Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაკეტის მორიგი გამოცდის გამო ჩრდილოეთი კორეა საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა


აშშ და სამხრეთი კორეა აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ 12 თებერვალს განხორციელებული, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტის საცდელი გასროლის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანა ერთად მსჯელობს იმაზე, თუ რა ფორმით დაისაჯოს ფხენიანის არაპროგნოზირებადი რეჟიმი.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინფორმაციით, „მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა რაკეტის მოქმედებისა, რომლის სროლის სიშორე 5 000 კილომეტრს აღწევდა“. აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა კი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა, დიდი ალბათობით, საშუალო სიშორის შეიარაღებას წარმოადგენდა და არა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურს, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა აშშ-ისათვის. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის საცდელი გასროლის შესახებ ინფორმაცია იმ დროს გავრცელდა, როდესაც ფლორიდაში ერთმანეთს ხვდებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე. თავის მოკლე კომენტარში ტრამპა განაცხადა, რომ იგი „100 პროცენტით“ უჭერს მხარს იაპონიას, ხოლო აბემ „აბსოლუტურად დაუშვებელი“ უწოდა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდას.

უფრო ადრე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მოელიან „პროვოკაციებს“ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, რომლის შემდეგაც იმსჯელებდნენ სრული მოცულობის საპასუხო ზომებზე, მათ შორის, ფინანსურ სანქციებსა და რეგიონში საზღვაო ძალების გაზრდაზე.

სამხრეთ კორეის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ხვან გეანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „თავხედური და აშკარა“ დარღვევა უწოდა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდას და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სანქციებით უპასუხებს ფხენიანის ქმედებას.

ჩრდილოეთ კორეის მიერ საშუალო სიშორის რაკეტის გამოცდა პირველი იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ჰყავს.

10 თებერვალს იაპონიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ერთად იმოქმედებს „ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე სარაკეტო და ბირთვული საფრხისაგან“ თავის დასაცავად, რასაც ტრამპმა მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უწოდა.

ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა გასულ თვეში, მას შემდეგ, რაც ფხენიანის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ახლოსაა საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდასთან.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 თებერვალს რაკეტამ სტარტი აიღო პხენანდოს პროვინციაში მდებარე ბანგიონის საავიაციო ბაზიდან და იაპონიის ზღვისკენ გაფრინდა.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ფხენიანმა საშუალო სიშორის რაკეტა „მუსუდანი“ გამოსცადა.

ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ გასულ წელს მან ორჯერ გამოსცადა ასეთი კლასის რაკეტა, რომელიც საშუალო რადიუსში მოქმედ სტრატეგიული შეიარაღების სისტემას განეკუთვნება და მნიშვნელოვნად ზრდის ფხენიანის შეტევით პოტენციალს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG