Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსში ბანკები კვლავაც დახურულია, სტუდენტები აქციას მართავენ


კედელზე გაკრული წარწერა იუწყება, რომ მეანაბრეებს მაქსიმუმ 260 ევროს გამოტანა შეუძლიათ ბანკომატიდან
კედელზე გაკრული წარწერა იუწყება, რომ მეანაბრეებს მაქსიმუმ 260 ევროს გამოტანა შეუძლიათ ბანკომატიდან
ევროპის ეკონომიკურმა კრიზისმა ახლა კვიპროსში იჩინა თავი. ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიღების თაობაზე, თუმცა კრიზისი გრძელდება.

ქვეყნის უმსხვილესი კომერციული ბანკის - კვიპროსის ბანკის - ხელმძღვანელმა ანდრეას არტემისმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. დედაქალაქში ათასობით სტუდენტმა გამართა საპროტესტო აქციები. ბანკები კი დახურული რჩება, რათა დეპოზიტების გატანა არ მოხდეს.

ბანკები ხუთშაბათამდე არ გაიხსნება და გახსნის შემდეგაც შეზღუდვა ამოქმედდება, რათა კლიენტებმა თანხა მთლიანად არ მოხსნან ანგარიშებიდან.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, სამშაბათს პარლამენტის წინ 3,000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამართა საპროტესტო აქცია. ეს საზოგადოების პროტესტისა და სიბრაზის პირველი აშკარა გამოხატულება იყო მას შემდეგ, რაც კვიპროსმა ევროკავშირთან 10 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების მიღებაზე მიაღწია შეთანხმებას. ამ შეთანხმებამ კვიპროსი საბანკო სისტემის კოლაფსისგან იხსნა, თუმცა, მეორე მხრივ, ახლა, სავარაუდოდ, კვიპროსს რამდენიმე წლის მანძილზე მოუწევს საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკის გატარება.

ბრიუსელიდან დაბრუნებულმა კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა, ორშაბათს, გვიან საღამოს, განაცხადა, საერთაშორისო ლიდერებთან შეთანხმებული დახმარების გეგმა „მტკივნეული“, მაგრამ აუცილებელიაო.

პრეზიდენტმა აღწერა ინტენსიური მოლაპარაკებები, რომელიც მან ევროპის ცენტრალურ ბანკთან, ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართა:

„ეს რთული საათები იყო, გარკვეულ მომენტებში დრამატულიც კი. კვიპროსს ერთი ნაბიჯიღა აშორებდა ეკონომიკურ კოლაფსს. ჩვენი არჩევანი და ეს შეთანხმება არ იყო იოლი, თუმცა, ინტენსიური მოლაპარაკების, მიზანსწრაფულობისა და ასევე პასუხისმგებლობის განცდის წყალობით, მივაღწიეთ შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივას განაპირობებს“.

პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა დაიხუროს სიდიდით მეორე ბანკი და, ამავე დროს, დიდი დანაკარგი განიცადონ მსხვილი დეპოზიტების მქონე მეანაბრეებმა, რომელთაგან ბევრი რუსეთის მოქალაქეა.

კერძოდ, დაზღვევის გარეშე მოქმედი დეპოზიტების სახით 100,000 ევროზე მეტი თანხის მქონეებს ერთჯერადი გადასახადი დაეკისრებათ, რომელიც 40 პროცენტამდე იქნება.

ეს ინიციატივა ერთ-ერთი ნაბიჯია საიმისოდ, რომ კვიპროსმა 5.8 მილიარდი ევროს ამოღება შეძლოს. საერთაშორისო დახმარების გამომყოფი სტრუქტურები კვიპროსს სწორედ ამ თანხის ჩადებას სთხოვენ თავისივე დახმარების პაკეტში.

რუსეთი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს კვიპროსისთვის დახმარების გამოყოფას. პრეზიდენტმა პუტინმა ოფიციალურ პირებს უბრძანა იმ 2,5 მილიარდი ევროს რესტრუქტურიზაცია მოახდინონ, რომელიც 2011 წელს მოსკოვმა გამოუყო კვიპროსს.

თუმცა პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი დახმარების გეგმისა და მსხვილ დეპოზიტებზე გადასახადების დაწესების კრიტიკით გამოვიდა - გადასახადს „მოპარვა“ უწოდა.

ეს ზომა პროტესტს იწვევს რუს ბიზნესმენებს შორისაც. კვიპროს-რუსეთის ბიზნესასოციაციის დირექტორმა ანტის ნათანაელმა სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში ეს პოზიცია ასე ჩამოაყალიბა:

„სიმართლე გითხრათ, პირველი რეაქცია შოკია. ვინაიდან ის, რაც კვიპროსში მოხდა, უპრეცედენტო ამბავია - მსოფლიოში არსად არ მომხდარა მსგავსი რამ. მეორე განცდა, რომელსაც გრძნობენ, სიბრაზეა, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული. აშკარაა, რომ მათ მიზანში ამოიღეს რუსული კომპანიები, რომლებიც აქ არიან განთავსებულნი“.

ანალიტიკოსები არაერთგვაროვნად აფასებენ კვიპროსის გადარჩენის გეგმას.

ანალიტიკური ცენტრის - „სტრატფორის“ - დამაარსებლისა და ხელმძღვანელის ჯორჯ ფრიდმანის აზრით, კვიპროსის კრიზისისგან დახსნის გეგმას ბრიუსელის მიერ დაწესებული პირობები განასხვავებს იმ დახმარებებისგან, რომლებიც საბერძნეთს, ირლანდიას და სხვა ქვეყნებს გამოუყვეს. კვიპროსში უნიკალური ვითარება გვხვდება - კერძოდ, ამ ქვეყნის ამჟამად კრიზისით მოცული საბანკო სექტორის დეპოზიტების დიდი ნაწილი საეჭვო წარმომავლობისაა, საკუთრივ ეს სექტორი კი მცირე ზომისაა მთლიან ევროპულ ეკონომიკასთან მიმართებით. ამდენად, ანალიტიკოსი თვლის, რომ ევროკავშირმა, რომელსაც ამ პროცესში გერმანია ხელმძღვანელობს, კვიპროსთან მიმართებით მკაცრი პოზიცია დაიჭირა.

ჯორჯ ფრიდმანი წერს, რომ კვიპროსისთვის კაპიტალის ერთ-ერთი მთავარი წყაროა მისი შესაძლებლობა იყოს ერთგვარი თავშესაფარი ბანკებისთვის. ამიტომაც ბრიუსელი კვიპროსს სთხოვს საჭირო თანხის ნაწილი თავისივე საბანკო სექტორიდან ამოიღოს გარკვეულ დეპოზიტებზე გადასახადის დაწესებით და ამოღებული თანხის თავისივე დახმარების პაკეტში ჩადებით. ანალიტიკოსის აზრით, ამ გეგმის განხორციელება ძირს გამოუთხრის საბანკო პრინციპს, რომელსაც ინდუსტრიული ქვეყნების უმეტესობაში წარსულში საკრალურად მიიჩნევდნენ - დეპოზიტების უსაფრთხოებას. ხოლო ამან, „სტრატფორის“ დამაარსებლის აზრით, შესაძლოა ევროპაში ახალ და პოტენციურად დესტაბილიზაციის მომტან პრეცედენტს დაუდოს საფუძველი.
XS
SM
MD
LG