Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ოპერაციები და საქართველო


11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან 50-ზე მეტი ქვეყანა თანამშრომლობდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების შეპყრობის, საიდუმლო საპატიმროებში დაკითხვისა და საიდუმლო გადაცემის სახით. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც ნიუ-იორკში არსებულმა ადამიანის უფლებადამცველმა „ღია საზოგადოებამ“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, რომელიც 136 საქმეს ეყრდნობა, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიზანი იყო ეჭვმიტანილების გადაგზავნა ისეთ ადგილებში, სადაც მათგან ადამიანის უფლებათა დარღვევით ხდებოდა ჩვენებების მიღება. დოკუმენტში მოხვდა საქართველოც, რომელმაც 2000-ან წლებში რამდენიმე ეჭვმიტანილი ტერორისტი გადასცა ამერიკის დაზვერვას.

ახალი ანგარიში, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტიდან 10 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ გამოქვეყნდა, ყოველმხრივ აღწერს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყველაზე უფრო გასაიდუმლოებულ პროგრამას. კვლევაში შესულია და გაერთიანებული ამ პროგრამის მსხვერპლის, ტერორიზმში ეჭვმიტანილი იმ 136 პირის საქმე, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დააკავეს და კანონის გვერდის ავლით გადასცეს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტებს. ორგანიზაცია „ღია საზოგადოების“ ანგარიშის ავტორი ამრიტ სინგჰი ამბობს, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს საიდუმლო პროგრამაში უცხო სახელმწიფოს ხელისუფლებების მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ აშშ-ებთან ერთად მათაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა უფლებების ხელყოფაში:

„ანგარიში ცხადყოფს, რომ 54 ქვეყნის ხელისუფლებები სხვადასხვა სახით თანამონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, მათ შორის, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიას უთმობდნენ საიდუმლო ციხეებისათვის, აწვდიდნენ სადაზვერვო ინფორმაციებს, რომლის საფუძველზეც აპატიმრებდნენ ეჭვმიტანილებს და გზავნიდნენ მათ სხვადასხვა ადგილებში. არსებობდა მრავალი სხვა ფორმაც, რამაც ეს სახელმწიფოები მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ისეთი საქმიანობის თანამონაწილეებად აქცია, რომლის დროსაც წამებაც გამოიყენებოდა“.
თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას, მონაცემები საქართველოს შესახებ ერთობ მწირია და, თუ არ მეშლება, მხოლოდ 4 პიროვნების გადაცემას მოიცავს...
ბესიკ ალადაშვილი

სინგჰმა ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომლებიც, ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ფაქტების თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობდნენ.

ავღანეთსა და რუმინეთში არსებობდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეები; აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, მაკედონია და უზბეკეთი კი საკუთარ ტერიტორიას უთმობდნენ იმ თვითმფრინავებს, რომლებითაც ხდებოდა ეჭვმიტანილი ტერორისტების ტრანსპორტირება; ხოლო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტებს უშუალოდ გადასცეს ეჭვმიტანილი ტერორისტები, საქართველო, აზერბაიჯანი, მაკედონია და ირანი აღმოჩნდნენ. უსაფრთხოების საკითხების ქართველი ექსპერტი, უშიშროების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ბესიკ ალადაშვილი იხსენებს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების გადაცემა საქართველოდან 2000-იანი წლების დასაწყისში რამდენჯერმე მოხდა:

“თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას, მონაცემები საქართველოს შესახებ ერთობ მწირია და, თუ არ მეშლება, მხოლოდ 4 პიროვნების გადაცემას მოიცავს. მახსოვს, მაშინ გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები. ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა რადიოელექტრონული დაზვერვა და სხვადასხვა მეთოდები ამ პირების დადგენისა და დაკავებისათვის“.

აშშ-ში დღემდე არ წყდება ცხარე კამათი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ოპერაციების დროს „დაკითხვის დახვეწილი ტექნიკის“ გამოყენების გამო, რამაც ფართო გავრცელება პოვა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს და მიზნად ისახავდა აშშ-ის დაცვას მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმისაგან.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ზემოხსენებული ანგარიშის ავტორი ამრიტ სინგჰი არ გამორიცხავს, რომ კვლავ ხდებოდეს აშშ-ის დაზვერვის აგენტებისათვის ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების გადაცემა.

ბარაკ ობამამ თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს აკრძალა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა გამოტეხის - მათ შორის, დახრჩობის იმიტაციის, ეჭვმიტანილის წყალში ჩაყურყუმელავების - მეთოდების გამოყენება.

კამათმა საიდუმლო ოპერაციების თაობაზე ახალი ძალით იფეთქა მას შემდეგ, რაც დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის თანამდებობაზე ბარაკ ობამამ ჯონ ბრენანი, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი წარადგინა. თუმცა ბრენანი გაემიჯნა ბუშის პერიოდის პოლიტიკას და განაცხადა, რომ იგი არასოდეს უჭერდა მხარს დახრჩობის იმიტაციის მეთოდის გამოყენებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG