Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღზრდის ძალადობრივი მეთოდის შესაცვლელად - „დაასრულე ძალადობა“


  • რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი (45 %) ემხრობა ბავშვის აღზრდისას ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენებას, რის გარეშეც ბავშვი „გაფუჭდება“.
  • ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ ცოდნის მაღალი დონის მიუხედავად, მოსახლეობის 91% ოჯახში ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში მისაღებად არ მიიჩნევს სკოლის, სოციალური სამსახურების ან პოლიციის ჩარევას.
  • ბავშვთა აღზრდის პროცესში ძალადობრივი მეთოდების გამოყენება არის სოციალური ნორმა.
მშობლებთან დისკუსიის დროს იყო კომენტარები: ჩემი შვილია და, აბა, როგორ?! სხვა რა ვქნა, თუ ცუდად იქცევა ბავშვი? - ასეთი შეფასებებიც იყო და ჩვენ ვეუბნებით, რა ქნან.

ეს მონაცემები გამოყენებულია 2016 წლის კვლევაში „სოციალური ნორმების ანალიზი, ბავშვთა მიმართ ძალადობის კონტექსტში“, სადაც საუბარია ასევე 2012 წლის შედეგებზე ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების აღქმაზე.

კვლევების მონაცემები, მონიტორინგი და დღეს არსებული რეალობა გაეროს ბავშვთა ფონდისთვის გახდა მიზეზი, დაეწყო საინფორმაციო კამპანია „დაასრულე ძალადობა“, რომელიც სწორედ იმ სოციალური ნორმების ცვლილებას გულისხმობს, რომლებიც, კვლევის მიხედვით, საზოგადოებაში არსებობს.

„ჩვენ გვინდა საზოგადოება შეთანხმდეს რა არის ძალადობა, შეიქმნას დისკუსია ამ თემაზე და გავაგებინოთ, რა არის ალტერნატივა. ხშირად მკაცრ მეთოდებს იყენებენ, რადგან არ იციან, რა არის პოზიტიური აღზრდის სტილი, პოზიტიური დისციპლინა“,- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამების ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ.

მაია ქურციკიძე
მაია ქურციკიძე

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 18 შეხვედრა მშობლებთან თბილისსა და რეგიონებში, 7 შეხვედრა პედაგოგებთან და თემის ლიდერებთან. მაია ქურციკიძის თქმით, 36 სკოლას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაურიგდება სახელმძღვანელოები, თუ როგორ ისაუბრონ ძალადობის შესახებ.

„მშობლებთან დისკუსიის დროს იყო კომენტარები: ჩემი შვილია და, აბა, როგორ?! სხვა რა ვქნა, თუ ცუდად იქცევა ბავშვი? - ასეთი შეფასებებიც იყო და ჩვენ ვეუბნებით, რა ქნან. თუმცა, რა თქმა უნდა, პოზიტიური გამოცდილების გაზიარებაც ხდებოდა მშობლების მხრიდან.

ბავშვებთან შეხვედრისას კი გამოიკვეთა, რომ ისინი ვერ ხედავენ ისეთ რგოლს საზოგადოებაში, რომელსაც შეიძლება ენდონ. ოჯახშიც, სკოლაშიც ძალადობას აწყდებიან, სისტემას არ ენდობიან და მარტო რჩებიან პრობლემებთან, გამოსავლის ძიებაში კი შეიძლება სავალალო შედეგებამდე მივიდნენ. ამიტომ უნდა გაიაზრონ მასწავლებლებმაც და მშობლებმაც, რომ ასეთი ქცევით არა მხოლოდ კონკრეტულ ბავშვზე ხდება მძიმე ზეგავლენა, არამედ ვიღებთ მოძალადე საზოგადოებას, სადაც ყველა ერთმანეთზე ძალადობს“.

კამპანია წლის ბოლოს სრულდება, თუმცა იმისთვის რომ მას ფორმალური სახე არ ჰქონდეს, სოციალური ნორმისა და ქცევის შეცვლა გამოიწვიოს, იგეგმება პროექტის გაგრძელება და მომავალში სხვადასხვა ჯგუფთან დიალოგი გაგრძელდება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG