Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული პოლიციელებს ადანაშაულებს


დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის ბრალდებით 6 მარტის საღამოს თელავში დაკავებული 25 წლის ახალგაზრდა, გიორგი ქიტოშვილი, პოლიციელებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. დაკავების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტპორტალ Reginfo.ge-მ გაავრცელა. საინფორმაციო საშუალება წერს, რომ ვიდეო ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო. ამ მასალის მიხედვით, გიორგი ქიტოშვილი პოლიციელებს ეუბნება, რომ სუნთქვა უჭირს.

გიორგი ქიტოშვილის საკითხის განხილვა

  • თელავის რაიონულ სასამართლოში გიორგი ქიტოშვილის საკითხის განხილვა 30 მარტს განახლდება.
  • მოსამართლემ ბრალდების მხარეს 6 მარტს დაკავებული ახალგაზრდის მიერ კანონდარღვევის ამსახველი ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა.
  • თუ გიორგი ქიტოშვილს დამნაშავედ ცნობენ, მას 250 ლარიდან 2000 ლარამდე დააჯარიმებენ ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯიან.

„ეგ არის თქვენი მოქცევა! გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერთ“, - მიმართავს დაკავებული პოლიციელებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი ქიტოშვილს განუმარტავენ, რომ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული. ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის დაუმორჩილებლობას.

თელავში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ახალგაზრდა, გიორგი ქიტოშვილი, მოსამართლე თამარ კაპანაძემ დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კაპანაძემ მიზეზად 7 მარტს ჩანიშნული რამდენიმე პროცესი დაასახელა. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის 12 საათზე მეტი დროით პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია, გიორგი ქიტოშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს. მორიგი პროცესი 30 მარტს ჩაინიშნა.

გიორგი ქიტოშვილის მამა კი, ანზორ ქიტოშვილი, ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელიც საპატრულო პოლიციამ გააჩერა და რომელსაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ედავებოდნენ, მისი შვილი არ მართავდა, თუმცა იმ ავტომობილში იჯდა. ანზორ ქიტოშვილისავე თქმით, მისმა შვილმა პოლიციელებს უთხრა, რომ ავტომობილის მძღოლი უსამართლოდ იყო გაჩერებული და მისი დაჯარიმების საფუძველი არ არსებობდა, რასაც პოლიციელების მხრიდან აგრესია და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულის მამის თქმით, გიორგი ქიტოშვილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

გიორგი ქიტოშვილის ბრალდებებს, რომ მისი დაკავებისას პოლიციამ ძალას გადაამეტა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, რომ სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს.

გიორგი ქიტოშვილის საქმის სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნათია ფიცხელაური, თუმცა სახალხო დამცველის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გიორგი ქიტოშვილმა მათთან ურთიერთობასა და ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა და ამიტომ მათ მომხდარი ფაქტის დეტალები არ იციან.

თელავის რაიონულ სასამართლოში გიორგი ქიტოშვილის საკითხის განხილვა 30 მარტს განახლდება. მოსამართლემ ბრალდების მხარეს 6 მარტს დაკავებული ახალგაზრდის მიერ კანონდარღვევის ამსახველი ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ქიტოშვილს დამნაშავედ ცნობენ, მას 250 ლარიდან 2000 ლარამდე დააჯარიმებენ ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯიან.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG