Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახურავების შეკეთების შემდეგ - სტალინის ძეგლი


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. 24 მარტს ძლიერი ქარის გამო გორსა და გორის რაიონში 65 ბინის სახურავი დაზიანდა. აქედან 12 სრულ, 53 კი ნაწილობრივ აღდგენას საჭიროებს. კორპუსების გარდა, დაზიანდა გორის მეხუთე საჯარო სკოლა, სამუსიკო და საფეხბურთო სკოლები. ზარალმა 1 306 000 ლარს გადააჭარბა. ეს თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რამაც რამდენიმე პროექტის შეჩერება გამოიწვია. დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტი მალე ცენტრალური ბიუჯეტიდან ისევ შეივსება და პროექტები გაგრძელდება.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ კერძო სახლების მფლობელებს სახელმწიფო პირველ ეტაპზე არ დაეხმარება და მათ საკუთარი ხარჯით მოუწევთ სახურავების შეკეთება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადებები კიდევ შედის დაზიანებების შესახებ, რომლებიც კორპუსების მოსახლეობამ გვიან აღმოაჩინა. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური ასეთ შემთხვევებს კომისიური წესით სწავლობს. სამსახურის უფროსი დავით გორგიშელი ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიებს სამუშაოების ხარისხიანად ჩასატარებლად 20 დღიანი ვადა აქვთ მიცემული და ისინი ამ ვადებში ეტევიან.

დაზარალებული მოსახლეობაც იმას ითხოვს, რომ სახურავები ნელა, მაგრამ ხარისხიანად გაკეთდეს, ზოგიერთმა მოქალაქემ კი იმ კორპუსების სახურავების შემოწმებაც მოითხოვა, რომლებსაც სტიქიამ ვერაფერი დააკლო.

მინისტრთან შეხვედრისას ისიც გაირკვა, რომ ძლიერი ქარის დროს დაზიანებული ავტომანქანის მფლობელი კომპენსაციას მიიღებს, მაგრამ სახელმწიფოს დახმარებით ვერ ისარგებლებენ დაზიანებული კომერციული ობიექტების მფლობელები. დარბაზში შეკრებილების ერთმა ნაწილმა ნარმანიას სახურავების გადახურვის შემდეგ გორში სტალინის ძეგლის დადგმა მოსთხოვა. ამის პასუხად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ ის განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში 25 ათასი ლარი მონუმენტის მუზეუმის ტერიტორიაზე დასადგმელადაა გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG