Accessibility links

COVID-19 გუშინ, დღეს, ხვალ - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 მარტს


რა ხდება ქვეყანაში ახლა და რისთვის უნდა ვიყოთ მზად მომავალში

საქართველოს მთავრობა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. კონტროლდება ქვეყნის საზღვრები. მთავრობა კერძო და საჯარო უწყებებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას ურჩევს. შესაძლოა შეზღუდვები გამკაცრდეს და აიკრძალოს, მაგალითად, ხალხმრავალი ქორწილები და დაკრძალვის ცერემონიები.

„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების საგრძნობლად ზრდა“, - ეს კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის პროგნოზია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმშია 295 პაციენტი, სტაციონარში კი 49.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერმა ეპიდემიის სახე მიიღო და ქვეყანას მისი მართვა მოუწია, შესაბამისი რესურსების მობილიზება იქნება საჭირო. სახელმწიფო უწყებები ამბობენ, რომ ამისთვისაც ყველა რესურსი მზად არის. ამ მზადყოფნაში შედის:

  • 9 საავადმყოფო მთელ ქვეყანაში
  • ინფიცირებულთათვის განკუთვნილი 350-მდე საწოლი
  • 2000-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი
  • 150-მდე ინფექციონისტი
  • 20 000-მდე მოქმედი ექიმი

ეს სრული სია არაა. ყველაფერი ქვეყანაში არსებული რესურსების შესახებ წაიკითხე აქ.

კორონავირუსი: რესტორანი, ექიმის მოსაცდელი, ტრანსპორტი - სად როგორ მოვიქცეთ

სოციალური დისტანცირების ზრდა, ანუ ახლო კონტაქტების შემცირება ერთ-ერთი მთავარი და ეფექტიანი მექანიზმია, რომელიც ანელებს ვირუსული ინფექციების და მათ შორის - კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ტემპებს. რეკომენდაციების თანახმად, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ხალხმრავალ ადგილებში.

არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებსაც მსოფლიოში ექიმები რჩევის სახით იძლევიან. თუკი ერთი თანამოსაუბრე გყავთ, მასთან უნდა დაიცვათ მინიმუმ - 1 და უკეთეს შემთხვევაში - 2-მეტრიანი დისტანცია. თუკი რამდენიმე ადამიანს ვესაუბრებით, 1-2-მეტრიანი დისტანციის დაცვა საჭიროა თითოეულ მათგანთან.

სიფრთხილეა საჭირო რესტორნებსა და კაფეებში, ასევე ექიმთან რიგში დგომის დროსაც. ყველა სამედიცინო რჩევა და რეკომენდაცია წაიკითხე აქ.

დღეს გახდება ცნობილი, რას მოიმოქმედებს მთავრობა COVID-19-ის შედეგად დაზარალებული ბიზნესსექტორის დასახმარებლად

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეკონომიკის მასტიმულირებელი ნაბიჯების გადადგმისთვის ემზადება. ამის პირობა მან კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების შედეგად დაზარალებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

დღეს გახდება ცნობილი, რას გაითვალისწინებს მთავრობა იმ წინადადებებიდან, რაც ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერს გააცნეს.

გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეფექტიანად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას. მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებთან შეხვედრამდე ეკონომიკურ გუნდს დაავალა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა.

წაიკითხე მეტი.

ფორმალური კარანტინი ახალგორში, გორში კი სამოქალაქო და სამედიცინო მეთვალყურეობა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის სამშობიარო სახლში გახსნილ საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე მოათავსა. მარტის დასაწყისში ბიბილოვის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საქართველოდან დაბრუნებული ნებისმიერი მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლიდა.

რამდენიმე დღის წინ ახალგორის მცხოვრები 30 წლის ქალი თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან დაბაში დაბრუნდა. მას და და სიძე ავტოავარიაში დაეღუპა და, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის მიუხედავად, მისთვის გამონაკლისი დაუშვეს და იმ პირობით, რომ დაბრუნების შემდეგ კარანტინში მოთავსდებოდა, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი გაუხსნეს. ახალგორში დაბრუნებული ქალი, უკვე რამდენიმე დღეა, კარანტინში იმყოფება.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ კარანტინში განთავსებაც შერჩევით ხდება და თუმცა ამ ქალის გარდა დაბაში სხვა პირებიც დაბრუნდნენ, მათ ეს არ შეხებით.

წაიკითხე მეტი.

კარანტინის 49-ე დღე - ნინის ბოლო წერილი უჰანიდან

12 მარტი, 2020

„25 დღის შემდეგ დღეს პირველად გავედი გარეთ და ხალხთან კომუნიკაცია, თუნდაც უბრალოდ „გამარჯობის“ თქმა, იმდენად სასიამოვნო იყო, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრას არასოდეს ვინატრებ.

უჰანში სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა, დღეს მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე დაიკეტა სპეციალურად კორონავირუსისთვის გახსნილი საავადმყოფოები, რაც იმედს გვაძლევს, რომ ერთ თვეში შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

ზოგჯერ ვნანობ, რომ ვამბობდი პანიკის საფუძველი არ არსებობს-მეთქი, იქვე რომ არ განვმარტავდი, რა განსხვავებაა პანიკასა და უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნით და ორგანიზებულად შესრულებას შორის. მესმის, რომ არ გეშინიათ, არც უნდა გეშინოდეთ, არაფერია აქ საშიში, უბრალოდ, ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, ცოტა მეტად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ცოტა ნაკლები ხინკალი ჭამეთ ჯგუფურად, ცოტა ნაკლები დალიეთ, რომ სიყვარულის ბუშტი არ გაგისკდეთ და ერთმანეთის კოცნა არ მოგინდეთ. ძალიან ბევრი სამსახური დისტანციურ მუშაობაზე გადადის და ნუ ჩათვლით, რომ სამსახურიდან გამოთავისუფლებული დრო მუშთაიდის ბაღში სასეირნოდ უნდა გამოიყენოთ ან ნათესავების მოსანახულებლად”.

ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში. წაიკითხე ნინის ბოლო წერილი რადიო თავისუფლებისთვის უჰანიდან.

იტალიის ქალაქ ბარიში კარანტინში მყოფი ქართველები მღერიან კორონავირუსის შესახებ. ეს ვიდეო ფეისბუკში გავრცელდა და მოწონებაც დაიმსახურა.

რადიო თავისუფლება გთავაზობთ კორონავირუსის გავრცელების სქემას, რომელიც ეყრდნობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორისა და ინფექციური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებებსა და მონაცემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG