Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დაცული ღვთისმშობლის კვართი ეპარქიებს შორის დაპირისპირების მიზეზად რჩება


შეხვედრის მონაწილეები
შეხვედრის მონაწილეები

ორწლიანი შესვენების შემდეგ ზუგდიდისა და ხობის ეპარქიებს შორის კვლავ დავის საგნად იქცა დადიანების მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან ხობის დედათა მონასტერში ერთი დღით გადატანის საკითხი.

წუხელ გვიან ღამით დასრულდა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, გერასიმე შარაშენიძის შეხვედრა საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის განყოფილების უფროსთან, ვახტანგ ლიპარტელიანთან. მან აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე შესული იყო წერილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის თხოვნით, კვართი ერთი დღით მოსალოცად გადაეტანათ ხობის დედათა მონასტერში, სინოდმა კი მას ამ საკითხზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის აზრის შესწავლა დაავალა.

დაპირისპირება ეპარქიებს შორის
please wait

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00
გადმოწერა

მრევლისა და ეპარქიის პოზიციაა, რომ ერთი დღე მხოლოდ საბაბია და რეალურად კვართის ზუგდიდიდან გატანა სამუდამოდ სურთ, რის უფლებასაც ისინი, მათივე თქმით, არავის მისცემენ. როგორც ვახტანგ ლიპარტელიანი ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილებას პატრიარქი და სინოდი მიიღებენ.

ხალხი დადგება ერთად და სადაც იყო დაბრძანებული ეს სიწმინდე, იქ დარჩება, იმიტომ რომ მას სურს, რომ იქ იყოს, რადგან თავად მობრძანდა. არავითარ შემთხვევაში ქალაქი არ მისცემს იმის უფლებას, რომ ეს გახდეს რაღაც ცირკის სანახაობასავით, ვისაც სადაც მოუნდება, იქ წაიღოს...

„გადაწყვეტილების მიღება ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე ვაგროვებ მასალას, გავუკეთებ რეზიუმეს, მოვახსენებ უწმინდესობას და წმინდა სინოდს“, - განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

შეხვედრა მიტროპოლიტის რეზიდენციის ეზოში, ღია ფაცხაში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი და მრევლის მცირე ნაწილი. ჟურნალისტებს არ მიეცათ შეხვედრის სრულად ჩაწერის საშუალება, რადგან მონაწილეებმა ის "მედიისთვის დახურულად" გამოაცხადეს. იმის გამო, რომ არ იყო მიკროფონები, ეზოში კვართის „დაცვის“ მიზნით შეკრებილებმა ვერ გაიგეს საუბრის დეტალები, რამაც მათი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისმოდა შეძახილები: „თუ მარტო აპირებდით საუბარს, მაშინ ჩვენ რატომღა დაგვიძახეთ?“, „თუ არ გაინტერესებდათ ჩვენი აზრი, რატომ მოგვიყვანეთ?“.

რაზე იყო საუბარი ფაცხაში, მოქალაქეებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუმარტეს მისმა მონაწილეებმა. მათ შორის იყო ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია. მისი განცხადებით, მზადდება მიმართვა სინოდისთვის, რათა დასრულდეს ამ საკითხზე ბჭობა:

„მე მასთან ვბრძანე, რომ მაქვს უფლება ვილაპარაკო ხალხის სახელით და მოსახლეობის სახელით, იმიტომ, რომ ვარ ღვთისმშობლის ქალაქის მერი. უნდა დამთავრდეს ეს სპეკულაციები, რაც ხდება ყოველ წელს“, - განაცხადა გოგოხიამ.

შეხვედრა ღამის 2 საათისთვის დასრულდა.

ეპარქიის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები
ეპარქიის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები

„ხალხი დადგება ერთად და სადაც იყო დაბრძანებული ეს სიწმინდე, იქ დარჩება, იმიტომ, რომ მას სურს, რომ იქ იყოს, რადგან თავად მობრძანდა. არავითარ შემთხვევაში ქალაქი არ მისცემს იმის უფლებას, რომ ეს გახდეს რაღაც ცირკის სანახაობასავით, ვისაც სადაც მოუნდება, იქ წაიღოს“;

„ადამიანებს ნაკლები ძალისხმევა სჭირდებათ ასეთი საკითხების დროს, იმიტომ, რომ სადაც უნდა იყოს, იქ არის და ადამიანები ბევრს ნუ შევეხებით“;

„კვართი ზუგდიდში უნდა დარჩეს სამუდამოდ..." - ასეთი მოსაზრებები გამოთქვეს რეზიდენციის ეზოში შეკრებილებმა.

კვართის ერთი დღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადატანას 2015 წელსაც ითხოვდნენ და ამ საკითხმა ორ ეპარქიას შორის დაპირისპირებაც კი გამოიწვია. მაშინ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ განმარტა, რომ ასეთივე მოთხოვნა წინა წლებშიც იყო, თუმცა ნებართვა არ გაცემულა. მიტროპოლიტის რეზიდენციასთან მოქალაქეები მაშინაც შეიკრიბნენ და მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მიტროპოლიტმა მათ საპატრიარქოს პოზიცია გააცნო: სიწმინდე ზუგდიდში დარჩებაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG