Accessibility links

COVID-19: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 ივლისს


ერთი კვირის განმავლობაში დადასტურებული 63 შემთხვევიდან 7 კოვიდინფიცირებულის წყარო უცნობია

გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 7 პირის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ეს ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მიაწოდა. მისი თქმით, ასევე ერთი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი, რაც, თავის მხრივ, დამაფიქრებელი ინდიკატორია:

„ჩვენთან ბოლო ერთი თვის და თვე-ნახევრის განმავლობაში, მოგეხსენებათ, ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოხდა რევერსი და გვაქვს პირიქით, ანუ ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რაც ასევე ინდიკატორია, რომელიც აუცილებლად ყურადღებამისაქცევია და შესაბამისი ზომები გასატარებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი მონაცემებით, 63 ახალი შემთხვევიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის, აქედან ყველაზე მეტი, 14, სოფელ ყალაჯარალში.

საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ შეხვედრაზე გარდაბნის საკარანტინო ზონად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღეს. ამირან გამყრელიძის თანახმად, მოსახლეობას თერმოსკრინინგი და გაფართოებული ტესტირება უტარდება.

სანამ მსოფლიო ისევ პანდემიას უმკლავდება, ბრიტანეთში მეცნიერებმა შეიმუშავეს მკურნალობის მეთოდი, რომელიც ამცირებს დაავადების გართულების ალბათობას და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო პერიოდს.

წაიკითხე მეტი.

აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin საქართველოს საგარეო უწყებას ახალი ბრალდებებით პასუხობს

აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული მედია Haqqin.az ახალ სარედაქციო წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს. რედაქცია წუხს, რომ ოფიციალურმა პირებმა საქართველოში გამოცემის კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დააყენეს და საქართველოს გავლით სომხეთში იარაღის შესაძლო ტრანზიტის ისტორიას ახალ დეტალებს ამატებს.

Haqqin-ის მტკიცებით, სომხეთში შეიარაღების გასაგზავნად, საქართველომ საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა სლობოდან ტესიჩს, იარაღით მოვაჭრეს, რომელიც სანქცირებულია აშშ-ის კონგრესის მიერ. ტესიჩი შეყვანილია „მაგნიტსკის აქტში”, რომელიც შეზღუდვებს უწესებს ადამიანის უფლებების დამრღვევ და კორუფციაში ჩართულ ადამიანებს.

19 ივლისის სარედაქციო წერილში Haqqin.az ამტკიცებდა, რომ სერბეთმა და რუსეთმა საქართველოს დახმარებით, სომხეთს სამხედრო ტვირთი მიაწოდეს. ეს საქართველოში დეზინფორმაციად შეაფასეს.

საპასუხოდ გამოცემა ორ ფოტოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მათზე ჩანს კამაზის ტიპის რუსული ავტომობილები, რომელთაც საქართველოს სახმელეთო გზით, სომხეთის მიმართულებით შეიარაღება გადააქვთ.

გამოცემის ინფორმაციით, სერბეთიდან სომხეთში შეიარაღება საჰაერო გზით ჩავიდა. საქართველოს ტერიტორიაზე კი ის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეყვანილმა სლობოდან ტესიჩმა გაგზავნა.

“Haqqin-ის რედაქციის ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, სერბეთიდან ნაღმმტყორცნები სერბულმა კომპანიამ Vectura Trans D.O.O გაგზავნა, მიმღები კი სომხეთის თავდაცვის სამინისტროა. “Ventura Trans აშშ-ის სანქცირებულთა სიაში, ე.წ. მაგნიტსკის აქტში ფიგურირებს”, - წერს Haqqin და განაგრძობს: “შეიარაღება სერბეთის ქალაქ ნიშიდან საჰაერო გზით გაიგზავნა, დსთ-ის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ავიახაზებით”.

წაიკითხე მეტი.

დღეს საქართველოში მორიგი სპეცრეისით ევროპიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

22 ივლისს მორიგი ჩარტერული რეისი შესრულდება ამჯერად პარიზიდან თბილისის მიმართულებით, რომელიც ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს. ჩარტერულ ფრენას კომპანია Wizz Air-ი შეასრულებს. საქართველოში ჩამოსულ მოქალაქეებს კი 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოში პარიზის, მიუნხენისა და რიგის გარდა, საქართველოდან რეგულარული ფრენები არ შესრულდება. შესაბამისად, აგვისტოში საქართველოში არ იფრენენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები - Ryanair-ი და Wizz Air-ი, თუმცა ეს უკანასკნელი უკვე ასრულებს სპეცრეისების ნაწილს.

მინისტრი ადასტურებს, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების მაღალ სიხშირეებს ითხოვდნენ, რაზეც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობისგან უარი მიიღეს.

კელი დეგნანი: საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მსურველები ამის გაკეთებას შეეცდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოება კარგად არის გაწაფული რუსული დეზინფორმაციის ამოცნობაში, თუმცა დარწმუნებულია, რომ ვისაც სურს საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, ამის გაკეთებას შეეცდება.

კელი დეგნანმა ეს კომენტარი ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა, სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მას ჰკითხეს, მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მხრიდან პროვოკაციები საქართველოში საარჩევნო პერიოდში.

„უკანასკნელი რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში ვკითხულობ ახალ ამბებს და სულ უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მაგალითად, ბრიტანეთში - "ბრექსიტთან" დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში, ასევე შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით. ვაკვირდებით, რომ რუსეთმა ამ მიმართულებით მუშაობის გარკვეული სქემა ჩამოაყალიბა. საქართველო უდავოდ არის ამ აქტივობების სამიზნე. თუმცა, საქართველოს საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია რუსული დეზინფორმაციის ამოცნობაში. აშშ ამ მიმართულებით ხელს უწყობს ისეთი პროგრამების და ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ეხმარება მოსახლეობას ნამდვილი ამბის გამონაგონისგან გარჩევაში, კრიტიკულობის გაზრდაში ახალი ამბების კითხვისას და მათ უკეთ შეუძლიათ გაარჩიონ, რა არის ზუსტი ინფორმაცია და რა არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაბნეულობის გამოწვევისკენ მიმართული.

ზოგადად, გარემო საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და დარწმუნებული ვარ, ისინი, ვისაც სურთ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ან არჩევნებთან დაკავშირებით დაბნეულობის გამოწვევა, ამის გაკეთებას შეეცდებიან“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ისტორიაში უმსხვილესი ფინანსური პაკეტი შეთანხმებულია

ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა გუშინ შეათანხმეს უმსხვილესი, ტრილიონ ევროზე მეტის საბიუჯეტო და ფინანსური პაკეტი.

"ჩვენ ეს შევძელით!" - განაცხადა ბრიუსელში 4-დღიანი სამიტის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ მიღწეულია სერიოზული და ევროპისთვის სწორედ ახლა საჭირო შეთანხმება 2021-2027 წლების ბიუჯეტზე.

ფინანსური პაკეტი ევროკავშირის ქვეყნებს უნდა დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში. ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საერთო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა დამოკიდებული იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტის და ძირითადი ევროპული ფასეულობების დაცვაზეც. ასეთ დათქმას უნგრეთი და პოლონეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

"ხორავას ქუჩის საქმე" - ვინ და რა არის "გამქრალი"?

მიხეილ კალანდიას საქმე თანდათან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსკენ - სტრასბურგის სასამართლოსკენ მიიწევს.

21 ივლისს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი - დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიასთვის 11-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ. მსჯავრდებულის ოჯახი და ადვოკატი ისევ ბრალის დაუსაბუთებლობასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ლაპარაკობენ.

მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სულ 7 სხდომა ჩატარდა, აქედან 4 - ვირტუალურად, პანდემიასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე აპელირებით. ადვოკატი ზურაბ თოდუა გვეუბნება, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა მხოლოდ შიმშილობის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

გაუმართავი ტექნიკური ქსელის გამო, პირველ დისტანციურ პროცესზე მიხეილ კალანდიას მოსამართლემ უფლებებიც კი ვერ განუმარტა... კატასტროფაა, როცა ამ მოგონილი, გაუმართავი ონლაინრეჟიმებით მოსამართლეები ვერ ასრულებენ მოსამართლის ფუნქციას... შესაბამისად, კალანდიამ უარი თქვა ონლაინსხდომებზე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიმშილობით დაიმუქრა, კეთილი ინებეს და რეალურ რეჟიმში ჩატარებულ ბოლო სამ სხდომაზე მოიყვანეს ის“, - გვეუბნება ადვოკატი ზურაბ თოდუა.

თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი შეიცვალა - 21 ივლისს სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გამოაცხადა, რომ ძალაში რჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 თებერვლის განაჩენი და მიხეილ კალანდია ციხეში 11 წელსა და 3 თვეს დაჰყოფს.

რას ეფუძნება და რამდენად დასაბუთებულია მიხეილ კალანდიას განაჩენი? რა იწვევს უსამართლობის განცდას? რომელი დანითა და ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს? - წაიკითხე მეტი.

სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულები ქორწილების გადახდის ნებართვის აღდგენას ითხოვენ. საპროტესტო აქცია და სპონტანური ქორწილი ქუჩაში - შემოსავლის გარეშე დარჩენილი ბიზნესი ყურადღების მიქცევას ცდილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG