Accessibility links

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 144 დევნილ ოჯახს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორ თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადასცა.

პროცესი დილით საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. ეზოში შეიკრიბნენ ის პირები, რომლებმაც ამჯერად ახალი ფართის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს და ბინა ვერ მიიიღეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ჟანა ცაცუა, შეუძლოდ გახდა, მოგვიანებით კი ის პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიას გაარიდა.

ჟანა ცაცუა, დევნილთა ნაწილის მსგავსად, მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ბინები უკანონოდ, კორუფციის გზით გასცა. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებით, ფართის გარეშე დარჩნენ უმძიმეს პირობებში მცხოვრები ოჯახები:

ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდით ჩვენ, გაუსაძლის პირობებში. 25 წელია ამის მოლოდინში ვართ და გამართლდა დღეს. ძალიან ბედნიერები ვართ...

„შვიდქულიანებზე არ რიგდებაო, მაგრამ დარიგდა, იმიტომ რომ იყიდება, მაგრამ მე ვერ ვყიდულომ ამ ბინას, რადგან მე მიჭირს. გამყიდველები, ესენი! ერთს გაუხარეს გული, გაამწარეს ჩემი პატარა. თავს დავიწვავ“.

აქციის მონაწილეების აზრს, რომ ბინები კორუფციის გზით დარიგდა, არ ეთანხმებიან ახალმოსახლეები. ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ნგრევად ობიექტებში ცხოვრობდნენ და ახალი ფართის მიღებას ელოდებოდნენ.

„ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდით ჩვენ, გაუსაძლის პირობებში. 25 წელია ამის მოლოდინში ვართ და გამართლდა დღეს. ძალიან ბედნიერები ვართ“, - ამბობს გალელი ლეილა კვარაცხელია.

„ჩვენი კორპუსი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, იყო ავარიული. მე პირადად შვიდ-ნახევარი ქულა მქონდა, მაგრამ რადგან ავარიული იყო შენობა, მთლიანად ჩვიდმეტი ოჯახი გაგვიყვანეს იქედან“, - გვითხრა სალომე კოკაიამ.

72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

ახალი საცხოვრებელი კორპუსი დევნილებისთვის
ახალი საცხოვრებელი კორპუსი დევნილებისთვის

ახალ მცხოვრებლებს ბინის გასაღები მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და გოგი ფაცაციამ გადასცეს.

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, განსახლების პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია. მისი თქმით, ბინები მიიღეს დევნილებმა მძიმე საცხოვრებელი პირობების მიხედვით, ქულათა შეფასების სისტემით. გამონაკლისის სახით, ეს სისტემა არ მოქმედებდა მხოლოდ ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ ოჯახებზე:

„ამ კრიტერიუმების გარდა, ჩვენ დავხურეთ შვიდი ნგრევადი ობიექტი, საიდანაც ქულების მიხედვით გავიყვანეთ ოჯახები. ჩვენ არაერთი ნგრევადი ობიექტი დავხურეთ ასეთი პრინციპით და, რა თქმა უნდა, ის ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ ახლად აშენებულ კორპუსებში, თქვენ ხედავთ, რომ დამატებით ოთხ 12-სართულიან კორპუსს ვაშენებთ, რომელსაც კომპანია ოქტომბრის თვეში ჩაგვაბარებს. ასე რომ, ყველას ექნება შანსი, ვინც უბინაოა, არის უმძიმეს მდგომარეობაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდნენ“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მინისტრის მოადგილეებთან ერთად კენჭისყრის პროცედურას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც დაესწრნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG