Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაანონსებული რეორგანიზაცია კახეთის თვითმმართველობებში


სიღნაღი
სიღნაღი

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერები კახეთში საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეორგანიზაციას აანონსებენ. მომავალი წლის დასაწყისიდან იგეგმება აიპი ორგანიზაციების ოპტიმიზაცია, რაც თანამშრომელთა საშტატო ერთეულების შემცირებასაც გულისხმობს. თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შემდეგ თელავში რამდენიმე ერთი და იმავე ფუნქციის მქონე აიპი მუშაობს, ამიტომ თელავის მერია მათ გაერთიანებას აპირებს. მერის მოადგილე აკა საჩიშვილის განცხადებით, ის, თუ რომელი ორგანიზაციები გაერთიანდება, იანვარში გახდება ცნობილი.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

რეორგანიზაცია იგეგმება ლაგოდეხშიც, თუმცა მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერს დეტალური გეგმა ჯერ არ აქვს და მედიისთვის განცხადებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს. რეორგანიზაციის დეტალები არც ლაგოდეხის ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ორიაშვილმა იცის, თუმცა გვეუბნება, რომ, მისი ინფორმაციით, რამდენიმე აიპი ორგანიზაციის შერწყმა იგეგმება.

მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ევა ლომთაძე. დეპუტატი ამბობს, რომ პროცესს თვალყურს მიადევნებს.

წინასწარი ინფორმაციით, ახლად არჩეული მერები რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციას საახალწლო დღესასწაულების შემდეგ დაიწყებენ.

მერების მიერ დაანონსებულ რეორგანიზაციას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ლაგოდეხში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში იმაზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე საჭიროა, და ამიტომ შტატების ოპტიმიზაციას მიესალმებიან, ნაწილი კი ადგილობრივ ხელისუფლებას მუშაობას უწუნებს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვა. წინასწარი ინფორმაციით, ახლად არჩეული მერები რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციას საახალწლო დღესასწაულების შემდეგ დაიწყებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG