Accessibility links

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში 25 წლის რევაზ სრესელის გათავისუფლებას ელოდებიან. იგი ორი დღის წინ რუსეთის მესაზღვრეებმა სოფლის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. სრესელი შობის დღესასწაულზე სალოცავში სანთლების ასანთებად იყო ასული, იქვე ეკლესიასთან კი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პატრულირებდნენ, რომლებმაც დაკავებულს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. ჯარიაშნელები აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეკლესიასთან მისულ მოქალაქეებს რუსეთის მესაზღვრეები აკავებენ.

რევაზ სრესელის მსგავსად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2016 წელს, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 134 პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად მავთულხლართებისა და ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერების მიმდებარე ტერიტორიაზე აკავებდნენ, ცხინვალის იზოლატორიდან კი ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ჯარიმის, 2000 რუბლის, გადახდის შემდეგ ათავისუფლებდნენ. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებნი აცხადებენ, რომ წლიდან წლამდე სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, რადგან დაკავების შიშით ვერც ნაკვეთებში გადიან მიწის დასამუშავებლად და ვერც საქონელი გაჰყავთ საძოვარზე.

სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები ქართველი სამართალდამცავებისგან პატრულირების გამკაცრებას და სხვა დამატებითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივმა მოსახლეობამ არც კი იცის, საიდან იწყება ოკუპირებული ტერიტორია და დაკავებების ყველაზე მაღალი სტატისტიკაც სწორედ ასეთ შემთხვევებს უკავშირდება.

2008 წლიდან, 2016 წლის ჩათვლით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სულ 2 775 საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, აფხაზეთის მიმართულებით 1 788 პირი, ცხინვალის რეგიონში კი 987 საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG