Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლი და ცრემლები: ერთი ოჯახის ისტორია დაღესტანში


დაღესტანის სოფელი
დაღესტანის სოფელი
დაღესტანში, სადაც ბოლო წლებში ხშირია მეამბოხეების თავდასხმები და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის დაპირისპირება, ბევრ ოჯახს შეხებია ძალადობა, მაგრამ სოფელ კიროვაულის მკვიდრ ხადიჟატ ნასიბოვას მაინც განსაკუთრებით მძიმე ხვედრი ერგო - მის ოჯახში სხვადასხვა დროს თითქმის ყველა მამაკაცი მოკლეს. ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახურის კორესპონდენტებმა, რამაზან რაჟაბოვმა და უმა ისაკოვამ, რეპორტაჟი მოამზადეს ნასიბოვების ოჯახის ტრაგედიაზე.

ხადიჟატ ნასიბოვას წელს თვალწინ მოუკლეს მეუღლე. ტრაგედია მოხდა აგვისტოში, როცა 54 წლის ნასიბოვა ქმართან, ქალიშვილთან და დასთან ერთად მახაჩყალაში ნათესავის პანაშვიდზე მიდიოდა. სოფელს რომ გასცდნენ, მათი მანქანა შენიღბული პირების ჯგუფმა გააჩერა - ნასიბოვას მეუღლე, 58 წლის საიდახმედ ნასიბოვი, მანქანიდან ჩაიყვანეს და პირდაპირ დაუწყეს სროლა.
„ყველგან მისი სისხლი იყო. როცა მივედი, ვეღარ ლაპარაკობდა, ცოტათი ამოძრავებდა ტუჩებს. მის ქვემოთ სისხლის გუბე იდგა. ჩემი ქმარი პირველი ორი გასროლის მერე რომ დაეცა, მთელი ჯერი დაახალეს. მისი თავი კალთაზე დავიდე და ლოცვა დავიწყე. მამაკაცი, რომელმაც ესროლა, ჩემს გვერდით იდგა და ნიღაბში გაკეთებული ნახვრეტებიდან მიყურებდა“, იხსენებს ხადიჟატი.
მკვლელებს სიტყვა არ უთქვამთ, ისე ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. ეს ამბავი მოხდა ორ წელიწადში მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა ვაჟიშვილი და ძმისშვილი მოუკლეს ხადიჟატს. წლევანდელი აგვისტოს აქეთ ხადიჟატმა კიდევ სამი ახლო ნათესავი დაკარგა.

უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, წელს დაღესტანში 18-დან 40-ც წლამდე ასაკის 800-ზე მეტი მამაკაცია მოკლული ამბოხების, რეპრესიების, რელიგიური ნიშნით და სხვა სახის დაპირისპირებების შედეგად.
ჩვენს სოფელში არ არსებობს რელიგიურ ნიადაგზე უთანხმოება. სუფიები თავიანთ მეჩეთში დადიან, ჩვენ - ჩვენსაში ...

ისტორიკოსი მაგომედ ნუგაევი ძალადობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ხედავს კონფლიქტში მუსლიმთა ორ ჯგუფს, დაღესტნისთვის ტრადიციული სუფიზმისა და ამ რეგიონში გასული საუკუნის მიწურულს შესული სალაფიზმის მიმდევრებს შორის. სალაფიზმი არაბული სამყაროდან იქნა იმპორტირებული ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მისი მიმდევრები შარიათის კანონებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნისაკენ მიისწრაფვიან. რუსეთის ხელისუფლებამ სალაფიზმი „ექსტრემისტულ“ იდეოლოგიად გამოაცხადა და, შესაბამისად, სასტიკად დევნის მის მიმდევრებს. დაღესტნელი ისტორიკოსის მაგომედ ნუგაევის აზრით, სალაფიზმი „გაუმართლებლად სასტიკად იდევნება და ძალადობის ყოველი ახალი აქტი აძლიერებს ექსტრემისტებისა და მეამბოხეების მიმართ თანაგრძნობას“.

ნასიბოვები სალაფიზმის მიმდევრები არიან, თუმცა მათ, როგორც წელს აგვისტოში მოკლული საიდახმედ ნასიბოვის ძმა ამტკიცებს, არასოდეს ჰქონიათ კონფლიქტი მუსლიმების სხვა ჯგუფებთან.

„ჩვენს სოფელში არ არსებობს რელიგიურ ნიადაგზე უთანხმოება. სუფიები თავიანთ მეჩეთში დადიან, ჩვენ - ჩვენსაში. ბიძაჩემი და ჩემი ბიძაშვილები ერთ მეჩეთში დადიან, მე - სხვაში. უთანხმოება რომ გვქონდეს, ომი იქნებოდა. მაშინ რუსებს ჩვენს საქმეში ჩარევის საბაბი მიეცემოდათ. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვხოცავთ“, ამბობს აბდულაზიმ ნასიბოვი.

მის ძმას, საიდახმედს, არასოდეს ჰქონია კავშირი პოლიტიკასთან ან რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებასთან. ის მძღოლად მუშაობდა, ვიდრე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კიბოს დიაგნოზს დაუსვამდნენ. მაგრამ მან, როგორც ჩანს, ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო საჩივრით, რომელიც პოლიციას გაუგზავნა შვილის, მაგომედ ნასიბოვის მკვლელობის გამოძიების თხოვნით. მაგომედი 2010 წლის ივლისში მოკლეს. ის სულ 21 წლის იყო.

ხადიჟატი ასე იხსენებს საღამოს, როცა ძმისშვილთან ერთად შვილიც დაეღუპა:
„ველოდებოდი ჩემს ვაჟიშვილს, რომელიც მახაჩყალაში დასახლდა. მომდევნო დღეს სამბოს ტურნირზე უნდა წასულიყო. მახაჩყალაში სწავლის პერიოდში მოგებული აქვს ტურნირები მოსკოვში, კიევში, სხვა ქალაქებში. დიდი მომავალი ჰქონდა სპორტში. მაგრამ იმ ღამეს უცებ სროლა დაიწყო ჩემს სახლთან. სანამ გარეთ გავვარდებოდი, სროლა შეწყდა. მანქანაში ვიპოვე ჩემი ვაჟიშვილი და ძმისშვილი, თავები არაბუნებრივად ჩამოჰკიდებოდათ“.

თვითმხილველების ჩვენებით, ახალგაზრდებს ესროლეს შენიღბულმა მამაკაცებმა სამხედრო სატვირთო მაქანიდან, რომელმაც მაგომედის მანქანას ჩაუარა. მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ოფიციალური პირების განცხადება, რომ მაგომედ ნასიბოვი და მისი ბიძაშვილი შეცდომით იქნენ ლიკვიდირებული. ამ „შეცდომის“ გამო არავინ დაუკავებიათ, არავის უგია პასუხი.
ყველაფერი გადაქექეს და ვერაფერი იპოვეს. რა უნდათ ჩვენგან? განა რა შეიძლება ჩაიდინოს უსუსურმა ქალმა? ...

მას შემდეგ, რაც საიდახმედ ნასიბოვმა იჩივლა მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, ის რამდენიმეჯერ დაიბარეს პოლიციაში - მოუწოდებდნენ გაეტანა საჩივარი, ემუქრებოდნენ, რამდენჯერმე გაჩხრიკეს მათი სახლი. საიდახმედის მეუღლე და ძმა დარწმუნებული არიან, რომ მისი მკვლელობა ამ საჩივარს უკავშირდება.

ტრაგედია არც ამით დამთავრებულა. საიდახმედ ნასიბოვის მკვლელობიდან ერთი თვეც არ იყო გასული, როცა დაიკარგნენ მისი ძმის, აბდულაზიმ ნასიბოვის, ორი ვაჟიშვილი და ორი ნათესავი - ისინი მანქანით წავიდნენ ქორწილში. მოგვიანებით გზის პირას აღმოაჩინეს ოთხივე ახალგაზრდა კაცის დამწვარი გვამები დამწვარ ავტომანქანაში. ამის შემდეგ მალე მოკლეს ხადიჟატის ბიძაშვილიც, 30 წლის მაგომედ ხაიდაროვი... მას ფანჯრიდან ესროლეს, როცა შინ იყო ცოლთან და ხუთ შვილთან ერთად. გამოძიებას ჯერაც არ მოჰყოლია შედეგი.

სულ რამდენიმე კვირის წინ ხადიჟატის სახლი ალყაში მოაქცია პოლიციამ და კიდევ ერთხელ ჩაატარა ჩხრეკა:

„ყველაფერი გადაქექეს და ვერაფერი იპოვეს. რა უნდათ ჩვენგან? განა რა შეიძლება ჩაიდინოს უსუსურმა ქალმა?“ ამბობს ხადიჟატი, რომელიც ხუთ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ჩხრეკის დროს პოლიციამ წაიყვანა და დაკითხა მისი მაზლი, აბდულაზიმი.

„ხადიჟატის სახლს ალყა რომ შემოარტყეს, მე პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. მითხრეს, თითქოს დამინახეს, როგორ ჩავისვი მანქანაში ერთ-ერთი მეამბოხე და იმ სახლში წავიყვანე. მერე ...წამებით დამემუქრნენ. მე ვუთხარი, რომ დავბერდი და წამების არ მეშინია. ასე ვუთხარი, ხელებზე ბორკილები მაქვს დადებული, მომხსენით და გაჩვენებთ, რომ არ მეშინია-მეთქი“.
აბდულაზიმისაგან განსხვავებით, ხადიჟატ ნასიბოვამ ბრძოლის ყოველგვარი სურვილი დაკარგა. ის, როგორც ჩვენი კორესპონდენტები ამბობენ, იმდენად დამწუხრებული და იმედგაცრუებულია, რომ დახმარების თხოვნით უფლებადამცველებსაც არ მიმართავს. ამბობს, რომ მხოლოდ ღმერთის იმედიღა აქვს.
XS
SM
MD
LG