Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბალი აქტივობა და ამომრჩევლის მოლოდინი ქუთაისში


12 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ქალაქ ქუთაისის მერად არჩეულია “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, რომელსაც მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 87 %-ზე მეტმა. მეორე ტურისთვის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს პროცედურულად არაფერი შეუცვლია, რადგან კანონმდებლობა მეორე ტურის წინ კანდიდატურის ოფიციალურად მოხსნას არ ითვალისწინებს. ამიტომ ამ პარტიის მერობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მითითებული იყო. წინასწარი შედეგებით, ვაშაძემ ხმების 12 %-ზე მეტი მიიღო.

გადმოწერა

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიაში სულ ოთხი საჩივარი შევიდა. კენჭისყრის დღეს, 12 ნოემბერს, დაწერილი საჩივრების ავტორები არიან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მეთვალყურეები, რომლებიც ქალაქის 124-ვე უბანზე აკვირდებოდნენ კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს. ორგანიზაციის კოორდინატორის, თეონა გოგიშვილის, განმარტებით, საჩივრები შეეხება პროცედურულ დარღვევებს და არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს:

„საჩივრები ეხება პროცედურულ დარღვევევბს, მაგალითად, 124-ე უბანზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრი, მაშინ როდესაც პარტიას გამოთხოვილი ჰყავდა თავისი წევრები და მას დაატოვებინეს უბანი. ერთი საჩივარი ეხებოდა გადასატანი ყუთის სიას, სადაც შეცდომით იყო ოჯახის წევრის სახელი და გვარი შეტანილი და ამომრჩეველს არ მიეცა ნების განხორციელების საშუალება. ზოგადად, საჩივრები ზეგავლენას ვერ მოახდენს შედეგებზე, დარღვევები ადგილზევე აღმოიფხრა“.

კარგი ბიჭია შესახედავად და საქმე არ ვიცი. ხალხს დახმარება უნდა ყველანაირად, ფული არ აქვს ხალხს, პროდუქტი, შეშა, გათბობა...

12 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგების თანახმად, ქუთაისის მერად არჩეულმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ თავის ამომრჩეველს გამარჯვება გვიან ღამით ფეისბუქით მიულოცა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ მომდევნო 4 წელი წარმატებული იქნება. არაერთგვაროვანი შეფასება და მოლოდინი აქვთ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს:

„იმედი მაქვს, განხორციელდება გეგმები“;

„მე ძალიან კმაყოფილი ვარ არჩევნებით, ჩატარდა ნორმალურად და მიმაჩნია, რომ გაიმარჯვა იმ პარტიამ და იმ კანდიდატმა, რომელიც ნამდვილად გამოგვადგება“;

ქუთაისი
ქუთაისი

„თუ რაიმეს გააკეთებს, მისი სახელია“;

„ძალიან კარგი მერი გვეყოლება და კარგს ველოდებით“;

„კარგი ბიჭია შესახედავად და საქმე არ ვიცი. ხალხს დახმარება უნდა ყველანაირად, ფული არ აქვს ხალხს, პროდუქტი, შეშა, გათბობა“;

მომდევნო ოთხ წელიწადში კარგად დაუბრუნდება თუ არა ეს განრიდება მოსახლეობას, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ ამ არჩევნებმა წარმოაჩინა რამდენიმე დიდი პრობლემა...

„მე არ ვარ „ქართული ოცნების“ კმაყოფილი, იმიტომ რომ ჩემთვის არაფერი გაუკეთებიათ. მარტოხელა ვარ, სახლ-კარი არ მაქვს, სიმსივნით დაავადებულ ადამიანს საარსებო არ გამაჩნია ამქვეყნად. თუ გაიმარჯვა, ეს იყო ჩაწყობილი და გაამარჯვებინეს“;

„მოლოდინი გვაქვს კარგის. ახალგაზრდაა, ხალხსაც დაასაქმებს და გზა გვაქვს გასაკეთებელი და მოგვიწესრიგებს“;

„ველოდებით მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, ეკონომიკამ წამოიწიოს, ინოვაციები დაგვინერგოს და ბევრი ადამიანი იყოს დასაქმებული და ბევრი ჰქონდეთ შემოსავალი და ცხოვრების დონემ აიწიოს“;

„გასაკეთებელი ძალიან ბევრია და მოლოდინიც გვაქვს, რაღაცის იმედი, იმედით ვცხოვრობთ“;

„ჩვენ ვინ გვეკითხება, ხალხს არავინ გვეკითხება, იქნება არჩეული და წლების შემდეგ თავად გადაირჩევენ“;

„ავირჩიეთ კი, მაგრამ თუ იქნება ჩვენთვის და ხალხისთვის, მისასალმებელი იქნება“, – ამბობენ ქუთაისელი რესპონდენტები.

ექვსი საარჩევნო ოლქიდან, სადაც 12 ნოემბერს მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ქალაქის ამომრჩეველთა მხოლოდ 18 %-მა. სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის, თაობათა დიალოგის წარმომადგენელ ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, ქუთაისელების უმრავლესობა თავისი ქალაქის მთავრობის არჩევის პროცესს განერიდა:

„მომდევნო ოთხ წელიწადში კარგად დაუბრუნდება თუ არა ეს განრიდება მოსახლეობას, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ ამ არჩევნებმა წარმოაჩინა რამდენიმე დიდი პრობლემა: პირველი ეს არის, რომ ამომრჩეველში არჩევნების კულტურა ამაღლებული არ არის; მეორე ის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არ არის მყარი და ასევე დიდი პრობლემაა ოპოზიციური პოლიტიკური კულტურის და მესამე ის, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით კოორდინატორების არჩეული სივრციდან“.

ქუთაისის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების აღსრულებას 12 ნოემბრის კენჭისყრის საბოლოო, ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეუდგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG