Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID 19 - კატალიზატორის ეფექტი განათლებაში (პირველი ნაწილი)


რევაზ აფხაზავა
რევაზ აფხაზავა

ავტორი: რევაზ აფხაზავა, განათლების სფეროს სპეციალისტი

2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში COVID 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, ხოლო, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

21 მარტს საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა და უკვე ყველა მიხვდა, რომ, როგორც მინიმუმ, შემოდგომამდე სწავლა აღარ განახლდებოდა.

დასაწყისი. მოულოდნელობის ეფექტი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვირუსის გავრცელება ძალიან თანმიმდევრულად მიიწევდა წინ და გარკვეული გათვლების საშუალებასაც იძლეოდა, ქვეყნების უმრავლესობა მას მაინც მოუმზადებელი შეხვდა. ეპიდემიის კონტროლის მექანიზმების გამკაცრებასთან ერთად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი შეიზღუდა და მათ შორის მოხვდა განათლების უფლებაც. ასე მოხდა ჩვენზე მეტად განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში და ასე მოხდა ჩვენთანაც.

განათლების უფლება ე.წ. პოზიტიური უფლებების ჯგუფს მიეკუთვნება, რაც გულისხმობს, რომ იგი წარმოშობს ხელისუფლების ვალდებულებას უზრუნველყოს ყველა შესაძლებლობა მისი რეალიზებისათვის, შექმნას განათლების სისტემა და გახადოს ის ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი. ზოგადად, ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში ყოველთვის იყო სირთულეები, მაგრამ ახლა, როდესაც ყველაფერი გაჩერდა, ხელმისაწვდომობის პრობლემა პირველ ეტაპზე შეექმნა უკლებლივ ყველას, განურჩევლად განსხვავებების იმ ცნობილი ჩამონათვალისა. დაიხურა საბავშვო ბაღები, კერძო და საჯარო სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები, წრეები, უცხო ენების სასწავლო ცენტრები. მოკლედ, დაიკეტა ყველა ის დაწესებულება, სადაც ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიღება იყო შესაძლებელი.

დაავადების გავრცელების მთავარ შემაკავებელ მექანიზმად სოციალური დისტანცირება დასახელდა. ნათელი გახდა, რომ განათლების მიღებაც უახლოეს ხანებში მხოლოდ დისტანციურად იქნებოდა შესაძლებელი და ამ სისტემაზე მოგვიწევდა გადაწყობა.

განათლების სისტემა თავისთავად ძალიან კომპლექსური სტრუქტურული აგებულებისაა, რადგან ძალიან ბევრი და, ამასთანავე, მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ერთეულისგან შედგება. ცხადია, რომ ასეთი ჩახლართული სისტემა რაც უფრო ცენტრალიზებულია, მით უფრო ტლანქია, და რაც უფრო ავტონომიურია, მით უფრო მოქნილია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯებისა და კანონში შეტანილი რიგი ცვლილებებისა, ჩვენი განათლების სისტემის კონსტრუქცია დე ფაქტო მაინც ვერტიკალურ-ცენტრალიზებულია, რაც მას საკმაოდ არაეფექტურს ხდის, პანდემიის დროს კი სწორედ მოქნილობა და ტრანსფორმაციის უნარი აღმოჩნდა უკიდურესად აუცილებელი.

დისტანციური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის განვითარებული, თუმცა პრობლემა მაინც ყველას შეექმნა, რადგან ასეთი ტოტალური გადართვისთვის ბოლომდე მზად არავინ აღმოჩნდა. განსხვავება ის იყო, რომ ამ მიმართულებით წინ წასულ ქვეყნებს ნაკლები პრობლემები შეექმნათ, ხოლო დანარჩენებს - მეტი. ჩვენ, სამწუხაროდ, იმ დანარჩენებში აღმოვჩნდით. თუ გამოცდილების მქონე ქვეყნებისათვის მთავარი ამოცანა დისტანციური სწავლების მასშტაბების გაზრდა იყო, ჩვენ ეს საქმე, ფაქტობრივად, ნულიდან გაგვიხდა გასაკეთებელი.

პირველი, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაშური ოპერატიულობით გაკეთდა, იყო განათლების სამინისტროსა (აქ და შემდგომშიც მისი სრული სახელი იგულისხმეთ) და პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“. რა თქმა უნდა, არც სამინისტროში, არც პირველ არხზე და არც საგანმანათლებლო საზოგადოებაში (ერთეული გამონაკლისების გარდა) არავის ჰქონია იმის ილუზია, რომ „ტელესკოლა“ განათლების აქამდე არსებული სისტემის ალტერნატივა იქნებოდა, რადგან იგი, როგორც მინიმუმ, გამორიცხავდა ყველანაირ უკუკავშირს და ინტერაქციას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. „ტელესკოლის“ პროექტი კი იყო აუცილებელი, მაგრამ, ცხადია, არასაკმარისი პირობა იმისათვის, რომ განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობისაკენ პირველი ნაბიჯები ყოფილიყო გადადგმული. პროექტი განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის იყო გამიზნული, რომლებსაც არც ტექნიკურ საშუალებებზე მიუწვდებოდათ ხელი და არც ინტერნეტზე. მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ სანდო მონაცემები ჯერ არავის გაუსაჯაროებია, მაგრამ გამოხმაურებების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტელეგაკვეთილებს მაყურებელი ჰყავს და უფროსი თაობის ადამიანებშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ამ და სხვა პროექტების ეფექტიანობაზე, ცხადია, ჯერ ადრეა საუბარი, რადგან მათი კომპლექსური შეფასება ჯერ არ მომხდარა. ჩემს (და არამარტო ჩემს) აზრს იმაზე, თუ რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს შეფასების კუთხით, სულ ბოლოს მოგახსენებთ.

სოფლად მცხოვრებთათვის ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) ძირითადი საჯარო სერვისი, რომელიც მათ მიეწოდებოდათ, იყო ზოგადი განათლება, ხოლო სკოლა წარმოადგენდა იმ ერთადერთ საჯარო დაწესებულებას, რომელთანაც მოსახლეობას ჰქონდა შეხება. განათლების სისტემის გაჩერებამ ისინი, ფაქტობრივად, მთლიანად ჩამოაშორა სახელმწიფო სიკეთეებს. ასეთ საგანგებო სიტუაციაში კი ადამიანებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განცდა, რომ სახელმწიფო მობილიზებულია და რაღაცნაირად მაინც ზრუნავს მათზე. მოკლედ, „ტელესკოლამ“ თავისი ამოცანა ამ განცდის ჩამოყალიბებაში, სავარაუდოდ, შეასრულა და, მეტიც, ჩაუყარა საფუძველი განვითარების პერსპექტივის მქონე საგანმანათლებლო არხის ჩამოყალიბებას. ძნელი სათქმელია, კორონავირუსით გამოწვეული ბიძგის გარეშე ასეთი არხი შეიქმნებოდა თუ არა. უფრო სავარაუდოა, რომ არა, რადგან ჩვენი განათლების კოალიცია წლების განმავლობაში მთელი ძალებით ცდილობდა დაემტკიცებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთი მენეჯმენტისთვის, რომ საჭირო იყო განათლების მიმართულება შეეყვანათ საკუთარი პრიორიტეტების ჩამონათვალში, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სტრატეგიის დოკუმენტში ერთი-ორჯერ თვით სიტყვა „განათლების“ ხსენებაც კი არ მოსვლიათ აზრად.

ისევ დისტანციურ განათლებას დავუბრუნდეთ. ასეთი ფორმით სწავლების გამართულ ფუნქციონირებას სხვა პირობებთან ერთად ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს: პირველი - ტექნიკური შესაძლებლობები, რომელიც მოიცავს ელექტრონულ მოწყობილობებსა (კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი და ა.შ.) და ინტერნეტზე წვდომას, ასევე - სწავლების მართვის გამართული ციფრული სისტემები (Learning management system. LMS), რომელიც ხელს უწყობს ელექტრონულ სივრცეში საგანმანათლებლო პროცესების ორგანიზებასა და წარმართვას. მეორე და უმთავრესი პირობაა სასწავლო დაწესებულებების, მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების უნარი და გამოცდილება იმისთვის, რომ შექმნან და გამოიყენონ შესაბამისი რესურსები დისტანციური განათლებისთვის; ასევე, დამოუკიდებლად დაგეგმონ, წარმართონ დისტანციური სწავლების პროცესი და მონაწილეობა მიიღონ მასში. ასეთი უნარებისა თუ ტექნიკური შესაძლებლობების გაჩენა და ჩვენი მასშტაბებისთვის ამ უზარმაზარი მექანიზმის მოკლე დროში დაშლა-გადაწყობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი აღმოჩნდა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ ძალაუნებურად სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მოულოდნელი და იძულებითი თავისუფლება მიანიჭა, რამაც, თავის მხრივ, პასუხისმგებლობის ნაწილობრივ გადანაცვლებაც მოახდინა.

პასუხისმგებლობის გადანაცვლება

ზემოთ აღწერილი ფორსმაჟორული მდგომარეობით გამოწვეულმა პროგნოზირებადმა, მაგრამ მაინც მოულოდნელმა კოლაფსმა და სასკოლო სასწავლო პროცესის შეწყვეტამ, როგორც ვთქვით, თავისდაუნებურად გამოიწვია პასუხისმგებლობის გადანაცვლება ცენტრალურ-სისტემური დონიდან პერიფერიულ-დამოუკიდებელ დონეებზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადრე მოსწავლეების განათლებაზე პედაგოგთა პასუხისმგებლობა გაზავებული იყო სამინისტროსა და სკოლის პასუხისმგებლობასთან, ახლა მასწავლებელი და ბავშვი ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ. მართვის თეორიების მიხედვით ცნობილია, რომ ადამიანებში მათი როლისა და პასუხისმგებლობის სიცხადე ხელს უწყობს საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. მოცემულ შემთხვევაში მოხდა სწორედ ის, რომ მოსწავლეთა განათლებაზე სრული თუ არა, უდიდესი პასუხისმგებლობა უშუალოდ მასწავლებლების ტვირთად იქცა (რაც სხვა დროსაც ძირითადად ასეც უნდა ყოფილიყო). შექმნილმა რეალობამ ბევრი საინტერესო ფაქტორი წარმოაჩინა სისტემის ანალიზისა და სასარგებლო დასკვნების გასაკეთებლად, მათ შორის:

1. მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა დამოუკიდებლად მოახერხა გაემართა დისტანციური სწავლების სისტემა და არსებული რეალობისთვის მოერგო მისი პრაქტიკაში განხორციელება;

2. გაჩნდა დაკვეთა ძალიან კონკრეტულ ტექნიკურ მხარდაჭერასა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე;

3. მასწავლებლებში მკაფიოდ გამოიკვეთა ციფრულ ტექნოლოგიებში კომპეტენციის პრობლემები და მათ გარკვეულ ნაწილში გაჩნდა მოთხოვნა ამ უნარების განვითარებაზე;

4. გაჩნდა დამხმარე ელექტრონული რესურსებისა და სწავლების მართვის გამართულ ონლაინსისტემის (LMS) შექმნის საჭიროება;

5. გამოიკვეთა მოსწავლეთა განათლებაში მშობლების ჩართულობის მნიშვნელობა და სხვა.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად ხარვეზებისა, ზემოდან წამოსული მითითებების მოლოდინში მოდუნებული და/ან რეზისტენტული საგანმანათლებლო საზოგადოების ნაცვლად, მივიღეთ სხვადასხვაგვარად გააქტიურებული მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობა, რომელიც რაციონალურ და შედეგზე ორიენტირებულ მოთხოვნებს უყენებს ერთმანეთსა და სახელმწიფოს.

სოციალური დისტანცირება და ხელების დაბანა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა კორონავირუსის დროს, თუმცა ეს ადამიანებზე ვრცელდება და არა სახელმწიფოზე. სახელმწიფო ვერც დისტანცირდება და ვერც ხელებს დაიბანს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე. კორონავირუსმა ლაკმუსის ქაღალდის ფუნქცია შეასრულა და არაერთი მწვავე საკითხი თვალნათელი გახადა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ, მიუხედავად მასწავლებელთა ნაწილის თავდადების და ახალი პროექტებისა, საგანგებო მდგომარეობამ ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით არსებული სოციალური ნაპრალი კიდევ უფრო გააღრმავა. ძირითადად სოფლად მცხოვრები და/ან დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეები, რომლებიც, სხვა თანატოლებივით, ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ სკოლაში სიარულსა და გაკვეთილებზე დასწრებას, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათთვის, თანატოლებისგან განსხვავებით, განათლებაზე წვდომის ალტერნატიული საშუალებები, ფაქტობრივად, მიუწვდომელი აღმოჩნდა. მხოლოდ „ტელესკოლა“ დარჩა ცალმხრივ საშუალებად საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვისთვის და ისიც მხოლოდ ტელევიზორის მქონეთათვის.

შექმნილმა სიტუაციამ განათლების სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მკაფიოდ გამიჯნა და როლებიც სწორად გადაანაწილა. სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება გახდა სკოლებისა და მასწავლებლების ფუნქცია, სამინისტროს ვალდებულებებში კი გამოიკვეთა: სასწავლო პროცესის მხარდაჭერა და ყველა აუცილებელი რესურსით უზრუნველყოფა; ყველა მოსწავლისთვის თანაბარი პირობების შექმნა განათლების უფლების სრულფასოვნად რეალიზებისთვის; მასწავლებლების მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

საერთო ჯამში, კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა რეალობამ განათლებაში (და არამარტო განათლებაში) ბევრი დამკვიდრებული წარმოდგენის რევიზიისკენ უბიძგა როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს. რეალურად გახდება თუ არა ეს ბიძგი გადააზრებისა და ცვლილებების საფუძველი, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.

პარადიგმის ცვლილება

სხვადასხვა კულტურები თუ სახელმწიფოები, ასევე მეცნიერები და მათი თეორიები, თაობების განსხვავებულ კლასიფიკაციებს გვთავაზობენ. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულ ქვეყანას ერთი განსაზღვრული დროის მონაკვეთში ჰყავს რამდენიმე თაობის წარმომადგენლები, რომლებიც, ღირებულებების, დამოკიდებულებების, უნარების, ისტორიულ კონტექსტში ცხოვრების გამოცდილებისა და სხვა მრავალი მახასიათებლის მიხედვით, ერთმანეთისგან განსხვავდებიან. საბჭოთა საქართველოს ბოლო პერიოდში თაობებს ძირითადად ათწლეულებით გამოყოფდნენ, რადგან უახლოეს საბჭოთა წარსულში კალენდრის გარდა არსებითად არც არაფერი იცვლებოდა. მისი დაშლის შემდეგ კი დაყოფა საბჭოთა და თავისუფალ საქართველოში დაბადებულთა თაობებადაც დაიწყო. გაჩნდა ასევე ციფრული ტექნოლოგიების თაობა (Digital natives). ამ თაობის ადამიანები ციფრული ტექნოლოგიების მოშინაურების შემდეგ დაიბადნენ და მათთვის კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი და მისთანები სამყაროს ისეთივე ბუნებრივი ნაწილია, როგორიცაა ჩვენთვის ველოსიპედი. მოვა დრო და, ალბათ, COVID 19-ის თაობაც გაჩნდება ან, შეიძლება ითქვას, რომ ეს დრო უკვე მოვიდა.

განათლება, როგორც თაობიდან თაობაზე ცოდნისა და უნარების გადაცემა, პრეისტორიული ხანიდან მოდის. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ ეს მანამდეც ხდებოდა, სანამ ადამიანი გაჩნდებოდა, და ამას ცხოველთა სამყაროში მსგავსი ქცევის არსებობით ასაბუთებს. განათლებამ ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი ფორმები ანტიკურ ხანაში შეიძინა და მას მერე ამ ფორმების გარშემო ვტრიალებთ. რა თქმა უნდა, განათლება დღეს გაცილებით კომპლექსური ცნებაა, თუმცა მისი აღწერისას ბევრ ლექსიკონურ განმარტებაში შევხვდებით სკოლას ან უნივერსიტეტს, როგორც ადგილს, სადაც ძირითადად მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი და ხდება განათლების მიღება. საქმე ისაა, რომ საუკუნეების განმავლობაში განათლების მიზნები ხშირად იცვლებოდა, მაგრამ მისი ფორმა - უფრო სწორად, ორგანიზების სისტემა - მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი რჩებოდა. ამას განაპირობებდა ის გარემოება, რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმაციების ცვლილება განათლებას თავის დაკვეთას აძლევდა. მიზნებიდან გამომდინარე, იცვლებოდა სწავლის შინაარსი, სწავლების მეთოდოლოგია, დამხმარე საშუალებები და სხვა, თუმცა სკოლებისა თუ უნივერისტეტების, როგორც სასწავლო საწარმოების, ფუნქციონირების ფორმატი თითქმის უცვლელად ნარჩუნდებოდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ სამყაროში განათლებისათვის აუცილებელი ეფექტური კომუნიკაციის სხვა, ალტერნატიული, საშუალებები, უბრალოდ, არ არსებობდა. აი, ციფრულმა რევოლუციამ კი ეს მოცემულობა თავდაყირა დააყენა.

ტექნოლოგიების განვითარებასა და მასზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები და მათი განათლების სისტემები ყოველწლიურად ზრდიან ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო კურსებზე დისტანციურ წვდომას. საქართველოში ამ მიმართულებით საქმე საკმაოდ მდორედ მიედინებოდა. რომ არა მასწავლებლის სახლის, „ემისის“ (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის EMIS), რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და თითებზე ჩამოსათვლელი კერძო და საჯარო სკოლისა თუ უნივერსიტეტის ერთეული ინიციატივები, შეიძლება ითქვას, ასეთი ფორმით სწავლების გამოცდილება საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

ძნელია ილაპარაკო კორონავირუსის გავრცელების დადებით მხარეებზე, როდესაც მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა პანდემიით გამოწვეულმა იზოლაციამ, გარკვეულწილად, ტრიგერის როლი ითამაშა საქართველოში მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებების ფორსირებულ განვითარებაში. ახალმა მწარე რეალობამ ხელი შეუწყო განათლებაში არსებული - საუკუნეებით თუ არა, ათწლეულებით გამყარებული - შეხედულებების კრიტიკულად გაანალიზებას; განსაკუთრებული სიმწვავით წარმოაჩინა პრობლემები და დააფიქრა ადამიანები მათი გადაჭრის გზების ძიებაზე. ის, რაც ბევრმა სპეციალისტმა როგორც სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ ნათლად დაინახა, არის, რომ:

1. ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებისა და არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის გაცემისთვის აუცილებელია უფრო მეტად ავტონომიური, დეცენტრალიზებული საგანმანათლებლო სისტემა. მასში სახელმწიფოს როლი უნდა შემოიფარგლებოდეს ეროვნული პოლიტიკის ორიენტირების განსაზღვრით, განმანათლებლებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციების მხარდაჭერით. საგანმანათლებლო დაწესებულებები რაც უფრო დამოუკიდებლები იქნებიან, მით უფრო მრავალფეროვან და ინოვაციურ გზებს მონახავენ მათ წინაშე არსებული ამოცანების გადასაჭრელად. პრობლემების აღმოცენების შემთხვევაში კი ეს დაწესებულებები და ადამიანები სახელმწიფოსგან მოითხოვენ სწორედ ისეთ დახმარებას, რომელიც მათ საკუთარი პრაქტიკის განვითარებასა და შედეგების უკეთ მიღწევაში გამოადგებათ;

2. ფიზიკურად არსებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან ერთად აუცილებელია არსებობდეს პარალელური ციფრული ინფრასტრუქტურაც, რაც გულისხმობს სწავლების მართვის ელექტრონულ სისტემაში ყველა მოსწავლის, სტუდენტის, მასწავლებლის, სკოლის, უნივერსიტეტისა თუ სხვა სასწავლო დაწესებულებისა და მისი ბენეფიციარების გაერთიანებას. ასეთი სისტემა ხელს შეუწყობს როგორც დისტანციური სწავლების მიმართულების განვითარებას, ისე პირისპირ სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებას. მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგაც ეს სისტემა საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ჰიბრიდული საგანმანათლებლო სისტემა, სადაც ერთმანეთში ინტეგრირებული იქნება პირისპირ და დისტანციური სწავლების ფორმები. ასეთი სისტემა, სხვა დადებით მხარეებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარებას. თუ ქართველ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა თავისი ქვეყნიდან დისტანციურად გაიაროს კურსები და პროგრამები ჰარვარდის, ედინბურგის, გრენობლის თუ ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტებში, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას შესაძლებლობა მიიღოს ასეთივე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო მომსახურება საქართველოში?! სწავლების ასეთი ფორმა მნიშვნელოვნად შეამცირებდა რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების იმ დამატებით დანახარჯებს (ბინის ქირა, ტრანსპორტი და ა.შ.), რაც ხშირად მათთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი ხდება. ზოგადი განათლების შემთხვევაში კი ეს ხელს შეუწყობს მაღალმთიანი და მასწავლებლების დეფიციტის მქონე სკოლების მოსწავლეთა წვდომას ხარისხიან სწავლებაზე. ამ ფორმის გამოყენება შესაძლებელია ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ხანგრძლივი ავადმყოფობის ზოგიერთ შემთხვევებშიც.

გარდა ამ ორისა, კიდევ გვაქვს ახალ რეალობებთან მიმართებაში გასააზრებელი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების საჭიროებებზე მორგება და დახვეწა, დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება განათლების პოლიტიკაში, ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაზრდა სკოლების მხარდაჭერაში და სხვა მრავალი.

ყველაფერზე ერთად საუბარი შორს წაგვიყვანს და შეიძლება არც არსად მიგვიყვანოს. ამიტომაც, არსებობს მექანიზმი იმისათვის, რომ განათლების სპეციალისტების ფიქრები და მსჯელობები უფრო მეტად მოექცეს სისტემაში, გაანალიზდეს და გათვალისწინებული იქნეს პოლიტიკის ფორმირებისა თუ რეფორმირების პროცესში. ამ მექანიზმზე ბოლოს, მეორე წერილში დავწერ.

სტატია მომზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით.

გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლებისა და კონრად ადენაუერის ფონდის მოსაზრებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG