Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები, რომლებმაც ახალი ბინის მისაღებად საჭირო ქულები ვერ მიიღეს, შედეგებს ასაჩივრებენ


დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში
დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში

ზუგდიდში, სხვადასხვა შენობაში მცხოვრები დევნილები უკმაყოფილონი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ქულებით. როგორც ისინი აცხადებენ, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებთ ახალ ბინებს არც ამჯერად გადასცემენ. ისინი წინასწარი შედეგების გასაჩივრებას აპირებენ. ქალაქში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 240 ოჯახი მიიღებს, ფართის მოთხოვნით კი განცხადება 5422-მა ოჯახმა შეავსო.

ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები ხატია ოყუჯავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ შენობაში, სადაც 58 ოჯახი ცხოვრობს, ბინის მისაღებად საჭირო ქულა მხოლოდ სამს მიანიჭეს, სხვებს კი კვლავ მაღალი ქულები განუსაზღვრეს:

„ბევრია ისეთი, რომელსაც არ ეკუთვნოდა მაღალი ქულის მიღება, ამიტომ გამოიყოს კომისია და შეაფასონ, ვინ როგორ ცხოვრობს“.

„გამოაქვეყნონ, რა კრიტერიუმებით მოგვანიჭეს ეს ქულები. იქნებ ჩვენ ვცდებით და ტყუილად ვქმნით ამხელა აურზაურს“, - ამბობს გალელი თინათინ ციკოლია.

დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში
დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში

მისივე განმარტებით, წლიდან წლამდე ორსართულიან დაწესებულებას, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზამ ნგრევადის სტატუსი მიანიჭა, ყოველწლიურად კედლები და ჭერი უზიანდება, სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში იმყოფებიან და ამაზე არავინ რეაგირებს.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ მცხოვრებნი. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან შენობაში ჩასახლებულები ამბობენ, რომ ექსპერტიზამ მათი შენობაც ავარიულად მიიჩნია, თუმცა დასახლებაში მცხოვრები 60 ოჯახიდან ახალი ბინა არც ერთს არ მიუღია.

დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში
დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მზისა მინაევი ამბობს, რომ მათ ყოფას აუტანელს ხდის ამორტიზებული სველი წერტილები და საერთო საპირფარეშო. განმარტავს, რომ ანტისანიტარიული მდგომარეობის გამო ზაფხულში ხშირად იწამლებიან:

„ოთხი სული ვართ ოჯახში და ორი საწოლი გვაქვს, ოთხივე იქ ვწევართ. სულ ორი ოთახია, აქედან ერთი - სამზარეულო და ერთი - საძინებელი. როგორ უნდა ვიცხოვროთ ასე? ჩვენთან საპირფარეშოში ადამიანი ვერ შევა, დაბინძურებულია და წყალი ჩამოდის“.

ჩემი პირადობა დაიჭირა ხელში, შემომხედა და ასე მკითხა, თქვენ ვისთვის მუშაობდით არჩევნების დროსო. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია, რომ მეორე მხარისთვის რომ ვმუშაობდი, მაგიტომ დამაკლეს ქულები...
იზოლდა გაბისონია

დევნილების ნაწილი ეჭვობს, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება პოლიტიკური შეხედულებების გამო „დაისაჯა“. გალელი იზოლდა გაბისონიას თქმით, ზაფხულში, როცა დასახლებაში სპეციალური კომისია მუშაობდა, მას პარტიული კუთვნილების შესახებ კითხვები დაუსვეს.

„ჩემი პირადობა დაიჭირა ხელში, შემომხედა და ასე მკითხა, თქვენ ვისთვის მუშაობდით არჩევნების დროსო. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია, რომ მეორე მხარისთვის რომ ვმუშაობდი, მაგიტომ დამაკლეს ქულები“, - ამბობს იზოლდა გაბისონია და დასძენს, რომ ის არჩევნებზე მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა.

როგორც დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი აცხადებს, ქულებით უკმაყოფილო მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ სამმართველოს პირველადი შედეგების გამოქვეყნებიდან (24 იანვარი) 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ბრალდებას, რომ ოჯახები შეიძლება პოლიტიკური ნიშნით შეირჩნენ, მანუჩარ ჩილაჩავა „აბსურდს“ უწოდებს.

დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში
დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში

„ასეთი რამე გამორიცხულია. თანაც კომისია ჩამოვიდა 2017 წლის დასაწყისში და არავინ არ ჰკითხავდა არავის, თქვენ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხართო. ასეთი რამე არ ყოფილა და ეს არის სრული აბსურდი. ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებნი სამმართველოში იმყოფებოდნენ და თითოეულ მათგანს ავუხსენი, ვის რა კრიტერიუმების გამო მიენიჭა დაბალი და მაღალი ქულები. საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ დანებისმიერს შეუძლია მოვიდეს და გაერკვიოს, ვის რაში აქვს ქულა“, - განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.

როგორც დევნილთა სამმართველოში განმარტავენ, ქულების მინიჭებისას უპირატესობა ენიჭება განსაკუთრებით მძიმე პირობებში მცხოვრებთ, ასევე ოჯახებს, რომელთა წევრები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი, აქვთ სოციალური სტატუსი და არიან ომის ვეტერანები.

XS
SM
MD
LG