Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი საოპერო შემსრულებლები ნიუ-იორკში იმიგრანტებს უმღერიან


ბექა გოგინაშვილი
ბექა გოგინაშვილი

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში ქართველი ტენორის ბექა გოგინაშვილის პირველი სოლო-კონცერტი გაიმართა. ოპერის მომღერლის ეს საჩუქარი ქართველი იმიგრანტებისთვის და ამერიკელი მსმენელისთვის ქართველი კომპოზიტორების და მათი შემოქმედების უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად. მოგვიანებით ბექას მეტროპოლიტენის ოპერის სოლისტები გია გაგნიძე და ზურაბ ნინუაც შეუერთდნენ. კონცერტის პარალელურად, დარბაზში პენსილვანიის სამხატვრო სკოლის გამოფენა მიმდინარეობდა, რომელიც ქართველმა მხატვარმა ნიკოლოზ ჩოჩელმა 18 წლის წინ დაარსა.

ქართველი ტენორი ბექა გოგინაშვილი ნიუ-იორკში სამი თვის წინ ჩამოვიდა. ის იტალიის ქალაქ ოზიმოს საოპერო ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებულია და ახლა ნიუ-იორკში გეგმავს კარიერის გაგრძელებას. სოლო-კონცერტი ამერიკელი და ქართველი მსმენელებისთვის მანჰეტენზე მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში გაიმართა. ოპერის მომღერალმა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებები, იტალიური, გერმანული, ესპანური და უკრაინული კლასიკური მუსიკის ნიმუშები შეასრულა.

ბექა გოგინაშვილი: ასეთი იდეა მქონდა და ბატონი ზურაბ ნინუა დამეხმარა ამაში, რომ წარვადგინოთ ჩვენი, ქართული ნაწარმოებები ამერიკელი მსმენელის წინაშე. ვინც ჩამოდის აქ და მართავს კონცერტს, ან მეტროპოლიტენის ოპერაში გამოდის, ძირითადად იტალიურ ნაწარმოებებს წარადგენენ. ქართული ხალხური მუსიკა ასე თუ ისე იციან, მაგრამ ფალიაშვილი, აზარაშვილი, ბალანჩივაძე მათთვის ნაკლებად არის ცნობილი. დღეს ერთგვარი პრეზენტაცია იქნება.

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერაში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მოღვაწეობენ ზურაბ ნინუა და გია გაგნიძე. სამი ქართული, მსოფლიოში ცნობილი საოპერო ხმა კონცერტის დასასრულს ტაძარში უკვე ერთად ისმოდა.

საოპერო ხელოვნების გარდა, ეკლესიის დარბაზში მოეწყო პენსილვანიის სამხატვრო სკოლის გამოფენა, რომელიც ქართველმა იმიგრანტმა მხატვარმა ნიკო ჩოჩელმა 18 წლის წინ დაარსა. მისი სტუდენტები ძირითადად ამერიკელები არიან. ამ დამსახურებისთვის მას ამერიკის კონგრესმა ღირსების ორდენი გადასცა.

ნიკო ჩოჩელი: ჩემთან როდესაც ადამიანი მოდის, ძალაუნებურად გავლენის ქვეშ ხვდება, აინტერესებს ქართული ენა, კულტურა, ქრისტიანობის შესახებ იღებს ინფორმაციას. ძალიან ობლად ვართ ემიგრანტები საზღვრებს გარეთ, და თუ საშუალება გაქვს შენს ქვეყანას ემსახურო მაქსიმალურად, უნდა მოახმარო მთელი პოტენციალი. აქ მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს, საქართველოს. ყოველი ჩემი ამოსუნთქვა და ჟანგბადი, მოლეკულა არის ჩემი სამშობლო.

მძიმე სამუშაო კვირის ბოლოს მანჰეტენზე მდებარე ტაძარი ქართველი იმიგრანტების შეკრების ადგილია. საკვირაო ქადაგების შემდეგ უკვე რამდენიმე წელია ტრაპეზზე ქართული საკვები, ხინკალი, ხაჭაპური, ნიგვზიანი ფხალეული მზადდება. ბადრი მიქაძე ამ ტაძრის მრევლია, პენსილვანიის სამხავტრო სკოლის გამოფენის იდეა ტაძარში მას ეკუთვნოდა.

ბადრი მიქაძე: თვითონ მამა ქრისტოფერი არის ძალიან კარგი ადამიანი, მოსწონს ქართული მრევლი, უწყობს ხელს და ცდილობს ყველაფერში დაეხმაროს.

მამა ქრისტოფერ კალინი წარმოშობით რუმინელია. ქართველი იმიგრანტების დიდი ნაწილი აღსარებისთვის სწორედ მასთან მიდის. კომუნიკაცია ინგლისურად ხდება, თუმცა ეს პრობლემა უკვე აღარ არის. მამა ქრისტოფერი ნიუ-იორკში დაბადებული რამდენიმე ქართველი ბავშვის ნათლიაც არის. მხიარული, კეთილგანწყობილი, თანამედროვე მამაო ქართული საგალობლების მეშვეობით ქართველ იმიგრანტებს ქართულად ლოცავს.

მამა ქრისტოფერ კალინი: ქართული საღვთო ლიტურგიიდან ვისწავლე ზოგიერთი ქართული ქადაგება, პატარა ლოცვები, მაგრამ აი დღეს უკვე ვამბობ ამას: ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, ეს ჩემი საყვარელი დროა, ყველანი მიყვარხართ და დიდი მადლობა.

XS
SM
MD
LG