Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა იზრდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 მარტს


ახალი პაციენტები და მათი მდგომარეობა

დადასტურებული შემთხვევა - 79

კარანტინში - 4346

სტაციონარში - 247

გამოჯანმრთელებული - 10

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 79 შემთხვევა ფიქსირდება. ყველაზე პატარა პაციენტი 2 წლისაა. ვირუსი დაუდასტურდა ორსულ ქალსაც, რომელიც მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის ნათესავია. მას დიაგნოზი სწრაფი ტესტით დაუსვეს.

აქამდე თუ ექიმები დაზუსტებით ვერ ამბობდნენ, თუ საიდან გადაედო ახალი კორონავირუსი მარნეულელ ქალს, ახლა უკვე პასუხი ნაპოვნია და ის მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უკავშირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

მსოფლიოში დღეს კორონავირუსის 462 600-ზე მეტი შემთხვევაა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 21 000-ს უახლოვდება.

წაიკითხე მეტი.

გადაუდებელი შესყიდვებისთვის ბიუჯეტიდან უკვე 21,5 მილიონი ლარი დაიხარჯა

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარი უჯდება. სასტუმროების მომსახურებაში, ფარმაცევტული პროდუქციისა და სადეზინფექციო საშუალებების შეძენაში, რამდენიმე უწყებამ ბოლო 1 თვეში 21,5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან:

  • ტურიზმის ადმინისტრაცია
  • ჯანდაცვის სამინისტრო
  • ინფექციური საავადმყოფო
  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი
  • თავდაცვის და შს სამინისტროები

ჩვენ დავთვალეთ, 26 თებერვლიდან (ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან) დღემდე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერების გარეშე, ამ უწყებებმა ვირუსთან ბრძოლისთვის რა თანხა დახარჯეს და რაში.

კანონით, გადაუდებელი აუცილებლობის შესყიდვების მეთოდს სახელმწიფო დაწესებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა ტენდერის ჩატარებისთვის საჭირო დრო არ რჩება და კონკრეტული საქონელი ან მომსახურება სწრაფად, გადაუდებლად სჭირდებათ.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ყველაზე დიდი მოცულობის თანხა ტურიზმის ადმინისტრაციამ დახარჯა - 16 მლნ 125 ათასი ლარი.
ტურიზმის ადმინისტრაციამ 37 ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმობნეულ სასტუმროებთან, სადაც საკარანტინო ზონები მოეწყო.

წაიკითხე მეტი.

დღეს 1 აშშ დოლარი 3.48 ლარი ეღირება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

27 მარტისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.4842 ლარი (26 მარტი - 3.4576​);
  • 1 ევრო - 3.8159 ლარი (26 მარტი - 3.7370)
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.1650 ლარი (26 მარტი - 4.1190);
  • 100 რუსული რუბლი - 4.4618 ლარი (26 მარტი - 4.4135);
  • 1 თურქული ლირა - 0.5415 ლარი (26 მარტი - 0.5389).

გუშინ ზოგი კომერციული ბანკის გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 3.51 ლარი ღირდა.

25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შემდეგ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 3.4563 შეადგინა.

ლარის მკვეთრი გაუფასურება საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების შემდეგ დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორი: წულუკიანმა ომბუდსმენის თანამშრომლის კადრები კანონდარღვევით გაასაჯაროვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო პერსონალური მონაცემების კანონდარღვევით დამუშავებისთვის დააჯარიმა. საქმე ეხება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ 2020 წლის 21 იანვარს პარლამენტში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ვიდეოკადრების დაბინდვის გარეშე ჩვენებას.

1 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა იუსტიციის სამინისტროს მოუწევს.

„იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონიფიცირებული ფორმით, მათზე აღბეჭდილი პირების სახის დაფარვის გარეშე, არ ემსახურებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამინისტროს კანონიერ ინტერესებს და საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მიზანს“, - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი.

ინსპექტორმა სამინისტროს სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდებიდან და ვებსაიტიდან პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების წაშლა დაავალა.

საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა


ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ 34 წლის ცირა ალიხანაშვილს, 27 მარტს, მადრიდის სასაფლაოს აკლდამაში დაკრძალავენ. ცირას ოჯახმა უარი თქვა კრემაციაზე. მათ მიცვალებულის საქართველოში გადმოსვენების დახმარების თხოვნით ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართეს. თუმცა, როგორც საელჩოში განუმარტეს, ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ან კრემაციას უტარებენ, ან ესპანეთშივე კრძალავენ. ოჯახის წევრებს კი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ შეეძლებათ მათი სამშობლოში გადასვენება.

როგორც ცირა ალიხანაშვილის მული, ხათუნა ნაჭყებია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ოჯახის წევრებს მიცვალებულთან გამომშვიდობების საშუალება არ ექნებათ:

ჩვენ არ გვინახავს ცირას გვამი. მისი ნივთებიც კი დალუქულია. როგორც საავადმყოფოში განგვიმარტეს, არსებობს ინფიცირების რისკი და ამიტომ, მას პირდაპირ გადაასვენებენ აკლდამაში“, ამბობს ის.

ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. დოკუმენტი რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. რა წესით უნდა მოხდეს დაკრძალვა, წაიკითხე აქ.

სოზარ სუბარს შვილები დისტანციურად ასწავლიან პირბადის სწორად გამოყენებას.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG