Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფორმალური კარანტინი ახალგორში, გორში კი სამოქალაქო და სამედიცინო მეთვალყურეობა


ცხინვალი
ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის სამშობიარო სახლში გახსნილ საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე მოათავსა. მარტის დასაწყისში ბიბილოვის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საქართველოდან დაბრუნებული ნებისმიერი მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლიდა.

რამდენიმე დღის წინ ახალგორის მცხოვრები 30 წლის ქალი თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან დაბაში დაბრუნდა. მას და და სიძე ავტოავარიაში დაეღუპა და, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის მიუხედავად, მისთვის გამონაკლისი დაუშვეს და იმ პირობით, რომ დაბრუნების შემდეგ კარანტინში მოთავსდებოდა, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი გაუხსნეს. ახალგორში დაბრუნებული ქალი, უკვე რამდენიმე დღეა, კარანტინში იმყოფება.

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ კარანტინში განთავსებაც შერჩევით ხდება და თუმცა ამ ქალის გარდა დაბაში სხვა პირებიც დაბრუნდნენ, მათ ეს არ შეხებით. გარდა ამისა, მეარაყიშვილის თქმით, ადგილობრივ საავადმყოფოში მოთავსებულს არც ანალიზებს უკეთებენ და ექიმებიც დიდ ყურადღებას არ აქცევენ, არ სწავლობენ მის კონტაქტებს. მეარაყიშვილის აზრით, ეს ფორმალობაა და ქალს ახალი კორონავირუსი (COVID-19) რომც დაუდგინდეს, ამას დე ფაქტო ხელისუფლება ვერ შეიტყობს, რადგან შესაბამისი ტესტები არ არსებობს.

„ამ ერთი კონკრეტული ადამიანის გარდა, არაერთი ადამიანი დაბრუნდა დაბაში, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი მოათავსეს, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის ფორმალობა. მე როგორც ვიცი, ამ ადამიანთან, ვინც გამოკეტილია სამშობიაროში, არავინ არ მივიდა, არ დაინტერესდნენ. ტესტები არ გაგვაჩნია, ანალიზებს არ უღებენ. უბრალოდ, ორი კვირა უნდა დავაკვირდეთო. ვითომ აკვირდებიან“.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით 17 მოქალაქეს აკვირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

ცხინვალის მედიას მონაცემები დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 17 მოქალაქიდან 11 ადამიანი ახალგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 6 - ცხინვალში.

11 მოქალაქე ახალგორში ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე შევიდა. ამათგან ერთი ადამიანი მოსაბრუნის საგუშაგოდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს.

რაც შეეხება დანარჩენ 6 მოქალაქეებს, მათგან ორი დედა-შვილია, რომლებიც ცხინვალში წითელი ჯვრის მეშვეობით შეუშვეს, ორი არაბეთიდან დაბრუნდა და ორიც ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით საქართველოდან ჯერ რუსეთში, შემდეგ ცხინვალში ჩავიდა.

გორში კიიტალიიდან დაბრუნებული და მათთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეების თვითიზოლაციის პროცესს ჯანდაცვის სისტემა აკვირდება. თვითიზოლაციაში მყოფებს მოქალაქეებიც თავისებურად აკვირდებიან. გორში იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა იტალიიდან დაბრუნებული ადამიანები ქუჩაში შენიშნეს და პოლიციას აცნობეს. გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში იტალიიდან დაბრუნებული ქალი თვითიზოლაციაში იმყოფება. მეზობლები მის სახლთან გავლას ერიდებიან, თუმცა შორიდან მაინც აკვირდებიან.ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების შიში აქვთ.

სოფელში გორის მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითიზოლაციაში მყოფ ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკურინიშნები არა აქვს და სოფელში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

12 მარტის დღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 24 შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში 295 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 49 მოქალაქე რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG