Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრძოლა ამიერკავკასიისათვის“ - დაგვიანებული, მაგრამ მაინც დროული წიგნი


ფირუზ ქაზემზადეს წიგნები
ფირუზ ქაზემზადეს წიგნები

გამომცემლობა „პოეზიამ“ ქართულად გამოსცა ცნობილი ისტორიკოსის, იელის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის ფირუზ ქაზემზადეს წიგნი ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921”, რომელიც დასავლეთის აკადემიურ წრეებში მიიჩნევა ისტორიის ამ პერიოდის აღწერისა და გააზრების ერთ-ერთ პირველ მცდელობად. 1951 წელს გამოცემულ წიგნში აღწერილია 1917 წლის რუსეთში დატრიალებული მოვლენების გამოძახილი ამიერკავკასიაში, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნების გავლენა რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ვითარებაზე. ავტორი მდიდარ საარქივო და დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით აღწერს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნისა და დაშლის მიზეზებს, ამიერკავკასიის ქვეყნების გათავისუფლებისა და ხელახლა ოკუპაციის წინააღმდეგობრივ პროცესს.

1917 წლის 11 ნოემბერს, რუსეთის რევოლუციიდან რამდენიმე დღეში, ტფილისში გაიმართა ამიერკავკასიის ყველა რევოლუციური ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეკრება, რომელზეც ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ნოე ჟორდანიამ წარმოთქვა სიტყვა და განაცხადა, რომ ამიერკავკასიამ რუსეთთან ერთად ხელჩაკიდებულმა იარა უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში და თავს „რუსული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად თვლიდა“, ახლა კი უბედურება დაგვატყდა თავსო.

„რუსეთთან კავშირი გამწყდარია და ამიერკავკასია მარტოა დარჩენილი. ახლა ან ფეხზე უნდა დავდგეთ და თავი გადავირჩინოთ, ან ანარქია მოგვიღებს ბოლოს“ - ამ სიტვების შემდეგ ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებელი ადგილობრივი მთავრობის შექმნის იდეა წამოაყენა, თუმცა ამ დროისათვის რუსეთიდან გამოყოფაზე არც ჟორდანიას და არც ვინმე სხვას არ უფიქრია, არადა, როგორც ფირუზ ქაზემზადე წიგნში “ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921” წერს, 1917 წლის 15 ნოემბერს პეტროგრადის მთავრობამ გამოაქვეყნა ლენინისა და სტალინის მიერ ხელმოწერილი სახალხო უფლებების დეკლარაცია, რომელიც საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის საფუძვლად აცხადებდა ერთა თვითგამორკვევის უფლებას, რუსეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის უფლების ჩათვლით:

„საინტერესოა, რომ ამიერკავკასია ამ შანსს არც კი ჩასჭიდებია. რეგიონის ლიდერებს 16 ნოემბერსვე შეეძლოთ დამოუკიდებლობის გამოცხადება, წინა დღის საბჭოთა დეკლარაციაზე დაფუძნებით. ამის შემდეგ ისინი ადვილად შეძლებდნენ თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას, შემდეგ კი თურქეთის და მისი მოკავშირე გერმანიის მიერ მათი დამოუკიდებლობის ცნობის მოპოვებას, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ მათი ბმა რუსეთთან მეტისმეტად ძლიერი იყო“.

პროფესორი ფირუზ ქაზემზადე
პროფესორი ფირუზ ქაზემზადე

ფირუზ ქაზემზადეს 400-გვერდიან ნაშრომში ხშირად გვხვდება მსგავსი კატეგორიული შეფასება, რასაც წიგნის ქართული გამოცემის რედაქტორი, საფრანგეთში მცხოვრები ისტორიკოსი გიორგი მამულია „სასტიკ ობიექტურობას“ უწოდებს:

უკიდურესად კრიტიკულ დამოკიდებულებას იჩენს ყველა რესპუბლიკისადმი, მათ შორის საქართველოსადმიც, თუმცა არის მომენტები, როცა მთლიანად სამართლიანი ვერ არის. ეს ჩანს, მაგალითად, იმაში, რომ რაღაც ვარიანტებში მიიჩნევს, რომ საქართველოს ჰქონდა იმპერიალისტური ტენდენციები და ა.შ. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველოს მიმართ ქეზამზადე, პრინციპში, ცდილობს, რომ კეთილმოსურნე იყოს და, საერთოდ, უნდა ვთქვათ, რომ ავტორის მთავარი პლუსი არის ის, რომ ცდილობს აჩვენოს ის შეცდომები, რომლებიც დაუშვა სამივე რესპუბლიკამ და უჩვენოს ამიერკავკასიის ხალხებს, რამდენად დამღუპველი იყო, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთში დაპირისპირება, რომ მთავარი იყო ერთიანობის შენარჩუნება“.

მაგრამ, როგორც ფირუზ ქაზემზადეს ნაშრომიდანაც კარგად ჩანს, ამიერკავკასიის რესპუბლიკებმა ერთიანობა ვერც ფედერაციის სახით შეინარჩუნეს და ვერც საგარეო საფრთხეებთან გამკლავებისას. ოტომანთა იმპერიის საშიშროების გამო ამიერკავკასიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ფედერალურ რესპუბლიკად იქცა, თუმცა ფედერაცია დღემოკლე გამოდგა. მასში შემავალი სამი ხალხის ინტერესები იმდენად არ ეთავსებოდა ერთმანეთს, რომ თანამშრომლობა შეუძლებელი აღმოჩნდა. 1918 წლის მაისში ფედერაცია დაიშალა და მის ადგილას სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა. ისტორიკოს ბექა კობახიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ამიერკავკასიის რესპუბლიკები შეუთანხმებლად და ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, რის გამოც რეგიონში სულ მუდამ რთული ვითარება იყო:

„ამ სირთულეს ქმნიდა მესამე ძალის - იმპერიების - გავლენაც. მაგალითად, როცა რუსეთი შემოდიოდა ამიერკავკასიაში, ის სომხებს ეუბნებოდა, რომ მე სომხეთის ინტერესები ნაკლებად მაქვს, დიდ სომხეთსაც ვუჭერ მხარს, საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესი მაქვს, ნავთობსადენის, რკინიგზის და სომხები ამაში ნუ ჩაერევით. სომხებს, რასაკვირველია, ჰქონდათ იმის ცდუნება, რომ არ ყოფილიყვნენ რუსეთის დარტყმის ქვეშ, მაგრამ იყო პირიქითაც: როცა ოსმალები შემოდიოდნენ კავკასიაში, ისინი ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ თქვენს წინააღმდეგ არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ სომხების წინააღმდეგ და შარში თავს ნუ გაჰყოფთ, დაგვანებეთ ეს სომხები“.

ბექა კობახიძის თქმით, ასევე ხშირი იყო დაპირისპირება ისტორიული მეხსიერების ნიადაგზე, რაც პერიოდულად ტერიტორიულ დავებსა და კონფლიქტებში გადაიზრდებოდა ხოლმე. შესაბამისად, საინტერესოა აღნიშნული პერიოდის კვლევა სწორედ რეგიონალურ ჭრილში, რამაც განაპირობა კიდეც ფირუზ ქაზემზადეს ნაშრომის წარმატება. გამომცემლობა „პოეზიის“ დამფუძნებელ ნატო ალხაზიშვილის თქმით, ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921“ დიდ სიცარიელეს შეავსებს.

ნატო ალხაზიშვილი
ნატო ალხაზიშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ისტორიას ვუყურებდეთ ისტორიულ ჭრილში და არა ვიწრო თვალთახედვით. ამ წიგნში სწორედ რეგიონში მიმდინარე მოვლენებია აღწერილი ფაქტების სახით. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ხდებოდა იმ პერიოდში და ამას მოგვითხრობდეს პირუთვნელი მკვლევარი, რომელიც სამივე რესპუბლიკას თანაბრად უყურებს და ყველას მიმართ არის კრიტიკულად განწყობილი. ასევე კრიტიკულია თურქების, გერმანელების, ინგლისელების მიმართაც, ანუ არავის არ ინდობს“, უთხრა ნატო ალხაზიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფირუზ ქაზემზადეს ნაშრომი ქართულად გამოიცა იმ დროს, როცა ახლოვდება რუსული რევოლუციების ასი წლისთავი, მოვლენებისა, რომლებმაც, როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, გზა გაუხსნა საქართველოს დამოუკიდებლობას:

„ეს არის პირველი წიგნი, რომელიც მონოგრაფიის სახით დაიწერა ამერკავკასიის დამოუკიდებლობის პერიოდის შესახებ. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, რადგანაც წარმოადგენს ამ პერიოდის შემდგომი კვლევების ფუნდამენტს. უნდა ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ქართულად არაფერი ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზულ მეცნიერთა მიერ დაწერილი და თარგმნილი არ არის. ამ წიგნის ქართული გამოცემა კი არის, მართალია, გვიანი, მაგრამ მაინც კარგი დასაწყისი, რომ ვთარგმნოთ ციურერი, ბაუმგარტი, ბილი და სხვა ავტორები, რომლებსაც ამ საკითხზე სერიოზული კვლევები აქვთ გაკეთებული“.

ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე

რაც შეეხება ნაშრომის ავტორს, ლაშა ბაქრაძის თქმით, ფირუზ ქაზემზადე 1924 წელს დაიბადა მოსკოვში, ირანელი დიპლომატის ოჯახში, ამჟამად კი ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ქაზემზადე არის უაღრესად საინტერესო პიროვნება. მამამისი იყო ირანელი დიპლომატი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, ამიტომ მეცნიერმა ძალიან კარგად იცოდა რუსული. წარმოშობით იყო ირანის აზერბაიჯანიდან. დაინტერესებული იყო ამ თემით. მაშინ წყაროები გახსნილი არც იყო. გერმანიას გვიან დაუბრუნეს თავისი არქივები, რომლებიც გამარჯვებულმა მხარეებმა წაიღეს ომის დროს, მაგრამ მაინც შეეძლო ემუშავა იმ გერმანულ არქივებში, რომლებიც ამერიკაში იყო გატანილი, მაგრამ ამ დროს არ იყო ხელმისაწვდომი ამ პერიოდის არც ფრანგული და არც ბრიტანული არქივები. რასაკვირველია, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრი რამე მან არ იცოდა იმის გამო, რომ არ მიუწვდებოდა ხელი წყაროებზე. მიუხედავად ამისა, ეს წიგნი დღესაც ინარჩუნებს არა მხოლოდ აქტუალურობას, არამედ ისტორიული ხედვის სისწორეს. რასაკვირველი, ისევე როგორც ყველა სხვა ნაწარმოები, ეს წიგნიც შეიძლება გააკრიტიკო, მაგრამ ძირითადად მაინც სწორად გადმოსცემს იმ პერიოდს, მიუხედავად წყაროების ნაკლებობისა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ბაქრაძემ, რომელიც ფირუზ ქაზემზადეს წიგნის ქართული გამოცემისათვის დაწერილ წინასიტყვაობას იწყებს ფრიდრიხ შლეგელის შემდეგი სიტყვებით: „ისტორიკოსი წინასწარმეტყველია, რომელიც უკან იყურება“. ეს სიტვები დიდი სიზუსტით შეესაბამება ფირუზ ქაზემზადეს, რომლის ნაშრომის სამომომავლო ღირებულება ჯერ კიდევ შორეულ 1951 წელს განჭვრიტა ცნობილმა ისტორიკოსმა მიხაილ (მაიკლ) კარპოვიჩმა:

„ახალი დროების ვითარება ისეთია, ამიერკავკასია, შესაძლოა, როდისმე კვლავ გადაიქცეს საერთაშორისო ცხოვრებისათვის მნიშვნელოვან სცენად, ამიტომ წინამდებარე გამოცემა მხოლოდ ისტორიული კვლევის თვალსაზრისით როდია საინტერესო. ამ წიგნში მოთხრობილი ისტორია იმ სირთულეებს გამოკვეთს, რომლებიც, შესაძლოა, კვლავ პრობლემად წარმოჩნდეს, იმ ხაფანგებს ავლენს, რომელთათვის მომავალში გვერდია ასავლელი და ეს ერთნაირად ეხება როგორც რეგიონში მცხოვრებ ერებს, რომელთაც სამომავლოდ ერთმანეთთან ურთიერთობები ექნებათ ასაშენებელი, ისე იმ უცხო სახელმწიფოებს, რომლებიც ამ პროცესებზე შეეცდებიან გავლენის მოხდენას“.

გიორგი მამულია
გიორგი მამულია

ისტორიკოსი გიორგი მამულიაც იზიარებს უფროსი კოლეგის ამ მოსაზრებას, თუმცა კრიტიკულადაც აფასებს ქაზემზადეს ზოგიერთ აზრს:

„ავტორი თვლის, რომ იმ პერიოდში დასავლეთის სახელმწიფოები არ იყვნენ იმდენად დაინტერესებულები, რომ რეალური დახმარება გაეწიათ ამიერკავკასიისათვის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. რაღაც ვარიანტში ჩვენ შეიძლება დავეთანხმოთ ამას, რაღაც ვარიანტში - არა. დღეისათვის ხელმისაწვდომი წყაროები გვაძლევს საშუალებას მოდიფიკაცია გავუკეთოთ ქაზემზადეს ზოგიერთ მოსაზრებას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ აჩვენებს, რამდენად ურთიერთდამოკიდებულია ამიერკავკასიის ყველა რესპუბლიკა და რამდენად არის აუცილებელი ურთიერთკავშირის პოლიტიკა ამიერკავკასიაში მშვიდობისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად“.

გიორგი მამულიას მიერ აღნიშნული გარემოების გარდა, წიგნის ავტორი ასახელებს სხვა არაერთ ფაქტორსაც, რომლებმაც განაპირობეს ამიერკავკასიის ქვეყნების ხელახლა ოკუპაცია:

„ამიერკავკასიის სახელმწიფოთა დამოუკიდებელი არსებობის ხანმოკლე პერიოდში მათ ხელმძღვანელთა უმთავრესი საფიქრალი ის იყო, ევროპის წამყვანი სახელმწიფოებისაგან აღიარება მოეპოვებინათ, შინ კი თავიანთი მმართველობა გაემყარებინათ და, მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რუსეთის ფაქტორი იყო. ბრიტანელები, რომლებიც ამას კავკასიელებზე უკეთ აცნობიერებდნენ, რეგიონიდან მანამდე გავიდნენ, სანამ წითელი არმია მის საზღვრებს მიაღწევდა, ხოლო როდესაც რუსეთმა აზერბაიჯანი, სომხეთი და, ბოლოს, საქართველო დაიპყრო, მოვლენებში ჩარევა არ ისურვეს. შიდაერთიანობის უქონლობამ, მერყევმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ და პოლიტიკურმა უმწიფრობამ სამივე სახელმწიფოს დაცემა განაპირობა, მაგრამ ეს მაინც მეორეხარისხოვანი მიზეზები იყო. გადამწყვეტი ფაქტორი რუსეთი იყო“.

წიგნის დასკვნით ნაწილში ქაზემზადე ასევე შენიშნავს, რომ ამიერკავკასიის ხალხთა მცდელობა შეენარჩუნებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა, მართალია, მარცხით დასრულდა, მაგრამ მანვე აჩვენა მათი სიცოცხლისუნარიანობა და პოტენციალი, უკუაქცია გარუსების ტენდენცია. „როგორც ჩანს, ქართველებმა, სომხებმა და, განსაკუთრებით კი, აზერბაიჯანელთა ფართო მასებმა პირველად გააცნობიერეს საკუთარი ეროვნული და კულტურული გამორჩეულობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ინსტიტუციებს ძალით აღმატებული ჩრდილოელი მეზობლისათვის გზის დათმობა მოუხდათ“, ვკითხულობთ ფირუზ ქაზემზადეს წიგნში „ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921”, რომელიც ინგლისურიდან ქეთი ქანთარიამ თარგმნა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG