Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ხუთმა დევნილმა პირი ამოიკერა პროტესტის ნიშნად


ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა ხუთმა დევნილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფებმა პროტესტის შესაბამის ფორმას ხუთდღიანი შიმშილობის აქციის შემდეგ მიმართეს, რომელსაც, მათი თქმით, შედეგი არ მოჰყოლია.

აქციის მონაწილეები ითხოვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულები გადაიხედოს. საუბარია ქულებზე, რომლის მიხედვითაც დევნილებს ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემენ. აქციის მონაწილეებს საავადმყოფოს შესასვლელთან კარავი აქვთ გაშლილი და იქ განაგრძობენ შიმშილობას.

გადმოწერა

გალიდან დევნილი თინათინ გრიგოლიას განცხადებით, მათ მოთხოვნას იზიარებს შენობაში მცხოვრები დანარჩენი 15 ოჯახიც, თუმცა ჯერჯერობით აქციის მსგავს ფორმას არ მიმართავენ.

„რატომ მივედით ასეთ უკიდურეს ზომამდე? იმიტომ, რომ არავინ გვაქცევს ყურადღებას. არავის არ აინტერესებს ჩვენი ბედი. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, კიდევ შევუერთდებით რამდენიმე“, - ამბობს თინათინ გრიგოლია.

„11 ადამიანი შიმშილობდა აქ. აქედან სამი ავადმყოფობის გამო გამოეთიშა, ხუთი კი იძულებული გახდა პირი ამოეკერა. თუ რამე შედეგი არ მოყვა ამას, სხვებიც შეუერთდებიან“, - გვითხრა გალიდან დევნილმა ქეთევან ჯობავამ.

აქციის მონაწილეების საპასუხოდ ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.

ტერიტორიული ორგანოს უფროს მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ დევნილებს და გადაწყდა, რომ მათ ამჟამინდელ საცხოვრებელ კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდეს. თუ დადგინდა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, გაიზრდება იქ მცხოვრებთათვის მინიჭებული ქულები.

მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, ბინები კონკურსის შესაბამისად განაწილდა. იწყება რვა ქულიდან და ოთახების რაოდენობის შესაბამისად იმატებს, განსახლებისას კი უპირატესობა ენიჭებათ ნგრევად ობიექტებში მცხოვრებთ.

„ისინი ამბობენ, რომ მძიმე საცხოვრებელ პირობებში არიან და უნდათ გადაყვანა, ქულების მომატება. გასაგებია. სამხარაულის ექსპერტიზაზე ჩვენთან შუამდგომლობით შემოსულები არიან. დაიდება დასკვნა და შესაბამისად მოემატებათ ქულები. კონკურსი ნიშნავს მათ განსახლებას ქულების მიხედვით. წარმომადგენელი სამინისტროდან, ვინც არის მონიტორინგის ჯგუფში, შეხვდა მათ, დაელაპარაკა და აუხსნა ყველაფერი. ეს შეხვედრა იყო აქ, დევნილთა სამმართველოში“, - განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.

მისი განმარტებით, მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კორპუსების მშენებლობა და თანდათანობით ყველა დევნილი დაკმაყოფილდება.

თავდაპირველად შიმშილობის აქცია 11-მა დევნილმა დაიწყო, კვირას კი სამმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა. აქციის მონაწილეები მოთხოვნების შესრულებამდე დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG