Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას იწყებს


საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, დემოგრაფიული განვითარების ფონდი იქმნება. ფონდის პრეზენტაცია უახლოეს ხანში იგეგმება, მანამდე კი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი გამოდის ინიციატივით, 2013 წელი საქართველოში დემოგრაფიის წლად გამოცხადდეს. რის გამოსწორებას აპირებს ხელისუფლება და არის თუ არა მართლაც საგანგაშო დემოგრაფიული ვითარება საქართველოში?

დემოგრაფიის სფეროში საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივები ამ დღეებში გამართულ საგანგებო კონფერენციაზე გახდა ცნობილი. კონფერენციაზე ითქვა, რომ აუცილებელია შემუშავდეს დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა და სპეციალური კონცეფცია, რომელიც პრობლემის გადაჭრის გზებს კონცეპტუალურად განსაზღვრავს. პრობლემის მასშტაბურობა კი, თავის მხრივ, ორგანიზატორებმა კონფერენციის სახელწოდებაშივე გამოკვეთეს -”საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე”. კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო დემოგრაფი ანზორ თოთაძე. ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების შეფასებაც სწორედ მას ვთხოვეთ:

”ვითარება ძალიან კატასტროფულია, ძალიან, იმიტომ რომ შემცირდა ბოლო პერიოდში შობადობა, ძალიან შემცირდა, თითქმის ორჯერ შემცირდა. გაიზარდა მოკვდავობის დონე და ბუნებრივი მატება თუ 60-იან, 80-იან, 90-იან წლებში იყო, ვთქვათ, დაახლოებით 500 000, ახლა, ბოლო ათწლეულში, მოსახლეობის მატებამ შეადგინა 53 000. მოსახლეობის ბუნებრივი კლებაა ესე იგი - გარდაცვალებულები ჭარბობენ დაბადებულებს”.
2007 წლიდან გამოსწორებისკენ მიდის. მე ვგულისხმობ დაბადებების ზრდას, ასევე მოსახლეობის რაოდენობის ზრდასაც. თუ წინა წელს შევადარებთ დღევანდელ მონაცემებს, ფაქტობრივად, პროცენტ-ნახევრითაა გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა...
პაატა შავიშვილი

ანზორ თოთაძე აქვე მიუთითებს გაეროს მოსახლეობის ფონდის 2010 წლის კვლევის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა მილიონ 170 000-ით შემცირდება. გაეროს მიერ მოსახლეობის რაოდენობის პროექტირება ქვეყნების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული და პროგნოზირებაც იმ წლისთვის არსებულ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება. ამ ფორმულით გამოთვლილი გრძელვადიანი პერსპექტივა ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები წლიდან წლამდე არ იცვლება. საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი კი ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველოში შობადობის კოეფიციენტი მატების დინამიკით გამოირჩევა:

”2007 წლიდან გამოსწორებისკენ მიდის. მე ვგულისხმობ დაბადებების ზრდას, ასევე მოსახლეობის რაოდენობის ზრდასაც. თუ წინა წელს შევადარებთ დღევანდელ მონაცემებს, ფაქტობრივად, პროცენტ-ნახევრითაა გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა. მე ვგულისხმობ 2011-2012 წლებს. ამიტომ, დღევანდელი გადმოსახედიდან, მე მგონი, კატასტროფის საფუძველი არ არსებობს“.
2010 წლის კვლევის შედეგად გამოვლენილი შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2007-2010 წლებისათვის არის 2 ბავშვი ერთ ქალზე, რაც კვლევაზე დაფუძნებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც საქართველოში დღემდე დაფიქსირებულა...
ლელა ბაქრაძე

საქსტატის, ანუ ოფიციალურ მონაცემებს ადასტურებს 2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგებიც. ეს ამ ტიპის მესამე კვლევაა საქართველოში და განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის, ბავშვთა ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით. კვლევები შემუშავებულია ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ. როგორც საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსმა, ლელა ბაქრაძემ გვითხრა, 2010 წლის კვლევის მიზანი დემოგრაფიული და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითადი ინდიკატორების მაჩვენებლების მოპოვება და წინა კვლევებთან შედარება იყო. შედეგები კი ასეთია:

” 2010 წლის კვლევის შედეგად გამოვლენილი შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2007-2010 წლებისათვის არის 2 ბავშვი ერთ ქალზე, რაც კვლევაზე დაფუძნებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც საქართველოში დღემდე დაფიქსირებულა. იგი 25 პროცენტით მაღალია 2002-2005 წლების შობადობის ჯამობრივ მაჩვენებელზე, რომელიც იყო 1,6. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ, 2005 წლის კვლევასთან შედარებით, შობადობის მაჩვენებელი გაიზარდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, გარდა ერთი ასაკობრივი ჯგუფისა - ეს არის მოზარდები, რაც მიანიშნებს საქართველოში შობადობის ასაკის თანდათანობით ზრდაზე”.

საქართველოში შობადობის კოეფიციენტის ზრდაზე დადებითად აისახა საქართველოს პატრიარქის ინიციატივა, რომელიც 2008 წლის 19 იანვრიდან იწყება და რომელიც ოჯახის ყოველი მესამე და მომდევნო შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებს. წლის განმავლობაში ახალშობილთა ასეთი 5-6 ნათლობის ცერემონიალი ტარდება. როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ გვითხრა, პატრიარქის ნათლულთა რაოდენობა ასევე მატების ტენდენციით ხასიათდება.
მთავარია ხელისუფლების ნება. ხელისუფლებამ ნება გამოაჩინა. მათ დაიწყეს უკვე ზრუნვა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს...
თამარ ჩიბურდანიძე

” 14 ათასამდე ავიდა უკვე პატრიარქის ნათლულთა რაოდენობა. ახლაც მივიღეთ საბუთები და 700 საბუთი მივიღეთ. თითქმის უკვე ყველა ნათლობაზე 500-ზე ნაკლებ საბუთს არ ვიღებთ. მესამეს აჩენს იმის გამო, რომ პატრიარქის ნათლული ჰყავდეს სახლში. ასევე, მეოთხე რომ ჰყავს, მეხუთეს აჩენენ, რომ პატრიარქის ნათლული ჰყავდეთ. შემთხვევები გვაქვს, რომ შვილიშვილები ჰყავს ხალხს და მაინც აჩენენ”.

საქართველოს მოსახლეობა, 2012 წლის მონაცემებით, საქსტატის თანახმად, 4 497 000 ადამიანს შეადგენს. „ევრომონიტორ ინტერნეშენალის“ კვლევით, 2030 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 4 400 000 იქნება. უახლოესი წლების დემოგრაფიული ვითარება, თავის მხრივ, საგანგაშოდ მიაჩნია დემოგრაფიული განვითარების პროექტის ერთ-ერთ ავტორსა და საქართველოში დემოგრაფიის ფონდის შექმნის ერთ-ერთ ინიციატორს, თამარ ჩიბურდანიძეს. მისი შეფასებით, წინა ხელისუფლება რეალურ სურათს მალავდა და საზოგადოებას ინფორმაციას არასათანადოდ აწვდიდა. შესაბამისად, ნაბიჯები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადადგას, შემდეგია:

”მთავარია ხელისუფლების ნება. ხელისუფლებამ ნება გამოაჩინა. მათ დაიწყეს უკვე ზრუნვა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მინდა გითხრათ, რომ სათითაოდ სამინისტროებმა, მათ შორის, ქალბატონმა თეა წულუკიანმა ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ მზად არის იუსტიციის სამინისტრო ღიად ჩაერთოს ამ პროცესში და დადონ თავიანთი ინიციატივები. პარლამენტი თავისთავად მზად არის, ხელისუფლება, ანუ მთავრობა, სხვადასხვა სამინისტროები. პუნქტობრივად, აი, ეს ჯგუფი შეიმუშავებს საფრთხეების თავიდან აცილების პერსპექტივას, ანუ კონცეფციაში ჩაიდება ეს“.

თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ მთავრობის ერთ-ერთი ინიციატივა უფასო მშობიარობის შესახებ უკვე ცნობილია, უახლოეს ხანში კი ფეხმძიმობის პერიოდის სამედიცინო მომსახურებაც უფასო გახდება.
XS
SM
MD
LG