Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხორავას ქუჩის საქმე": დეტალები კალანდიას განაჩენის გარშემო


მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი
მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 თებერვლის განაჩენის თანახმად, მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის „მოკვლის განზრახვა“ ამოძრავებდა, „სხვა პირთან“ ერთად მოქმედებდა და და არაერთი ჭრილობა მიაყენა დავით სარალიძეს. კალანდიას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ვადით - 11 წელი და 3 თვე. მსჯავრდებულის ოჯახის წევრები და ადვოკატები პოლიტიკურ განაჩენზე ლაპარაკობენ და გაჩერებას არ აპირებენ.

კონკრეტულად რა დაბრალდა აწ უკვე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას? მიაყენა თუ არა მან სასიკვდილო (მე-11 ჭრილობა) დავით სარალიძეს? არის თუ არა ამოღებული იარაღი, რომლითაც მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს? ვინ იდგა ხორავას ქუჩის თაღიანი ეზოს ფარდულში დავით სარალიძის მარჯვნივ, იმ მხარეს, სადაც მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 25 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე:

  • მიხეილ კალანდია „სხვა პირთან ერთად“, „წინასწარი შეცნობით“ მოქმედებდა და მას დავით სარალიძის „მოკვლის განზრახვა“ ჰქონდა;
  • მიხეილ კალანდიამ „თან ნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით“ დავით სარალიძეს ჭრილობები მიაყენა „სხეულის სხვადასხვა ადგილზე“.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი 15-წლიან საპატიმრო სასჯელს გულისხმობს, თუმცა - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე ვადა ¼-ით შემცირდა და საბოლოო სასჯელად განისაზღვრა პატიმრობა 11 წლითა და 3 თვით.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები... შესაბამისად, მ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, ჩადენილს ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ“, - უთხრა ჟურნალისტებს 25 თებერვალს საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ.

მისი თქმით:

  • „ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 9 თვის განმავლობაში წარმოდგენილი და გამოკვლეულ იქნა150-მდე მოწმის ჩვენება“;
  • „ასევე წარმოდგენილ იქნა ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება და ასეულობით წერილობითი მტკიცებულება“;
  • „წარმოდგენილი იყო არაერთი - როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მტკიცებულება (მიხეილ კალანდიას) ბრალდებასთან დაკავშირებით“.

ბესიკ ქვარცხავას რადიო თავისუფლებამ დაუსვა რამდენიმე შეკითხვა, თუმცა პროკურორისგან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ.

რადიო თავისუფლება: მიეწერება თუ არა დავით სარალიძისთვის მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა სწორედ მიხეილ კალანდიას? და არის თუ არა საქმეში დანა, რომელითაც არასრულწლოვანს სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული?

პროკურორი: აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული მ.კ. იყო ამსრულებელი, თანაამსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად, მან ჩაიდინა მკვლელობა. ამ განაჩენით ეს დასტურდება - სწორედ ამაში ედებოდა მას ბრალი. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ სასამართლოს განაჩენში მითითებულ მოტივაციასაც და შემდეგ შეგვიძლია მსჯელობა.

რადიო თავისუფლება: მიხეილ კალანდიას დაცვის მხარე ამბობს, რომ მარჯვენა მხარეს, სადაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული (ბარძაყის არეში არტერია იყო გადაჭრილი), იდგა არა მიხეილ კალანდია, არამედ გიორგი მენაბდე (დეკანოზ შიო მენაბდის შვილი) და კალანდია ვერ შეძლებდა ამ ჭრილობის მიყენებას... რას იტყოდით ამაზე?

პროკურორი: აღნიშნული განაჩენით დასტურდება, რომ ჭრილობა მიაყენა მსჯავრდებულმა ბასრი საგნის გამოყენებით დავით სარალიძეს.

პროკურორმა ამის შემდეგ კომენტარების გაკეთება შეწყვიტა და არ დააკონკრეტა, იგულისხმებოდა თუ არა მის მიერ ნახსენებ „ჭრილობაში“ სწორედ „სასიკვდილო ჭრილობა“.

ადვოკატების თანახმად, არ არის ნაპოვნი არც დანა და რაიმე სახის „ბასრი საგანი“, რომლითაც შესაძლოა ემოქმედა მიხეილ კალანდიას.

პროკურორი მიხეილ კალანდიას შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00

სასამართლოსა და პროკურატურის ვერსიის თანახმად, ორი პირი შედიოდა ჯგუფში, რომელმაც დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობა ჩაიდინა.

  • ამ ჯგუფის ერთი წევრია მიხეილ კალანდია, რომელსაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვით;
  • ხოლო მეორე წევრად სავარაუდოდ იგულისხმება მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ სასჯელი შეუმცირა, მას საპროცესო შეთანხმებაც გაუფორმდა და საპატიმროს 2021 წელს დატოვებს.

„ბრალდება საერთოდ ვერაფერს ადასტურებს და იმასაც კი ვერ ამტკიცებს, ზოგადად როგორ მოქმედებდა და რას აკეთებდა მიხეილ კალანდია ამ საქმეში. აქვთ მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები - არ არის ამოღებული დანაშაულის იარაღი...

კალანდია ვერანაირად ვერ მიაყენებდა იმ ჭრილობას, რომლითაც დადგა სასიკვდილო შედეგი დავით სარალიძის მიმართ... ბრალდება ხელმძღვანელობს მხოლოდ რამდენიმე მოწმის ჩვენებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მიხეილ კალანდიას ადვოკატი ამირან ცინაძე.

მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებებიდან ერთ-ერთი მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ეკუთვნის. მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, ცრუ ჩვენებების მისაცემად საკმაო საფუძველი ჰქონდა დანარჩენ ორ პირსაც - ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესა და გამოყოფილ საქმეში პოტენციურ დაზარალებულს - გიორგი მენაბდეს (დეკანოზ შიო მენაბდის შვილს).

თავისი შვილის სავარაუდო მკვლელებს შორის ზაზა სარალიძე ხშირად ასახელებდა მღვდლის შვილს (ანუ გიორგი მენაბდეს) და ამ შინაარსის განცხადება მან 2018 წლის ივნისში, პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც გააკეთა. თუმცა შემდეგ, თანდათან მის საუბარში ეს ვერსია აღარ იკვეთებოდა.

დაცვის მხარის თქმით:

  • გიორგი მენაბდე ფარდულში დავით სარალიძის მარჯვენა მხარეს იდგა და სწორედ მარჯვენა მხარეს არის მიყენებული სასიკვდილო (მე-11) ჭრილობა (საზარდულთან არტერიაა გადაჭრილი) - იმ ჭრილობის მიყენება მხოლოდ იმ პოზიციიდან იყო შესაძლებელი, სადაც მენაბდე იდგა“;
  • მიხეილ კალანდია იმ დროს დავით სარალიძის ზურგს უკან მარცხენა მხრიდან იდგა და ვერაფრით შეძლებდა, რომ მარჯვენა მხარეს დაერტყა დანა - ელემენტარულად ვერ მისწვდებოდა“.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, 25 თებერვლის სასამართლო სხდომა ზაზა სარალიძემ კომენტარის გარეშე დატოვა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელისთვის, ალეკო ცქიტიშვილისთვის არალოგიკურია პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბარი კალანდიების ოჯახის მხრიდან, რადგან სწორედ მათმა მხარემ შეუშალა ხელი ობიექტურ გამოძიებას.

„სწორედ ამ ოჯახის ნათესავები იყვნენ ჩარეული ამ დანაშაულის არაეფექტიან და არაობიექტურად გამოძიებაში. სწორედ ამ ოჯახის ნათესავია მირზა სუბელიანი - პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი - რომელმაც სხვადასხვა გარემოებებიდან და გავლენებიდან გამომდინარე, მოახდინა უარყოფითი გავლენა გამოძიების სრულყოფილად და ობიექტურად წარმართვაზე და ამისთვის ის სასჯელსაც იხდიდა“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

მირზა სუბელიანი (მიხეილ კალანდიას დეიდის მეუღლე) სასჯელს იხდიდა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ამავე ბრალდებით გასამართლდნენ ასევე მიხეილ კალანდიას მამა და ძმა.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით:

  • მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებმა მართლაც სცადეს მტკიცებულებების განადგურება (მამამ, მაგალითად, გარეცხა გიორგი ჯანაშიასა და თავისი შვილის სისხლიანი ტანსაცმელი და სხვა), მაგრამ ამისთვის გასამართლდნენ კიდეც.
  • სიცრუეა, რომ მირზა სუბელიანის ზეგავლენით გაანადგურეს მტკიცებულებები საგამოძიებო სტრუქტურებმა, რადგან არშეგროვილ და განადგურებულ მტკიცებულებებს შორის არის მრავალი ისეთი მტკიცებულება, რომელიც სასარგებლო იქნებოდა მიხეილ კალანდიასთვის.

მიხეილ კალანდია მართლმსაჯულების წინაშე თავდაპირველად მხოლოდ პროკურატურის მთავარი მოწმის სტატუსს ატარებდა. ის დააკავეს 2019 წლის 4 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების მეორე დღეს.

მოსამართლის მიერ 25 თებერვალს გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურ სახეს ატარებს როგორც ადვოკატებისთვის, ასევე კალანდიას ოჯახის წევრებისთვისაც. ისინი ამბობენ, რომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გამოტანილი განაჩენი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქუჩის აქციების თავიდან ასაშორებლად სჭირდება.

დაცვის მხარე 25 თებერვლის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს და თუკი საქართველოს მასშტაბით არაფერი გამოვა, სიმართლის დასადგენად ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG