ნაწილი სწორედ თვითგანადგურების იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ჰეროინულ ჭაობში ყელამდე ეფლობოდა. ნარკოტიკული კრიზისის პერიოდში შექმნა შედევრები: Yardbird Suite, Ornithology, Bird Gets the Worm და ისეთი სტანდარტებიც მოარჯულა, როგორებიცაა: Koko და Lady Be Good.



1949 წელს ნიუ-იორკში 52-ე ქუჩაზე კლუბი გაიხსნა, - ასე ვთქვათ, ჯაზის შტაბბინა, - რომელსაც „ჩიტის“ პატივსაცემად „Birdland“ დაარქვეს. თავად კი კლინიკაში მორიგი თერაპიული კურსი ჰქონდა გავლილი. იმხანად ნარკოტიკებს არ ეკარებოდა, სამაგიეროდ, უზომოდ სვამდა. მთვრალი შეძვრებოდა ხოლმე და დაუვიწყარ ჯემსეიშენებს მართავდა ლესტერ იანგთან ერთად. ისედაც გულჩათხრობილი, საკუთარ თავში უფრო მეტად იკეტებოდა და რეალობის განცდა დღითიდღე უნელდებოდა. ფსიქიკური პრობლემები კი მას მერე გაუმძაფრდა, რაც მისი 2 წლის გოგონა ფილტვების ანთებამ შეიწირა. სუიციდალურმა და დევნის მანიამაც კი შეიპყრო. ღამღამობით გაუთავებელი ჯემსეიშენები, დილით ბახუსი, ახალი დოზისთვის ფულის საშოვნელად წანწალი, საღამოს თრობა და ისევ სცენა - ასეთი გახლდათ მისი ბოლო წლების ყოველდღიური ცხოვრების წესი. ბუნებრივია, დაღლილმა, გამოფიტულმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და ერთი ქალბატონის ბინაში აღესრულა. პანონიკა როტშილდი ერქვა, ჯაზმენთა დიდი ქომაგი და მფარველი გახლდათ. სამედიცინო ექსპერტიზამ კი სიკვდილის მიზეზად პნევმონიის გართულებული ფორმა დაადგინა და დასკვნაში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: „გარდაცვლილი - შავკანიანი მამაკაცი, 50-55 წლის...“ პარკერი კი მხოლოდ 35 წლის გახლდათ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG